როცა ლიტერატურა საზღვრებს სცდება – ორი მეთოდი, რომელიც გაკვეთილს ცოცხალ გამოცდილებად აქცევს
ავტორი: ანა ხურცილავა; ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგი, თარგმანმცოდნეობის მაგისტრი, ქართული ლიტერატურის ისტორიის დოქტორანტი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
ერთხელ, გაკვეთილზე, მოსწავლეებს ფოტოსურათი ვანახე – ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონი: სანთლები, ოთახი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ლექსებს უკითხავდნენ. ვუთხარი: ჩვენც გავაკეთოთ მსგავსად. პირველი რეაქცია გაოცება იყო, მერე – ინტერესი, მერე კი ის, რისთვისაც ყოველ გაკვეთილზე ვიბრძვი: ბავშვები ტექსტში შევიდნენ არა როგორც გამოცდის მოლოდინში მყოფი მოსწავლეები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც რაღაც შეეხო.
ბევრი ლიტერატურის მასწავლებელი იცნობს ამ პრობლემას: ტექსტი სახელმძღვანელოში „კვდება“ – ის ინფორმაციად იქცევა, რომელსაც მოსწავლე ჩაბარების შემდეგ დაივიწყებს. ამ სტატიაში გავიზიარებ ორ მეთოდს, რომლებიც ჩემს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და ტექსტს სახელმძღვანელოდან გამოჰყავს, პირად გამოცდილებად აქცევს მას: ლიტერატურული სალონი და სასკოლო თეატრი. ორივე გამოსადეგია ნებისმიერი კლასისთვის – განსხვავებული ინტენსივობითა და მოცემულობით.
ლიტერატურული სალონი: ეპოქის გაცოცხლება
იდეა მარტივია: თუ ავტორი ბუნებაზე წერდა – გავიდეთ ბუნებაში; თუ ლექსი მუსიკას ჩამოჰგავს – შემოვიტანოთ მუსიკა; თუ წერდა სანთლის შუქზე – ავანთოთ სანთელი. ეს კონტექსტუალური სწავლების პრინციპია: ცოდნა, რომელიც გარემოსთან კავშირშია, ყველაზე ღრმად ისწავლება, ხოლო ავტორი ჯერ ჩვეულებრივ ადამიანად აღიქმება – და მხოლოდ ამის შემდეგ შეიგრძნობა მისი შემოქმედების არაჩვეულებრივობა.
ჩემს პრაქტიკაში ეს მეთოდი ასე „ამუშავდა“:
- ვაჟა-ფშაველა – გაკვეთილი გავიტანეთ გარეთ, მოსწავლეებმა ჩოხა-ახალუხი მოირგეს, ფანდურზე უკრავდნენ და კითხულობდნენ მოგონებებს ფშაველ გენიოსზე.
- ლადო ასათიანი – ლექსებთან ერთად წავიკითხეთ მისი პირადი წერილები და მეგობრების ჩანაწერები; ბიოგრაფიული წყარო ავტორს ცოცხალს და ახლობელს ხდის.
- გალაკტიონი – ლექსების რიტმი ვალსის მოძრაობით „გავატანეთ“ სხეულს, ხოლო დღიურების კითხვამ გამოაჩინა პოეტის ტრაგიკული წინააღმდეგობრიობა.
- ილია ჭავჭავაძე და შოთა ნიშნიანიძე – ეპოქის დოკუმენტებთან და პირად მიმოწერასთან მუშაობამ მოსწავლეებს დაანახა, რომ ამ ავტორთა შეკითხვები („ვის ეკუთვნის ქვეყანა?“) დღესაც აქტუალურია.
სასკოლო თეატრი: ტექსტის გაგება როლის საშუალებით
სალონი ტექსტს კონტექსტს უბრუნებს; თეატრი კი მოსწავლეს ტექსტის თანაავტორად აქცევს. სხვისი პერსპექტივის ფიზიკური „ჩაცმა“ ააქტიურებს ემპათიის იმ ფორმებს, რასაც პასიური კითხვა ვერ აღწევს.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე დადგმულმა სპექტაკლმა მოსწავლეებს ორგანულად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, აღმოაჩენინა პერსონაჟების ფსიქოლოგია და ის უპირობო სიყვარული, რომელზეც დუმბაძის ეთიკაა აღმოცენებული.
ისტორიის გაცოცხლების პროექტი ლიტერატურის, ისტორიისა და თეატრის სინთეზია: ბებია შვილიშვილს საქართველოს ისტორიის გარდამტეხ ეპიზოდებს უყვებოდა (დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ცოტნე დადიანი), მოსწავლეები კი სცენაზე აცოცხლებდნენ ამ სიუჟეტებს – ისტორია მშრალი ქრონოლოგიიდან ემოციურ ნარატივად გადაიქცა.
რა შეიცვალა?
ამ ორი მეთოდის გამოყენებამ სამი მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა:
1. ინკლუზია – მოსწავლეები, რომლებიც სტანდარტულ გაკვეთილზე პასიური იყვნენ, მუსიკალურ ან თეატრალურ ნაწილში ლიდერობდნენ.
2. კვლევითი კომპეტენცია – პირველწყაროებთან (წერილები, დოკუმენტები) მუშაობამ განუვითარა კრიტიკული ანალიზისა და დამოუკიდებელი კვლევის უნარი.
3. ემოციური ინტელექტი – ლიტერატურა პირადი გამოცდილება გახდა, რაც, კვლევების მიხედვით, ცოდნის ყველაზე მდგრადი ფორმაა.
ეს მიდგომა ენერგიასა და დროს მოითხოვს – ყოველი სალონი თუ სპექტაკლი თვეების მუშაობაა. მაგრამ მოსწავლე, რომელმაც ვალსის რიტმში გალაკტიონის ლექსი იგრძნო, ამ ლექსს ვეღარ დაივიწყებს, მაშინ როცა სახელმძღვანელოში დაზეპირებული ლექსი ჩაბარებიდან მეორე დღესვე შეიძლება გაქრეს მეხსიერებიდან.
ჩემთვის პედაგოგის მისია მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის – ის შემოქმედებითი გარემოს შექმნაც არის, სადაც ტექსტი მოსწავლის ცხოვრების ნაწილად იქცევა. და სწორედ ეს „ვეღარ დაივიწყებს“ – ჩემი პედაგოგიური მიზანია.
ასევე იხილეთ:
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება
-
დამტკიცდა სტუდენტის უფლებები და მოვალეობები ახალ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას – დიპლომატიის აკადემიის წესდება
by ARIS.GE-განათლება

