„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ
„ასე წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაც ტრაექტორია, რომელზეც ბავშვმა ნორმალური განვითარების პირობებში უნდა იმუშაოს და ამ წუთას, მრავალრიცხოვანი კლასიდან ასეთი, რომელიც ბუნებრივად გაყვება ამ ტრაექტორიას, ამ პანდემიურ და ექსტრემალურ სიტუაციაში, არის მხოლოდ რამდენიმე. დანარჩენები ვერ გაყვებიან ამას ტემპში ან ადრე არსებული ჩამორჩენების გამო ან იმის გამო, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებულად ნიჭიერები“, – ასეთი დაშვება მოიყვანა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლების დანაკარგებზე საუბრისას USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „სწავლა-სწავლების“ დირექტორმა, გიორგი ნოზაძემ.
პროგრამა „სწავლა-სწავლება“ მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას. მისი ერთერთი მთავარი მიმართულება კი არის „ახალი სკოლის მოდელის“ სკოლებში ფართოდ გავრცელება, რომელიც თავის მხრივ, ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა გრძელვადიანი პროცესი იქნება და ჩავარდნის ამოვსება სწრაფად ვერ მოხდება. ამბობს, რომ დანაკარგის შესავსებად გარკვეული რეკომენდაციების პაკეტიც არის შემუშავებული, რომელიც USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის პროცესშიც გაჟღერდა და მათგან რამდენიმე მიმართულების გატარების შემთხვევაში, სკოლებს შეეძლებათ, რომ მაქსიმალურად მალე დაძლიონ არსებული დანაკარგი.
გიორგი ნოზაძე ხაზგასმით ამბობს, რომ დამატებითი მუშაობისას მნიშვნელოვანია ბავშვები არ გადაიღალონ და სასწავლო პროცესი სახალისო აქტივობებთან ერთად გაერთიანდეს. ის ვრცლად საუბრობს პაკეტში შემავალი რამდენიმე მიმართულებისა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
– ბატონო გიორგი, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, თქვენ სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების მიმართულებით ფასილიტატორი იყავით, უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ სკოლებში არსებული დანაკარგების შესახებ და მათი აღმოფხვრის გზებზე, რა გეგმით უნდა მოხდეს მუშაობა?
გიორგი ნოზაძე: როდესაც ვსაუბრობთ დანაკარგების აღმოფხვრაზე, გასათვალისწინებელია, რომ ყველა საგანი და ყველა ასაკი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მათემატიკის სწავლება. მათემატიკა არის ყველაზე აბსტრაქტული საგანი, რომელშიც თქვენ თითქმის ვერაფერს გამოტოვებთ. ყოველი მომდევნო ცნება და პროცედურა არის დაფუძნებული წინარე ცოდნაზე, თუ ბავშვს ის წინარე ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, მაშინ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა მას ურთულდება. სწორედ ამას ეხება ვერტიკალური კურიკულარული რევიზიის მიმართულება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაკი მე ვიცი, რომ მოცემული კლასის მასალა ეყრდნობა წინა წლების მასალებს, მე უნდა ვიპოვო ის კომპონენტები, რომლებიც ებმის სხვა წლის მასალას და გამოვყო ის მთავარი მიმართულებები, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა, შემდეგ კი მთელი ყურადღება ამ ნაწილებზე გავამახვილო.
რაც შეეხება პრიორიტეტიზაციას, ეს მიმართულება გულისხმობს იმას, რომ შეიძლება საგნებს შორის გადანაწილება მოხდეს, მაგალითად, როგორც ვთქვით, დაწყებითი კლასებში მათემატიკური და ენობრივი კომპეტენციები სხვებთან შედარებით უფრო პრობლემურია, შესაბამისად, აუცილებელია ამ საგნებზე მთავარი აქცენტის გაკეთება. პრიორიტეტიზაცია მეორე მხარესაც მოიცავს და ეს გულისხმობს უშუალოდ საგნის შიგნითვე არსებული პრიორიტეტების განსაზღვრას, ის თუ რომელი საკითხი არის საფუძველი მომდევნო საკითხებისთვის და რომელი მათგანი უნდა აღდგეს უპირველეს ყოვლისა.
ეს მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც ახალ საფეხურზე გადადიან და მეშვიდე კლასში, ალგებრის, გეომეტრიისა და სისტემური საგნების სწავლა უწევთ. ეს ბავშვები მომზადებულები უნდა იყვნენ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ამისთვის საკმარისი დახმარებაც უნდა ჰქონდეთ. რომ გადავხედოთ კონფერენციისას წარმოთქმულ აზრებს, ყველა მათგანი ხარჯტევადია. მაგალითად, კიდევ ერთი მიმართულება იყო ინტენსიური ტუტორინგი, ანუ ერთი-ერთზე სწავლება. ინტენსიურში იგულისხმება კვირაში სამჯერ შეხვედრა, სემესტრში 50 საათი. ეს კი უზარმაზარი დანახარჯია. წარმოიდგინეთ, რამდენი მოსწავლეა და რამდენი მასწავლებელი… დღის განმავლობაში ყველას არ შეუძლია დახმარება. ამიტომ არის საუბარი, რომ იქნებ დავიხმაროთ უფროსკლასელები, იქნებ დაგვეხმარონ უნივერსიტეტების განათლების ფაკულტეტის სტუდენტები, რადგან ერთი-ერთზე ტუტორინგის მიმართულება არის ყველაზე ეფექტური.
– კიდევ რა მიმართულებები გამოიყო კონფერენციის მუშაობის პროცესში, რომლებმაც სასწავლო დანაკარგების შევსებას უნდა შეუწყოს ხელი და რა დრო იქნება საჭირო?
– მინდა აღვნიშნო სასწავლო დროის გახანგრძლივების მიმართულებაზეც. საქართველოში არის ერთერთი ყველაზე მოკლე სასწავლო წელი. ეს იხსნება სიცხით, ეს იხსნება ტურისტული სეზონებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მოსწავლეთა დასაქმებით და ა.შ. ამ ვითარებაში კი დამატებით შეგვექმნა პრობლემა, ორწლიანი საგანგებო სიტუაცია, რომელმაც საბაზისო უნარებში დიდი ჩამორჩენა გამოიწვია.
როდესაც ჩვენ გვაქვს თითქმის ორწლიანი დანაკარგი სასწავლო პერიოდში, ეს მოაკლდა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ეს მოაკლდა მათ მოსწავლეებად ჩამოყალიბებას, ეს მოაკლდა მათ ფაქტობრივ ცოდნას და ინტელექტუალურ განვითარებას. ეს დანაკარგები კი ასე უცებ ვერ განახლდება და ამისთვის მოსაძებნია დროის რესურსი. დროის დანაკარგის აღდგენის გზა სამი მიმართულებით გამოიყო: 1. სასწავლო წლის გახანგრძლივება: მაგალითად, 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლა შეიძლება დაიწყოს პირველ სექტემბერს და 15 ივნისის ნაცვლად 30 ივნისს დასრულდეს. ეს არის დაახლოებით 4 კვირის დამატება, რაც ნაყოფიერად გამოყენების შემთხვევაში, არის უზარმაზარი დრო, რომ ეს ჩამორჩენა რაღაცნაირად გადავლახოთ. 2. საზაფხულო სწავლება: ჩვენ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეგვიძლია გადავანაწილოთ სასწავლო პროგრამა საკლასო და კლასგარეშე მუშაობაზე. ანუ, შემოვიღოთ საზაფხულო სწავლება. ეს უფრო იყოს ბანაკის ტიპის სწავლება, ვიდრე სასკოლო, რომ ბავშვებისთვის იყოს სახალისოც და მარტივად არ მოიბეზრონ. 3. სკოლაში გატარებული საათების გაზრდა: პანდემიის პირობებში, სკოლებში სასწავლო საგნის სამეცადინო დრო ძალიან შეიკვეცა. მაგალითად, დაწყებით კლასებში, პანდემიის პირობებში, მათემატიკა 5 საათის ნაცვლად 3 საათით ტარდებოდა და ის 3 საათი იყო არასრული 3 საათი ან სტანდარტული 40-45 წუთი, არამედ ფაქტობრივად 20 წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათი. ეს ასე ხდებოდა სხვა საგნებშიც, რომლებსაც ახლა ანაზღაურება სჭირდებათ.
იმ პერიოდში, როცა გათბობა და უშუქობა მაინც არ არის პრობლემა, გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი. 09:00 საათზე კი არ მივიდეს მოსწავლე სკოლაში და 13:00 საათზე წამოვიდეს, არამედ, მას ჰქონდეს კვების და დასვენების საშუალება და სკოლაში გატარებული დრო გახანგრძლივდეს 3-4 საათამდე. მნიშვნელოვანია, ამ დროში მოსწავლე სხვადასხვა აქტივობებით დაკავდეს, რომ იგი არ გადაიქანცოს. სკოლებს ჰქონდეთ სახალისო, სათამაშო ფიზიკური აქტივობებიც, მაგრამ ბავშვმა 3 საათის ნაცვლად, 5 საათი იმეცადინოს ისე, რომ არ გადაიწვას, არ გადაიქანცოს და ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული, სწორედ იმ პრიორიტეტული საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ეს ყველაფერი სკოლებმა საკუთარ თავზე უნდა მოირგონ, ანუ არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ყველა მათგანის შემთხვევაში გაამართლებს. სკოლებმა უნდა აწონ-დაწონონ მათი რესურსები და იმის მიხედვით დაგეგმონ აქტივობები.
– დროის გახანგრძლივების რეკომენდაციის შესახებ ჩვენმა რედაქციამ კონფერენციის მიმდინარეობის პროცესშივე გამოაქვეყნა ინფორმაცია და უნდა გითხრათ, რომ საზოგადოების, მშობლებისა და საგანმანათლებლო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ – რას ეტყოდით მათ?
– მე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს კლავს არა სკოლაში გატარებული საათების რაოდენობა, არამედ ამ საათების არაეფექტურობა. კლავს სკოლების აქტივობების შეუსაბამობა ამ მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან და იმ რესურსების ნაკლებობა, რომლებიც ასაკობრივად შეეფერებათ ბავშვებს.
ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და საზოგადოებაშიც რაღაცნაირად უნდა ვიმუშაოთ. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოს განვითარებაში საჭიროა გარდატეხა, თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, არ ვიყოთ მაჩანჩალა და სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა. შევხედოთ, ჩვენი ქვეყანა, რომელიც იყო რეგიონალური ცენტრი მეცნიერებაშიც, ტექნოლოგიებშიც, ხელოვნებაში თუ კულტურაშიც, დღეს მას საკუთარი როლი აქვს დაკარგული. ეს გამოიწვია განათლების დონის ვარდნამ, არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ საზოგადოების მხრიდან და ქვეყნიდან პროფესიონალების ნელ-ნელა გადინებამ. თუ არ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება და საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, რომ თავის ადგილზე იდგეს მასწავლებელიც, თვითონაც, დირექტორიც და მინისტრიც, მაშინ არაფერი არ გამოვა.
– რა არის პირველი ნაბიჯები, რაც პანდემიის შედეგად გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შესახებ ჩატარებული კონფერენციის შემდეგ გადაიდგმება?
– ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან. როგორც ნახეთ, ჩვენ, დონორული პროგრამების, უნივერსიტეტებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ერთ მაგიდაზე ვიჯექით კონფერენციის მიმდინარეობისას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ კონფერენციის ფარგლებში რა რეკომენდაციებსაც შევიმუშავებთ, ეს რეკომენდაციების პაკეტი იქნას დეტალურად განხილული და დამუშავებული, იქნას შეფასებული, რა არის მოცემულ პირობებში ყველაზე რეალისტური და ავირჩევთ რამდენიმე ასეთ სტრატეგიულ მიმართულებას. ამას აკეთებს სამინისტრო, ამას აკეთებენ სკოლები, სკოლების დირექტორები და ადმინისტრაცია. ამას აკეთებენ მასწავლებლებიც, რომ რაც შეიძლება მალე გადაიდგას სათანადო ნაბიჯები დანაკლისის დასაძლევად.
ეს კონფერენცია მაისში იმიტომ ჩატარდა, რომ ზაფხული კიდევ წინ არის. სექტემბერი რომ მოვა და სასწავლო პერიოდი დაიწყება, ჩვენ მომზადებულები უნდა დავხვდეთ ამ პერიოდს. ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი სასწავლო წელი. არამედ, სპეციფიკური, დახუნძლული და გაძლიერებული, რადგან გადასალახი გვაქვს ის, რაც ვერ გადავლახეთ წინა ორი წლის განმავლობაში. თუ ჩვენ ამ პერიოდს ეფექტურად გამოვიყენებთ, შევძლებთ, რომ არამხოლოდ დავაკვალიანოთ პედაგოგები, არამედ გარკვეული რესურსების პაკეტითაც კი უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, რომ ეს პრობლემა საყოველთაოა და მასში ყველას ჩართვა თანაბრად არის საჭირო, პანდემიის შედეგების დაძლევას ვერ შევძლებთ და გვეყოლება კიდევ ერთი, ორი ან სამი ტალღა საკმარისი ცოდნისა და ინტელექტუალური განვითარების არმქონე ახალგაზრდებისა. ამ შემთხვევაში კი ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
ამავე თემაზე:
სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას
ესაუბრა გოგა ნიჟარაძე
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება