„ბაღის მასწავლებელთა გადამზადებასა და სახელფასო ზრდაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ“
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთათვის წელს განხორციელებული მიზერული სახელფასო მატება მათი მხრიდან დაცინვად შეფასდა და მთავრობას ამ დრომდე აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელებში იყო ბაღის თანამშრომელთა, მასწავლებელთა გაფიცვის შესახებ საუბრებიც, თუმცა ჯერ მსგავსი ქმედება არ გვინახავს. საბავშვო ბაღების თანამშრომლები ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, სულ რაღაც ათეულობით ლარით მომატებული ანაზღაურება მათთვის მიუღებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის უშედეგოა, რისთვისაც მთავრობისა თუ განათლების სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ.
„2032 წლისთვის მთავრობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა მოდერნიზებას და მისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას რათა შეძლონ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარება“, – ნათქვამია განათლების ერთიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც წესით საქართველოს მთავრობას 2021 წლის ბოლოს უნდა დაემტკიცებინა და აღსრულდა თუ არა ზემოთქმული, EDU.ARRIS.GE-სახელმწიფო უწყების ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.
როგორც სქელტანიან დოკუმენტშია განმარტებული, „განათლების, მეცნიერებისა და კვლევისა და ინოვაციების სისტემების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით, მთავრობამ განსაზღვრა სამი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, თანასწორობის, ინკლუზიის და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ მიზნებს დაეფუძნება ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სისტემაში 2022-2032 წლებში.
„სკოლამდელი განათლების სისტემაში ეს ნიშნავს მდგრადი და ეფექტიანი სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის, საცხოვრებელი ადგილისა და შესაძლებლობის შეზღუდვის მიუხედავად“, – აღნიშნულია განათლების ერთიან სტრატეგიაში.
აქვე განმარტებულია, თუ რა ვალდებულება ექნება მუნიციპალიტეტს, როგორც დაფინანსების, ისე სფეროში კვალიფიციური კადრების გაჩენის კუთხით:
„ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მონაცემთა რეგულარული შეგროვების, მონიტორინგისა და თვითშეფასების სისტემის ამოქმედება და დაწესებულებების დახმარება წარმატებით დანერგონ თვითშეფასება მართვის პრაქტიკაში. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს, რომ კვალიფიციური პედაგოგიური პერსონალი თანაბრად იყოს წარმოდგენილი მთელს სისტემაში და მუნიციპალიტეტებმა გამოყონ ყოველწლიური დაფინანსება მასწავლებელთა ტრენინგისთვის და იზრუნონ ანაზღაურების ეტაპობრივ ზრდაზე“, – წერია სკოლამდელი განათლების შესახებ სტრატეგიულ მიზნებში, რაც სავარაუდოდ გულისხმობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტების დაფინანსება მკვეთრად იქნება გაზრდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის გართულდება.
შეგახსენებთ, რომ განათლების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სისტემის მესამე ძირითად სტრატეგიულ მიზანს (მართვა, დაფინანსება და ანგარიშვალდებულება) წარმოადგენს ძლიერი ავტონომიური საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერა, მათთვის სათანადო რესურსების და დაფინანსების უზრუნველყოფისა და ხელშემწყობი მართვისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დამკვიდრების გზით. მართვის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა წარმოადგენს განათლების სისტემის ყველა საფეხურისა და ასევე სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური სისტემების განვითარების ძირითად მიზანს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება