ბაღებში სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტრო თავის თავზე იღებს
რა არის სასკოლო მზაობის სავალდებულო წლის მიზანი, როგორ ხდება მისი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით და როგორია სასკოლო მზაობის პროგრამები? – სკოლამდელი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე კლუბ „ფრონტლაინში“გამართულ შეხვედრაზე ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ყუფარაძემ და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, რომელმაც ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ სასკოლო მზაობის პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, ბაღების მართვა მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა, მაგრამ სამინისტრო ბაღებში, განათლების მიმართულებით, კურირებს სააღმზრდელო პროცესს:
„ადგილობრივი ხელისუფლება ბაღების სფეროს ექსკლუზიური მეპატრონეა. განათლების სამინისტროს ფუნქცია სკოლამდელ განათლებაში არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების კომპონენტი. აქ ლაპარაკია მეთოდოლოგიაზე, აღმზრდელების გადამზადებებზე და ა.შ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც გადიან სასკოლო მზაობის პროგრამას, გაცილებით მაღალ შედეგებს აჩვენებენ სწავლების დაწყებით საფეხურზე, ვიდრე ისინი, ვისაც ეს პროგრამა არ გაუვლია. ჩვენ გვაქვს მომზადებული სკოლამდელი განათლების და განვითარების სტანდარტები, რომლებიც არის უნივერსალური და ყველა საჯარო ბაღს ჰქონდა ის მიწოდებული. ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპეტრებიც იყვნენ ჩართულები ამ სასკოლო მზაობის პროგრამაში“, – განაცხადა ნათია ჯოხაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ყუფარაძემ აღნიშნა, რომ 2003 წელს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა დაბალი, 23% იყო. პრაქტიკულად სკოლამდელი განათლება ინტერესმოკლებული, ან გაიგივებული იყო სოციალურ აქტივობასთან; რომ იქ ბავშვებს მხოლოდ კვებავენ, ან აძინებენ. ყუფარაძის თქმით, ეს იყო არასწორი დამოკიდებულება თვითონ ამ სერვისის მიმართ, რომლის პირველი დანიშნულებაა ბავშვის განვითარება, თავის სწავლასთან და აღზრდასთან ერთად.
„ხარისხიანი სკოლამდელი განათლება საფუძველია იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება პატარა ადამიანი სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაში. 2013 წელს ბავშვთა ჩარიცხვის მაჩვენებლები გახდა 58%. ანუ ბაღის ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ამიტომ ხარისხიც უფრო განვითარებული უნდა იყოს. შეიქმნა ბავშვის განვითარების სტანდარტები მაღალ პროფესიულ დონეზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არ იყო სავალდებულო შესასრულებლად.
თვითმმართველობებს შეეძლოთ ეხელმძღვანელად ერთობლივი და დიდი მუშაობის შედეგად შექმნილი სტანდარტებით, მაგრამ ამას ბევრი არ აკეთებდა. არ მიიღეს ეს სტანდარტები და არ დაინერგა იმ მასშტაბით, როგორსაც ველოდებოდით. ეს ის სფერო იყო, რომელსაც სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა არ გააჩნდა. იყო თვითმმართველობის კანონი, სადაც მხოლოდ ნახევარი გვერდი ჰქონდა დათმობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ეწერა მხოლოდ ის, რომ ეს დაწესებულებები ეკუთვნის თვითმმართველობებს და ასევე ის, რომ სერვისი უფასო არის. მაგრამ სტანდარტები, პროგრამები, შინაარსი, ხარისხის კონტროლი, პასუხისმგებლობები გაწერილი არ იყო“, – ამბობს მაია ყუფარაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შემუშავებულია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც, მიუხედავად ბაღების დეცენტრალიზებული მართვისა, ერთ ქოლგა დოკუმენტის ქვეშ მოაქცევს ამ დაწესებულებებს.
„ამ ეტაპზე ახალ კანონზე მიმდინარეობს მუშაობა. იგი თავისი არსით არის ინოვაციური. კანონპროექტით მიღებულია სამ საფეხურიანი სწავლების სისტემა. ეს არის ბავშვის ადრეული განათლება და ზრუნვა, დაბადებიდან 2 წლამდე, შემდეგ არის 2 წლიდან 3 წლამდე, 3 წლიდან სანამ ბავშვი სკოლაში არ წავა მანამდე. პირველი საფეხურია ადრეული განათლება, მეორე – სკოლამდელი განათლება და მესამე საფეხური არის ინოვაციური და წარმოადგენს წინა სასკოლო მზაობის პერიოდს. ინოვაციური რაც აქვს ამ კანონს და რაც საერთაშორისო საზოგადოებაშია დანერგილი, ისაა, რომ იგი ხელისუფლებას ავალდებულებს ცენტრალურ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლება დეცენტრალიზებულია, შექმნას მართვის სისტემები და რეგულაციები, რომელიც სავალდებულო სახით უნდა მიიღონ თვითმმართველობებმა და განახორციელონ“, – ამბობს მაია ყუფარაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში 71 მუნიციპალიტეტია და არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა, რამდენი სპეცსაჭიროების ბავშვია, რამდენი სწავლობს საერთოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
„ჩვენ ერთიანი ინდიკატორები და მონაცემები, ერთიანი ბაზა გვჭირდება. ამიტომ უნდა იყოს ქოლგა დოკუმენტი, რომელსაც დაემორჩილება ყველა მოქმედი დაწესებულება“, – აღნიშნავს ყუფარაძე.
მან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ მომზადებული კანონმდებლობის სხვა ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება:
„კანონპროექტში საუბარია ასევე თუ რა კომპეტენციის უნდა იყოს სკოლამდელი აღმზრდელი. დღეს, თბილისის გარდა, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელი. შესაძლებელია, აღმზრდელი იყოს სხვა პროფესიის ადამიანი, მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაიაროს გადამზადების კურსი. რადგან საქმე გვაქვს ბავშვთან, რომელსაც თავისებური მიდგომა, აღზრდა და განათლება სჭირდება. იქ უნდა იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოების წესები, უფლებები და ა.შ.
სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრმა კვლევა ჩაატარა, სადაც საუბარია, რომ უმრავლეს შემთხვევაში სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილი აქვს, ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ზეწოლას, გაუაზრებლად, ან გააზრებულად. არ შეიძლება ამაზე საზოგადოებამ თვალები დახუჭოს. როგორ შეიძლება ბავშვთა უფლებების დაცვა, ამას გვთავაზობს კანონპროექტი ერთ-ერთი რეგულაციის სახით“, – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის კანონპროექტის და სტრატეგიის შექმნას მთავრობას ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. 2015 წელს მთავრობას და პარლამენტს ამ დოკუმენტებზე მსჯელობის ვალდებულება აქვს. როგორც სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ აღნიშნა პროგრამის შემუშავება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და ამისთვის მოწვეული იყვნენ საერთაშორისო კონსულტანტებიც და გათვალისწინებულია საერთაშორისო გამოცდილებაც.
დისკუსიის განმავლობაში შეეხნენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა კარგია, თუმცა იმის ფონზე, როდესაც არ მოქმედებს ბაღში სიარულის სავალდებულო პრინციპი, ყველა ბავშვი ვერ გაივლის ამ პროგრამას.
ამ მოსაზრებას დაეთანხმა „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი. მისი თქმით, თუ სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის ვალდებულება არ იქნება, მაშინ ის ბავშვები, რომლებიც ვერ გაივლიან ამ პროგრამას, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან დაწყებით კლასებში თავიანთ თანატოლებთან, რომლებიც ბაღებში დადიდონენ.
შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი კობა სუბელიანიც. მან საბავშვო ბაღებში ფართის ნაკლებობისგან გამოწვეულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:
„რა ეშველება ბავშვების იმ 40 პროცენტს, რომლებიც ახლა მხოლოდ იმიტომ ვერ დადიან საბავშვო ბაღებში, რომ ადგილი არ არის? მათთვის საკმარისი ფართი და ინფრასტრუქტურა არ არსებობს. რას უპირებს სახელმწიფო მათ, როდესაც სასკოლო მზაობის პროგრამის ვერ გავლის საშიშროების წინაშე დგანან?“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეკითხვებს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ უპასუხა:
„სასკოლო მზაობის პროგრამის გავლა რომ უნდა გახდეს სავალდებულო, ამ მოსაზრებას ყველა ექსპერტი ეთანხმება. ბავშვს, რომელსაც არ აქვს სასკოლო მზაობის პროგრამა გავლილი, უფრო ნაკლების შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ისინი, ვისაც აქვს გავლილი. ჩვენთან თავისუფალი პრინციპი არსებობს: თუ მშობლები მიიჩნვენ, რომ ეს პროგრამა ბავშვმა უნდა გაიაროს, მათთვის იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს მათ. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ზოგგან, მაგალითად, რეგიონებში ჭარბადაა ფართი, თბილისში მერია ცდილობს ამ ფართების მოძიებას და გარემონტებას. ბავშვების სკოლამდელი განათლებისთვის მზად ვართ, ყველას პარტნიორები ვიყოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენ შვილებს შევუქმნათ მომავალი“, – განაცხადა ნათია ჯოხაძემ.
„სასკოლო მზაობის პროგრამის“ პილოტირება 2015 წელს იგეგმება. განათლების სამინისტრო „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან“ ერთად აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებას ზაფხულში აპირებს. ამ პროცესში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ნინო ბურძენიძის თქმით, ჩართულია მერიაც და ამისთვის ფინანსებიც გამოყოფილია.
„რეფორმობანა“ თუ შედეგზე გათვლილი სიახლე განათლების სამინისტროსგან – „სასკოლო მზაობის პროგრამა“
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი