GE

ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების შემთხვევაში, უნივერსიტეტებს ცვლილების ასახვისთვის ვადები განესაზღვრათ – ბრძანება

„სამაგისტროს გამოცდის ჩატარებისა და სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილება შევიდა.

ბრძანებით, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა, განისაზღვრა ვადები, რა დროშიც უმაღლესმა საწავლო დაწესებულებებმა ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში განახლებული ანკეტა და ანოტაცია უნდა ასახონ. კერძოდ, ამ მონაცემების ასახვისთვის უმაღლეს სასწავლებლებს დრო 1-15 ივნისის და 5-15 სექტემბრის პერიოდში ექნებათ.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია სამაგისტრო გამოცდის წლის:

ა) 1 ივნისიდან 15 ივნისამდე;
ბ) 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.

„საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად“, – წერია ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური