„შემუშავდება სკოლის საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია“ – რა წერია სამთავრობო პროგრამაში ზოგად განათლებაზე
8 თებერვალს საქართველს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენილ სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
EDU.ARIS.GE პროგრამის განათლების ნაწილს გაგიზიარებთ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება, ასევე შესაბამის სფეროებში საქართველოს მოქალაქეთა გლობალური კონკურენტუნარიანობა.
“განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, გაგრძელდება განათლების სისტემის ბიუჯეტის ზრდის პროცესი”, – ვკითხულობთ სამთავრობო პროგრამაში.
რაც შეეხება მთავრობის ხედვას განათლების მიმართულებების მიხედვით, დღეს წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების საფეხურს.
რა წერია სამთავრობო პროგრამაში ზოგადი განათლების მიმართულებაზე:
ზოგადი განათლება
მთავრობის პრიორიტეტია კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესიონალების მოზიდვა. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში:
- მნიშვნელოვნად გაფართოვდება სისტემის დეცენტრალიზაცია, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები.
- უპრეცედენტოდ გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.
- განახლდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.
- შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.
- ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია.
- გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება.
- გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.
- დაიწყება აკადემიური შედეგების სადიაგნოსტიკო შეფასებები, რაც გულისხმობს სკოლის ანგარიშვალდებულებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან მიმართებით.
- დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.
- მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება ინკლუზიური განათლების კომპონენტების დანერგვა სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად.
- ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება.
- დაიხვეწება განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების არსებული მექანიზმები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით განახლდება ალტერნატიული კურიკულუმები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
- უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაგრძელდება ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება.
- სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს. განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამები.
- კიბერუსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
- სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
- გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი – „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“. სკოლა ოფიციალურად 2024 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მუშაობა გაგრძელდება სასკოლო კვების პროგრამის კონცეფციაზე.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტებსა და ფრაქციებში უნდა გამოუცხადონ ნდობა, ხოლო პლენარულ სხდომაზე საკითხი 8 თებერვალს გავა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი – ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე წარადგინა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება