რატომ საკონტროლო წერა? – „მქონია შემთხვევა, როცა ორჯერ და სამჯერ დავაწერინე შემაჯამებელი, რადგან მოსწავლემ საერთოდ ვერ მიიღო ქულა“
საკონტროლო წერა დღემდე რჩება საქართველოს სკოლებში მოსწავლის გამოკითხვისა და შედეგების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად. კითხვაზე, თუ რეალურად როგორია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ყველაზე უკეთ PISA 2022-ის შედეგები გვპასუხობს: „საქართველოში 15 წლის მოსწავლეების შედეგები მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებშია გაზრდილი და ისიც 1 ქულით. ამავე კვლევის შედეგების თანახმად, საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით“.
რა ხედვა აქვს განათლების მინისტრს, სამინისტროს კონკრეტულად PISA-ს კვლევის შედეგებში საქართველოს მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, ამაზე გიორგი ამილახვარს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში 5 თებერვალსაც დაუსვეს კითხვები, თუმცა პასუხი კონკრეტული არ ყოფილა. ზოგადი ხედვა კი დაუკავშირდა ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებსა და საგნის სტანდარტების გადახედვის მიმდინარე პროცესს.
სწავლების რა მიდგომებმა შეიძლება გააუმჯობესოს მოსწავლეთა შედეგები და სწორია თუ არა საკონტროლო წერის ტრადიციის შენარჩუნება აკადემიური მოსწრების შეფასებისთვის, ან რა ეფექტურმა მეთოდმა შეიძლება ჩაანაცვლოს საკონტროლო წერა სკოლაში, რომელიც მოზარდის საგანმანათლებლო შედეგებს წაადგება, ამ საკითხზე პოზიციების მოსასმენად საგანმანათლებლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან გასაუბრება ვცადეთ.
ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამკვიდრებს მოსწავლის კომპლექსურ დავალებას, რომელიც ყველა კერძო თუ სახელმწიფო კვლევის თანახმად, გადაულახავ დილემად არის ქცეული როგორც მასწავლებლის, ისე მშობლისა და მოსწავლისთვის – მიზეზი მრავალგვარია.
„საკონტროლო წერაზე შეყვარებულ მასწავლებლებს კომპლექსურ/პროექტულ დავალებებს ვერ მოაწონებ, ცხადია“, – ასე გამოეხმაურა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთ სტატიას მარიამ ჩიქობავა – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ამ პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრება იქვე დააფიქსირა ერთ-ერთმა პედაგოგმა და სამინისტროს წარმომადგენელს რადიკალიზმი დაუწუნა:
„მგონი, ცდებით და რადიკალიზმში ვარდებით: შემაჯამებელს თავისი ფუნქცია აქვს, კომპლექსურ და პროექტულ მუშაობას თავისი და ნებისმიერ სხვა აქტივობას თავისი… სრულყოფილი არცერთია, ამიტომ მათი გონივრულად გაერთიანებას ვინც შეძლებს, ის მასწავლებელი გაიმარჯვებს, ალბათ… რაც შეეხება შედეგს, ვერანაირი რეფორმა ვერ შეძლებს იმას, რომ კლასის 30 მოსწავლიდან ყველამ ერთნაირი შედეგი დადოს და არცაა აუცილებელი. გონებრივი შესაძლებლობაც ხომაა გასათვალისწინებელი?! გენიოსები იშვიათად იბადებიან და მე-12 კლასიდან მოსწავლეების 90% რომ „გადადის“ პირველ კურსზე საქართველოში, არც ესაა ჯანსაღი პროცესი“.
EDU.ARIS.GE-ს პირველი რესპონდენტი, ქართლოს ქარჩხაძე საკონტროლო წერას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი ეფექტურობისთვის კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობს:
„საკონტროლოს წერის დროს მოსწავლეებმა უნდა მოიკრიბონ სააზროვნო უნარები და შემდეგ თავიანთი აზრები ფურცელზე გადაიტანონ. ამით მათ მეტად უვითარდებათ წაკითხულის გააზრების, გადმოცემისა და მსჯელობის შესაძლებლობები“, – ფიქრობს მასწავლებელი, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ საკონტროლო წერა, სხვა აქტივობებთან ერთად, ეხმარება მოსწავლეს განვითარებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში, „თუმცა არა ნებისმიერ შემთხვევაში“.
პედაგოგი გვიხსნის, რომ საკონტროლო წერა მაშინაა შედეგიანი, როცა მასწავლებლები მოსწავლეებს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევენ და აგრეთვე უხსნიან, რომ ეს აქტივობა უბრალოდ საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და მათ გამოცდას კი არა, განვითარებას ემსახურება.
ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა შეამცირებს სტრესს ბავშვებში და დაეხმარება მათ ცოდნის გამოვლენაში.
„მასწავლებლების მიდგომა უნდა შეიცვალოს. საკონტროლო უნდა არსებობდეს, თუმცა ის უნდა იყოს გამოკითხვის ერთ-ერთი კომპონენტი, დაწერილი ქულა კი იქნება მიმდინარე ნიშანი – ბავშვის განმავითარებელი და არა საბოლოო ქულის განმსაზღვრელი. საკონტროლოში მოსწავლე ხედავს თავის შეცდომებს და შანი აქვს განვითარდეს, გამოასწოროს შეცდომები შემდეგ წერამდე“, – გვეუბნება ქართლოს ქარჩხაძე.
ისტორიის მასწავლებელი საკონტროლო წერის ფორმატის მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სწორედ ფორმატი განსაზღვრავს, თუ რამდენად დაეხმარება საკონტროლო მოსწავლეს განვითარებაში.
პედაგოგს „ლატარიის პრინციპის“ ტესტური დავალებები არაეფექტურად, ხოლო იმ ტიპის დავალებები, სადაც ბავშვი საკუთარ მოსაზრებებსა და მსჯელობას გამოავლენს, საჭიროდ მიაჩნია. საკუთარ მაგალითსა და მიდგომას კი ასე გვიხასიათებს:
„მე, მაგალითად, ვაძლევ ღია ტიპის დავალებებს, სადაც თავისი აზრი უნდა დააფიქსირონ და შეაფასონ მოვლენები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელმა უნდა იცოდეს მოსწავლის აზრი კონკრეტულ საკითხზე. აგრეთვე, ვაძლევ სავარჯიშოს, სადაც თავი ისტორიული პერსონაჟის როლში უნდა წარმოიდგინონ და დაწერონ რა გააკეთეს, ან რას გააკეთებდნენ ამ პერსონაჟის ადგილზე. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ გავაკეთე ასეთი რამ დავით აღმაშენებლის ეპოქაზე: ერთი მოსწავლე იყო ჯვაროსნების წარმომადგენლი, ანუ ბოლდუინის რეგენტი, დაწერა როგორ შეხვდა მეფეს… მეორე დავითის ერთ-ერთი სარდალი იყო და ა. შ. ამან ძალიან გაამართლა, რადგან ცოდნის შეძენასთან ერთად, მათი მსჯელობის უნარი და მხატვრული აზროვნება წარმოაჩინა“.
ჩვენი მეორე რესპონდენტი 36 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგია და მისი აზრით, საკონტროლო წერის არსებობის აუცილებლობა დღეს აღარ დგას, რადგან ის ფორმალობაა და მოსწავლეს ვერ ავითარებს.
„ამდენწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შედეგად ვამბობ, რომ რასაც ვხედავ უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. მოსწავლე, რომელიც სწავლობს კარგად, იმ ერთი დღისთვის(საკონტროლო წერის დღე) მოინდომებს და მოემზადება, სხვა დანარჩენები მისგან გადაიწერენ. ანუ, საკონტროლო წერა მოსწავლის დონის შეფასება კი არ არის და მის ცოდნას კი არ უყრის თავს კონკრეტული დავალებით, არამედ ფორმალურ ხასიათს იღებს“, – გვიხსნის მაღალკლასელი მოსწავლეების პედაგოგი.
EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეების მძიმე შედეგებსა და წაკითხულის გააზრების პრობლემაზეც, რის ერთ-ერთ მიზეზად დაწყებით კლასებში საჭირო უნარების ვერგანვითარებას ასახელებს:
„მქონია ისეთი შემთხვევა, როცა ორჯერ და სამჯერ დავაწერინე შემაჯამებელი დავალება იმიტომ, რომ მოსწავლემ საერთოდ ვერ მიიღო ქულა. 15 წლამდე ბავშვების საერთო სენია ის, რომ წაკითხულის გააზრება უჭირთ. მაგალითად, რომ მივცეთ ტექსტი, რომლის ანალიზის შედეგად კითხვებს უნდა უპასუხონ, მოსწავლეების უმრავლესობა ამას ვერ მოახერხებს. მოსულია მე-7 კლასში ბავშვი, რომელიც ვერ კითხულობს, გამართულად – კითხვა დაწყებით კლასებში არ უსწავლია. მე-7 კლასში წერა-კითხვას ვერ ასწავლი მოსწავლეს და თუ ვერ წაიკითხავს, შესაბამისად ვერც გააანალიზებს. მით უმეტეს, ამ ასაკის ბავშვების გონება თამაშზე და სოციალურ ქსელებზეა გადართული, თუ მათ დაწყებითი კლასებიდან არ აქვთ საფუძველი, ვერ დაამახსოვრებინებ მასალას“.
ჩვენი რესპონდენტი გარკვეულწილად განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, მარიამ ჩიქობავას პოზიციასაც ეხმიანება და ამბობს, რომ კომპლექსური დავალება საკონტროლო წერის კარგი ალტერნატივაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ კომპპლექსურს თავად მოსწავლე შეასრულებს, რაც ახლა ასე არ არის.
პედაგოგი გვიხსნის, რომ ხშირად კომპლექსურ დავალებას მშობლები წერენ, რითაც იკარგება ამ დავალების მთავარი არსი – მოსწავლის კარგ შედეგზე გაყვანა.
„კომპლექსური დავალება ფურცლომანიად იქცა, რადგან მასწავლებლები ვალდებულები არიან, ატვირთონ ყველაფერი მისი მატრიცებით, ბარათით, მოცემული დავალებებით, ფოტომასალით, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. თუ ამდენი რამ საჭირო აღარ იქნება და მოსწავლის გაკეთებული დავალებები მასწავლებლებს ერთ ფაილში ექნებათ თავმოყრილი, მოსწავლეების განვითარებისთვის უფრო მეტი დრო დარჩებათ და უკეთესი შედეგების მიღწევაშიც მეტად დაეხმარებიან“.
გამოცდილ მასწავლებელს გამოსავლად მიაჩნია იაპონიის სკოლების გამოცდილების დანერგვა, რომლის მიხედვითაც დაწყებითი საფეხური მთავრდება მაშინ, როცა მოსწავლეს სწავლის უნარ-ჩვევები უყალიბდება – „როცა იცის, რა არის სწავლა და სწავლება“.
„ერთადერთი გამოსავალი დაწყებით კლასში სწავლების გაძლიერებაა. სწორედ ამ დროს უნდა განუვითარდეს მოსწავლეს კრეატიული, შემოქმედებით უნარები, რომ შემდეგ კლასებში დაწერა, წაკითხვა და გააზრება შეძლოს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტივობის, კომპლექსურს დავარქმევთ, შემაჯამებელს თუ საკონტროლოს, შედეგი იქნება იგივე – ნული“, – დასძენს ის.
ასევე იხილეთ:
ავტორები თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება