ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ სკოლა 1500-მდე მასწავლებელმა დატოვა – როგორ შეძლებენ ისინი სისტემაში დაბრუნებას
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდა, საჯარო სკოლების დატოვება 1500-მდე პედაგოგს მოუხდა. ესენი ის პირები არიან, რომლებსაც არ ჰქონდათ დაგროვებული 14 ან მეტი კრედიტი და ასევე დარეგისტრირებულები არ არიან შემოდგომაზე დაგეგმილ პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდაზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, რომ ასეთ მასწავლებლებს, სისტემაში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ყველა იმ გზის გავლა დასჭირდებათ, რასაც პროფესიაში შემომსვლელი პირები გადიან.
„ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც არ იყვნენ არც გამოცდაზე დარეგისტრირებულები, ამავდროულად არ ჰქონდათ სულ მცირე 14 კრედიტი მაინც, ამ შემთხვევაში, ასეთ მასწავლებლებთან გაწყდა კონტრაქტი. გამოცხადდა ვაკანსიები. სკოლებმა უკვე ჩაატარეს გასაუბრებები და ახლა ვიღებთ ნელ-ნელა ინფორმაციებს თუკი სადმე დარჩა დეფიციტი. ჯერჯერობით არანაირი მწვავე დეფიციტი, ისეთი, რომ სკოლას ადგილზე არ შეეძლოს გამკლავება, არა ჩანს. ასეთი იყო 1 500-მდე მასწავლებელი. ის ადამიანი, ვინც უკვე სკოლაში აღარ არის, თუ გადაწყვიტა ხელახლა სკოლაში შემოსვლა, ჩვეულებრივ პროფესიაში შესვლას და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას რაც სჭირდება, ის გზა ექნება გასავლელი. მას უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საგანი, სადაც 60-პროცენტზე მეტი უნდა გადალახოს, უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კვალიფიკაცია, ან შესაბამისი პროცედურების დაცვით გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა, ანუ ყველა ის გზა უნდა გაიაროს, რასაც პროფესიაში შესვლისთვის სხვა ნებისმიერ ადამიანს ვთხოვთ. ხოლო იმ შემთხვევში, თუ სკოლას არ ჰყავს ალტერნატიული კადრი, შეუძლია ასეთ მასწავლებელს ხელშეკრულება გაუგრძელოს, თუმცა ის იქნება უსტატუსო“, – ამბობს მანანა რატიანი EDU.ARIS.GE–სთან საუბარში.
მისივე თქმით, სისტემაში დაახლოებით 4 500-მდეა ისეთი უსტატუსო პედაგოგი, რომლებიც ფლობენ 14 კრედიტს და ამ ეტაპზე გადიან სხვადასხვა ტრენინგს, რომ დამატებითი კრედიტები დააგროვონ და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღება შეძლონ. მათ შესახებ ინფორმაცია 30 სექტემბრამდე გახდება ცნობილი.
„4 500-მდე გვყავდა ისეთი პედაგოგი, რომლებსაც 14 კრედიტი ჰქონდათ დაგროვებული, მათ ჩვენ მივეცით საშუალება, რომ 5-კრედიტიანი ტრენინგების საშუალებით გაეუმჯობესებინათ კომპეტენცია, განვითარებულიყვნენ და კრედიტები მოეპოვებინათ. ვინც გამოიყენა ეს შესაძლობლობა, მათ სტატუსი შეეცვლებათ თუ 19 კრედიტქულას მოაგროვებენ. მათ შესახებ ინფორმაცია უკვე 30 სექტემბრამდე გახდება ცნობილი“, – ამბობს მანანა რატიანი.
მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის განცხადებით, შემოდგომაზე ორგანიზებულ პედაგოგთა გამოცდაზე 4 700-მდე პრაქტიკოსი პედაგოგია დარეგისტრირებული, რომლებიც პარალელურად გარკვეულ ტრენინგებს გადიან და გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათი სტატუსის მინიჭებაც მოხდება.
„ამავდროულად, ჩვენ გვყავს 4 700-მდე მასწავლებელი, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან გამოცდაზე. თუ როგორ დასრულდება მათი სტატუსის ცვლილება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ჩააბარებენ გამოცდას. ვიცით, რომ შემოდგომაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათთვის ორგანიზებას გაუკეთებს გამოცდას. ამავდროულად, ჩვენ ამ მასწავლებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გარკვეული ტრენინგები გაიარონ და პროფესიულად განვითარდნენ იმიტომ, რომ შეიძლება პროფესიაში დარჩნენ. ჩვენი ინტერესია, რომ მათი კომპეტენციები ამაღლდეს. შესაბამისად, მათი სტატუსის შესახებ იმის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილება რა შედეგები ექნებათ და რამდენ კრედიტს მოაგროვებენ, მათთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მიიღება გადაწყვეტილება. ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია. ძალიან ბევრი შესაძლებლობა მიეცათ მასწავლებლებს იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ სტატუსი და პროფესიულად განვითარებულიყვნენ, მართლაც ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა მათთვის”, – განმარტავს მანანა რატიანი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება