ახერხებს თუ ვერა სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლის დაინტერესებას? – „წიგნის მიმზიდველობა ყდიდან უნდა იწყებოდეს“
„პარაგრაფების რაოდენობა უნდა შემცირდეს და კლასების მიხედვით სწორად გადანაწილდეს, ასე სახელმძღვანელო უფრო საინტერესო იქნება, თითო გაკვეთილს მეტი დრო დაეთმობა და მასალაც ბოლომდე ამოიწურება“, – ასე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას EDU.ARIS.GE-სთან საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ეკა ჯორკოშვილი, რომელსაც ვკითხეთ, თუ რამდენად ახერხებს სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეების დაინტერესებას და რა უნდა შეიცვალოს მათში, რომ მეტად გამოიწვიონ წაკითხვისა და სწავლის ინტერესი.
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს სასკოლო საგნის სტანდარტების განახლების პროცესი, რომელსაც მომავალში თითოეული სასკოლო სახელმძღვანელო დაეფუძნება.
„ეროვნული სასწავლო გეგმის მეორე თავის მთლინად გადახედვა მიდის, რომელიც სასკოლო საგნების სტანდარტებს ეხება. სასკოლო საგნების სტანდარტი მოგეხსენებათ, ეს არის ის ყველაზე ძირეული საკითხები, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა დაეფუძნოს თითოეული სახელმძღვანელო და მათ შორის ეროვნული სასწავლო გეგმა. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის შუა რიცხვებამდე ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლება-გადახედვა დასრულდება და შესაბამისად, უკვე დავიწყებთ სახელმძღვანელოების მორგებას ახალ სასკოლო სტანდარტებთან. ამ კუთხით რიგი სიახლებიც გვექნება 2024 წელს”, – განაცხადა გასულ კვირას განათლების მინისტრმა.
საკითხზე საუბრისას ეკა ჯორკოშვილი ჰყვება, რომ წიგნები გადატვირთულია უამრავი მასალით, რის გამოც წლის განმავლობაში პროგრამის მთლიანად გავლა ვერ ხერხდება. ამის მაგალითად მოსწავლეს ქართული და ისტორია მოჰყავს და ამბობს, რომ „ამ საგნებში ბოლო რამდენიმე გაკვეთილი ყოველთვის შეუსწავლელი რჩებათ“.
ეკა კლასებში მასალის არასწორი გადანაწილების საკითხს ისტორიის წიგნის მიხედვით განიხილავს და გვეუბნება, რომ მეათე კლასის ისტორიის წიგნში ფაქტობრივად არაფერი ისწავლება, მეთერთმეტე-მეთორმეტეს სახელმძღვანელოები კი, ისევე როგორც მეშვიდე-მერვე კლასების, მთელი მსოფლიო ისტორიაა.
„მე-10 კლასში უნდა ისწავლებოდეს იმის ნაწილი, რაც მეთერთმეტე კლასიდან იწყება. პარაგრაფების ამოღებისა და სწორი განაწილების საკითხს ყველა საგნისთვის საჭიროდ ვთვლი. მთავარი ხომ შესწავლის ხარისხია და არა შესწავლილი ტექსტების რაოდენობა, ხოლო როცა პროგრამის მოსწრებაზე ვფიქრობთ, იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ბავშვისთვის გაკვეთილი არ არის საკმარისი ერთი ტექსტის ასათვისებლად და „გადარბენით“ გავლილი პროგრამა მისთვის მეტად უინტერესო ხდება“, – გვიხსნის მეთერთმეტეკლასელი.
სასწავლი მასალის სწორად განაწილების მნიშვნელობაზე გვესაუბრა მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ბაკარანძეც, რომელიც აგრეთვე წიგნის ვიზუალურ მხარეს და ნაკლებად დატვირთული გვერდების საჭიროებასაც უსვამს ხაზს.
„მართალია, წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო, თუმცა სასკოლო წიგნის მიმზიდველობა ყდიდან უნდა იწყებოდეს და მასში ყოველი გაკვეთილი მოსწავლის ინტერესების მიხედვით იყოს შერჩეული. გარდა თემებისა, მნიშვნელოვანია საკითხებისა და თემების სწორად გადანაწილება და მიმზიდველი დიზაინი. მაგალითად, მათემატიკის წიგნში ერთ გვერდზე, ერთმანეთთან ახლოს იმდენი მაგალითი წერია, შესაძლოა, ამან მოსწავლე „შეაშინოს“ და მათზე მუშაობის სურვილი გაუქროს“, – ამბობს ანა ბაკარანძე.
ჩვენი რესპონდენტების საერთო აზრია, რომ მეტი საინტერესოობისთვის სახელმძღვანელოების ვიზუალური მხარე დაიხვეწოს. მაგალითად, მერვეკლასელი თორნიკე პაპიაშვილისთვის სახელმძღვანელოები მეტად საინტერესო გახდება, თუ მას „მეტ ილუსტრაციას დავურთავთ, განსაკუთრებით კი დაბალ კლასებში, რადგან ეს მათ დაინტერესებას გამოიწვევს“.
მეათეკლასელი სოფო ჭკადუა კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია „ფერადი და სხვადასხვა ნამუშევრებით დატვირთული ვიზუალი“, რის მეშვეობითაც ბავშვი სწავლას მარტივ, სახალისო, შემეცნებით და საინტერესო პროცესად აღიქვამს.
„ბევრი ტექსტი მოსწავლეს აშინებს და წაკითხვის სურვილს უკარგავს. თუ წიგნი მეტი საინტერესო სურათებით, ნახატებით, ცხრილებითა და ნახაზებით იქნება დატვირთული, ვიზუალური თხრობის ელემენტების მრავალფეროვნება ბავშვს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ინტერესსაც გაზრდის. მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქიმიისა და ბიოლოგიის წიგნი, რადგან იქ ნაკლები ტექსტი და მეტი ვიზუალური მასალაა, რაც სწავლაში მეხმარება. მხოლოდ ტექსტური სახელმძღვანელოები ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ, ზედმეტი წინადადებები ამოსაღები და შესამოკლებელია. რაც შეეხება ქართულს, სადაც ტექსტი ასე ვერ შემოკლდება, აქ უბრალოდ ისეთი ელემენტები უნდა დაემატოს წიგნს, რომ დიდი ტექსტების მიუხედავად, მოსწავლემ საგნის ინტერესი არ დაკარგოს“, – გვიხსნის სოფო ჭკადუა.
EDU.ARIS.GE-სთან სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარეს განიხილავს მეცხრე კლასის მოსწავლე, ლიზი ჯიმშელეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „წიგნში ნებისმიერ თემაზე პარალელი მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან უნდა გაივლოს, რადგან ამით ბავშვი უფრო დაინტერესდება“. ასეთ საჭიროებას ლიზი ყველაზე მეტად ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ხედავს, რადგან მისი თქმით, მოსწავლეებს უმეტესად ამ საგნებით დაინტერესება უჭირთ.
ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნში გრამატიკა ფაქტობრივად არ ისწავლება და ძირითადი აქცენტი ლიტერატურაზეა გაკეთებული. მეცხრეკლასელმა არ იცის, რა მასალის ამოღების ხარჯზე უნდა შეივსოს სახელმძღვანელო ქართული ენის გრამატიკის საკითხებით, თუმცა მის სიმცირეს გრძნობს და გვიდასტურებს.
დაწყებითი კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებით უკმაყოფილო მშობლების კრიტიკა ხშირად ისმის სოციალური ქსელებიდან. ამბობენ, რომ რადგან თავად არიან ჩართული შვილის მეცადინეობის პროცესში, იციან კიდეც, თუ როგორი წიგნი აინტერესებთ მათ შვილებს.
EDU.ARIS.GE პირველკლასელის მშობელს, მარიამ ბეგაშვილს ესაუბრა, რათა გაგვერკვია, რამდენად აინტერესებთ სასკოლო სახელმძღვანელოები პირველი კლასის მოსწავლეებს.
მშობელი ფიქრობს, რომ პირველკლასელების პროგრამა საკმაოდ რთულია, რაც მასალით დაინტერესებას ხელს უშლის. პირადი და სხვების გამოცდილების მაგალითზე კი გვეუბნება, რომ არის სავარჯიშოები, რომლებსაც არათუ ბავშვები, არამედ მშობლებიც ვერ იგებენ და სპეციალურ ჯგუფებში ერთმანეთს ეხმარებიან, რათა შვილებს დავალებები დააწერინონ.
„იმის ნაცვლად, რომ მეცადინეობა მხიარული პროცესი იყოს, ჩვენთვის ეს თავსატეხად იქცა. არამარტო ჩვენთვის, ამას ჩემი შვილის თანატოლების მაგალითზეც ვამბობ. რა თქმა უნდა, რაც მეტს ისწავლიან კარგია, მაგრამ მგონია, რომ წიგნი პირველი კლასის მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული და არა მშობლის. ისიც მესმის, რომ დახმარება აუცილებელია, თუმცა ის, რომ ბავშვი საერთოდ ვერ იგებდეს თუ რის გაკეთებას სთხოვს წიგნი, ხოლო მშობელი იჯდეს და კარნახობდეს -არასწორად მიმაჩნია. თანაც, სწავლის პირველ ეტაპზევე დიდმა ტექსტებმა და გაურკვეველმა სავარჯიშოებმა, შესაძლოა, ბავშვს ინტერესი დაუკარგოს“, – აცხადებს მარიამ ბეგაშვილი.
საკუთარი შეხედულება გაგვიზიარა ჩვენი სტატიის ყველაზე პატარა რესპონდენტმაც. მეოთხეკლასელი ნატალი ტალახაძის სურვილი ჩვენთვის მოულოდნელი იყო:
„კარგი იქნება, ყველა მოთხრობას და ლექსს შესაბამისი ნახატი ჰქონდეს, ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. ასევე, მე-5 კლასამდე ჩვენ არ ვსწავლობთ ისტორიას და ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ მაგალითად მე და საზოგადოების წიგნში ან სხვა წიგნებში ცოტა რამ წინაპრების შესახებ ისწავლებოდეს, ან საერთოდ ისტორია ისწავლებოდეს მე-4 კლასიდან“.
სტატიაზე მუშაობისას EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხულები სახელმძღვანელოების საინტერესოობის გაზრდისთვის ვიზუალური, შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებებზე საუბრობენ. სწორედ ესაა სასკოლო საზოგადოების გზავნილი საგნების სტანდარტების გადახედვის პროცესში მონაწილე სპეციალისტებისადმი.
ასევე იხილეთ:
გიორგი ამილახვარმა სასკოლო საგნების სტანდარტების განახლების დასრულების დრო გამოაცხადა
მოამზადა თამუნა კირკიტაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება