GE

„ამის დაცვა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესების სწორად განახლებას, ქვეყანა განათლების გარეშე ვერ დარჩება“ – NCDC

კორონავირუსის მოსალოდნელ მეორე ტალღასთან ერთად, საზოგადოება სექტემბერში სწავლის განახლებასთან დაკავშირებითაც ღელავს. მშობლების უმრავლესი ნაწილს მიაჩნია, რომ დისტანციური სწავლებით ფონს ვერ გავლენ. ამის პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, რადგან ჯერ კიდევ უცნობია რამდენხანს მოგვიწევს პანდემიის რეალობაში ცხოვრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილიც იმ მედიკოსთა რიგებს მიეკუთვნება, რომელიც ფიქრობს რომ სასწავლო პროცესი აუცილებლად უნდა განახლდეს, მისი თქმით, ქვეყანა განათლების გარეშე ნამდვილად ვერ დარჩება.

სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, ქვეყანა განათლების გარეშე ნამდვილად ვერ დარჩება. გარკვეული რეგულაციები სასწავლო პროცესებსაც შეეხება, რაც ჯერჯერობით მოწოდებული საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, ეფუძნება ზოგად რეკომენდაციებს, რასაც მოვუწოდებთ საზოგადოებას. სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები უნდა ესწრებოდეს, განსაკუთრებით რესპირაციული დაავადებების თვალსაზრისით. სკოლებში, ბაღებში და სასწავლებლებში არ უნდა იარონ დაავადებულებმა ბავშვებმა ან პედაგოგებმა. განსაკუთრებით თუ მათ აქვთ რესპერაციული მოვლენები, ასეთი ადამიანები სასწავლო პროცესებში არ უნდა მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები და ამ რეკომენდაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები. რაც ნიშნავს იმას, რომ დაწესებულებებში უნდა იყოს კარგი პირობები, რომ დაიცვან ხელების ჰიგიენა. სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად უნდა განიავდეს. ასევე, ის სივრცეები, სადაც ბავშვების თავყრილობა ხდება. ამ რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს, მე დარწმუნებული ვარ, გაჩნდება ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად მორგებული იყოს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის. ამის დაცვა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესების სწორად განახლებას, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

„ბავშვები სკოლაში ხანდაზმულმა ოჯახის წევრებმა არ უნდა ატარონ“ – ჯანმოს რეკომენდაციები სექტემბრისთვის

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური