GE

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის შესახებ

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ილიას უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

“გვინდა გამოვეხმაუროთ ილიას უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას.

თქვენ უკვე იცით, რომ C კორპუსს გარკვეული პრობლემები შეექმნა. აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ. თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დაეხურა C კორპუსი, რომლის ჭერქვეშ ბავშვებისა და სტუდენტების ყოფნა, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში.

რაც შეეხება შენობას, ამჟამადაც მიმდინარეობს საბოლოო მოკვლევა C კორპუსის შესაძლო სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ”, – წერია განცხადებაში.

13 სექტემბერს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2014 წლის 24 იანვარს დაარსდა – ინსტიტუტი წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.

ამჯერად ინსტიტუტი აერთიანებს შემდეგ ცენტრებს: სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი, განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი, ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი და აუტიზმის ცენტრი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური