GE

ახალი ვალდებულება უნივერსიტეტებს – რას ნიშნავს უნივერსიტეტების მესამე მისია და რას გეგმავს განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ხედვა უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ.

როგორც შემუშავებულ დოკუმენტშია განმარტებული, განათლების მზარდმა გლობალიზაციამ და ინტერნაციონალიზაციამ, ეკონომიკურმა განვითარებამ, ბიძგი მისცა უნივერსიტეტს გადაეხედა საკუთარი როლისთვის, რომელიც აქამდე ძირითადად ფოკუსირებული იყო სწავლებასა და კვლევებზე და ეტვირთა მესამე მისია, რომელიც საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში მონაწილეობას გულისხმობს.

“ფართო გაგებით უნივერსიტეტების მესამე მისია შესაძლოა გაგებულ იქნეს როგორც უნივერსიტეტის მხრიდან უანგარო ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობისთვის კონკრეტული აქტივობების შესრულებისა და კომუნიკაციის გზით და მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფართო საზოგადოების თანამშრომლობას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე, რაც დაკავშირებულია სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჰორიზონტალურ ანგარიშვალდებულებასთან”, – წერია ხედვაში.

ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მომავალში უნივერსიტეტის მესამე მისია ამ ინსტიტუციის როლის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

შემუშავებული ხედვის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც გულისხმობს: დღეისათვის საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განიმარტება როგორც „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. კანონი არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითადი საქმიანობისა და უფლებამოსილების ნაწილში არ ახსენებს უნივერსიტეტების მესამე მისიას. მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ფართო საზოგადოების ჩართულობით.

გაიზრდება უნივერსიტეტების ანგარიშვალდებულება მესამე მისიის ნაწილში: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტების მესამე მისიის საკითხი, როგორც დაწესებულების ინსტიტუციური შეფასების მექანიზმი. მესამე მისიის აქტივობების გაძლიერებას ავტორიზაციის სტანდარტებში პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო და განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი ექნება. რამდენადაც ავტორიზაციის სტანდარტების ერთ-ერთძირითად პრინციპს უსდ-ების ავტონომიურობა წარმოადგენს, სწორედ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა იქნება მესამე მისიის აქტივობების უნივერსიტეტის მისიასა და ხედვასთან შესაბამისობაში დაგეგმვა და განხორციელება. ცვლილებების კვალდაკვალ ჩატარდება შესაბამისი ტრენინგები პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტისთვის.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება უნდა მოიცავდეს მესამე მისიის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება წარმოადგენს. შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელი აკადემიურ და სამეცნიერო მიღწევებთან ერთად, გაითვალისწინებს უნივერსიტეტების მესამე მისიის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. თავის მხრივ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყოფა, რაშიც მათ მხარს დაუჭერს სახელმწიფო. მნიშნელოვანია უნივერსიტეტებმა სისტემატურად განახორციელონ მათ მიერ განსაზღვრული მესამე მისიის აქტივობების შეფასება.

რა და როგორ უნდა გააკეთონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, იგილეთ ხედვის დოკუმენტში 6,7,8 გვერდები)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური