GE

„ბედობის დღე ცოტა სხვანაირი პერსპექტივით“ – გასათვალისწინებელი ჩანაწერი ექიმისგან

ბედობის ტრადიცია საქართველოში უკვე საუკუნეებს ითვლის. ის მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა, რომელიც რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბარობას უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლდებოდნენ, ვინაიდან სჯეროდათ, რომ მეკვლეზე იყო დამოკიდებული რამდენად კარგი და ბედნიერი წელი ექნებოდათ.

2 და 15 იანვარსაც აღინიშნება ბედობის დღესასწაული, თუმცა ბარბარობისგან განსხვავებით, აქ, მეკვლის ფაქტორთან ერთად გადამწყვეტი როლი ენიჭება ოჯახის თითოეული წევრის ქცევასაც, ვინაიდან ორივე მათგანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდინარე წლის ეფექტურობაზე.

EDU.ARIS.GE ბედობის დღეს გიზიარებთ ექიმის ჩანაწერს, რომელიც ამ დღეს განსხვავებული პერსპექტივიდან დაგანახებთ:

გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ქარ­თველ ექიმს ლე­ვან ჰა­უ­სის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ის პან­დე­მი­ის პერიოდში თა­ვი­სი რჩე­ვე­ბი­თა და პირდაპირი ჩარ­თვე­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს არაერთ რჩევას აძლევდა და ანუ­გე­შებ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ…

ბედობის დღე ცოტა სხვანაირი პერსპექტივით:

მე პირადად, ბედობის დღის მთელი ბავშვობა არ მჯეროდა, მეღიმებოდა კიდეც ჩემს გარშემო სერიოზულად მობილიზებული “ბედობისტების” ფუსფუსს რომ ვუყურებდი.

მერე მოვიდა ცხოვრება
პროფესიები
მეცნიერება…

ცხოვრება
ცოდნა
უფრო მეტის არცოდნა
თურმე ხალხის სიბრძნის ფენომენი ყურადსაღები ყოფილა!

ბედობას მეცნიერებაში ბევრი სახელი აქვს:

The self fulfilling prophecy
The Placebo effect
The Nocebo Effect
The Rosenthal Effect
The Pygmalion Effect
The Andorra Effect…

მოკლედ: თუ განეწყობი, რომ მომავალში კარგი რაღაცები მოხდება, ამით ამის ალბათობას საგრძნობლად ზრდი.

თუ გჯერა, რომ მედიკამენტი ძალიან ეფექტურია და თან ეს შენთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა გირჩია, ის მედიკამენტი უკეთ იმოქმედებს.

თუ მასწავლებელს დაარწმუნებ, რომ მაგალითად გიორგი და ნინო განსაკუთრებული ინტელექტით გამოირჩევიან, წლის ბოლოს მათი IQ დიდი ალბათობით გაიზრდება და მართლა განსაკუთრებული გახდება.

უფრო მეტიც, თუ ჰიპნოზის დროს პაციენტს შთააგონებ, რომ ქირურგიული ჩარევა არ ეტკინება, შეგიძლია ოპერაციას გაუკეთო მას ისე, რომ არც ერთი წვეთი მედიკამენტი არ გახდეს საჭირო!
და ასე შემდეგ …

ამიტომ, ბედობის დღეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ (ან საქართველოს სადღესასწაულო დუალიზმის მაგალითზე მხოლოდ ორჯერ) ნუ მოვიწყობთ, ნუ მივასრისავთ ამ მნიშვნელოვან ფენომენს კალენდარულ 24 საათს.

არ არის ადვილი, მაგრამ ოპტიმიზმი ნამდვილად აუცილებელია რაღაც დოზით მაინც ჩვენს ცხოვრებაში. იმედი კი ის მიზანია, რომლის მიმართულებითაც რეისები არასდროს უნდა შევწყვიტოთ, არასოდეს!

სევდას, მელანქოლიას – მათაც თავისი ადგილი აქვთ და ისინიც აუცილებელი არიან ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობისთვის, განვითარებისთვის, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

მაგრამ, როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები, აზრები, განცდები რეალობაში არ ურთიერთგამორიცხავენ ერთმანეთს! პირიქით, მხოლოდ ერთმანეთთან კონტრასტში იბადებიან და ვითარდებიან ბედნიერება და შიში, სიხარული და პესიმიზმი, დარდი და სიყვარული…

დაიბედეთ ის, რაც ყველაზე ძალიან გინდათ, გწყურიათ და არ შეწყვეტოთ ამის ასრულების რწმენა, ამისკენ ლტოლვა.

სასწაულები სულ ხდება, მათ უბრალოდ დანახვა სჭირდებათ!

ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე დაგბედებოდეთ, დანარჩენი თქვენ უკეთ იცით.

თქვენი ჰაუსი 💚

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური