„ბავშვები სკოლაში ხანდაზმულმა ოჯახის წევრებმა არ უნდა ატარონ“ – ჯანმოს რეკომენდაციები სექტემბრისთვის
სექტემბრიდან სწავლის განახლების შემთხვევაში სკოლებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ – იქნება ეს დისტანციის დაცვა, თუ ჰიგიენური ნორმების მოწესრიგება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე გამოქვეყნებული აქვს კონკრტეული სახის რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნები ინდივიდუალურად მოარგებენ თავინთ სპეციფიკას. საქართველოს შემთხვევაში, მედიკოსების აცხადებენ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სწავლის განახლება შესაძლებელი იქნება. ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” ჯანმოს რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, სასწავლო პროცესის აღდგენა სექტემბერში შესაძლებელი იქნება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ეს არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. ძირითად რეკომენდაციად რჩება სოციალური დისტანცირება. მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, სასკოლო ტრანსპორტში ბავშვები მეჩხერად უნდა იყვენ განლაგებული, სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებებით. პირბადეზე ასე მკაფიო რეკომენდაცია არ არის, მცირე ასაკის ბავშვებისთვის რთულია და ამიტომ მისი ტარება ინდივიდუალური განხილვის თემა უნდა იყოს, მაგრამ არის ისეთი სპეციფიკური რეკომენდაცია, რომ ხანდაზმულმა ოჯახის წევრებმა არ წაიყვანონ და არ მოიყვანონ ბავშვები სკოლაში, რადგან ეს ადამიანები რისკჯგუფში არიან“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტის განცხადებით “ჯანმოს” რეკომენდაციების დაცვა დიდ სკოლებში გაცილებით რთული იქნება, თუმცა საჭიროა ინდივიდუალურად განიხილოს შესაძლებლობები.
„როცა სკოლაში დისტანცირების დაცვაზე ვსაუბრობთ ჩნდება კითხვები – არის თუ არა საკმარისი რესურსი, რომ გაიყოს კლასი? არის თუ არა საკმარისი მასწავლებელი, რომ ორცვლიან სისტემაზე გადავიდეს სკოლა და ა.შ. ამიტომ, “ჯანმოს” რეკომენდაციაა, რომ ინდივიდულურად მოხდეს განხილვა და სადაც ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს დისტანცირების დაცვა. ასევე რეკომენდაციაა, რომ სკოლები, დასაწყისისთვის, შეძლებისდაგვარად გადავიდნენ შერეული ტიპის სწვალებაზე. მაგალითად სადემონსტრაციო გაკვეთილები სადაც არის, ის ჩატარდეს კლასში და თეორიული გაკვეთილები კი, ისევ ჩატარდეს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრ მუშაობას მოითხოვს და ლოჯისტიკურად რთული შესასრულებელია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
რაც შეეხება სექტემბრიდან სწავლის განახლების შესაძლებლობას, მაია ბუწაშვილის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, სექტემბრიდან სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
„თუ ჩვენ დღევანდელი სიტუაცია შევინარჩუნეთ სექტემბრამდე, სადამდეც დიდი დროა და რთულია პროგნოზების გაკეთება, პირადად ჩემი აზრია, რომ სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს. მგონი, არავინ დავობს იმაზე, რომ ონლაინ სწავლების ხარისხი მკვეთრად დაბალია. ისედაც არ გვაქვს სწავლების ხარისხი საუკეთესო და ონლაინ სწავლებამ კიდევ უფრო გააუარესა. ბავშვებსა და მოზარდებში კი ეს ჩაკეტილობა ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტმა სკოლებში არსებულ ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ისედაც მოსაგვარებელი საკითხი იყო. მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ ეს პანდემია გახდება გამშვები მექანიზმი იმისთვის, რომ სკოლებში ერთხელ და სამუდამოდ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები იქნას დაცული.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება