GE

ბოლო დეტალური რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის

რეკომენდაცია გამოცდის დღემდე:

„აბიტურიენტს, რომელსაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რესპირაციული სიმპტომები, ის აუცილებლად თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება და უნდა გაიკეთოს PCR ტესტი. ხაზს ვუსვამ, აბიტურიენტი, ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომები და მომატებული ტემპერატურა, პასუხს აიღებენ 24 საათის განმავლობაში, რომლითაც წარდგებიან საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე და 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებს ბოლო დეტალური რეკომენდაციები მისცა.

თუ ტემპერატურა გაქვთ:

როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, იმ აბიტურიენტებს ვისაც გამოცდის დღემდე არ დაფიქსირებია ტემპერატურა, მაგრამ გამოცდაზე მისვლის შემდეგ თერმოსკრინინგის გავლის დროს დაუფიქსირდება, შესაძლებლობა მიეცემათ გამოცდა იზოლირებულად ჩააბარონ.

„თუ აბიტურიენტს სიცხე უფიქსირდება გამოცდაზე შემოსვლის დროს და მანამდე არ ჰქონია და არა აქვს გაკეთებული PCR ტესტი, მათთვის არის ცალკე იზოლირების საშუალება, ისევე როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პირბადის გამოყენების პრინციპი და ვალდებულება:

მან ასევე განმარტა გამოცდის პროცესზე კონდიცირებისა და პირბადის გამოყენების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა მხოლოდ გამოცდის წერისას შეეძლებათ, თუმცა რეკომენდაციად რჩება, რომ მაინც ეკეთოთ.

რაც შეეხება კონდიცირებას, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ შესაძლებელია გაგრილების ჩართვა ღია ფანჯრებთან ერთად. ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა და საგამოცდო ოთახში მყოფმა ყველა ადამიანმა პირბადე ისევ უნდა გაიკეთოს.

„ყველაზე დიდი მსჯელობა იყო ორ საკითხზე – რადგან ზაფხულია, გამოცდის დროს ვენტილაციის შესაბამის პირობებსა და პირბადის გამოყენებაზე. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და ბოლო რეკომენდაციებით ე.წ. ვენტილატორებსა და გამაგრილებელ საშუალებებზე, არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ღიაა და ოთახში ჩართულია კონდიციონერი, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება საგამოცდო პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. მეორეს მხრივ, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში არის გარკვეულად შემაწუხებელი. აქაც გამოინახა კომპრომისი რა თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან და მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტისას აუცილებელია, რომ აბიტურიენტს და ყველა იქ მყოფ ადამიანს უნდა ეკეთოს და ატაროს ნიღაბი.

ერთადერთი, როდესაც მიდის აბიტურიენტი და ჯდება მაგიდასთან, მაგიდები არის უფრო მეჩხერად, ვუშვებთ ამ გამონაკლისს და შეუძლია მოიხსნას პირბადე, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხისთვის ზედამხედველს, აუცილებელია, რომ ესაუბროს მას პირბადით, თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, რომ გავიდეს პირბადით. ანუ მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში შეუძლია მოიხსნას და მას ამისთვის არავინ არ დასჯის.

კონდინციონერის ჩართვა:

„გამოცდების დაწყების წინ ხდება ოთახების სრულად კონდიცირება, შემდგომ გაითიშება. ბუნებრივი აირაცია აუცილებელია ყველა ოთახში და დღეს როგორც მაქვს ინფორმაცია ყველა ოთახს, სადაც ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ბუნებრივი აირაციის საშუალება. ყველა ოთახში იქნება ასევე ტემპერატურის საზომი მოწყობილობა და თუ შიდა ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიცირება, ოღონდ კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ უნდა გაიკეთონ ნიღაბი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა

პრემიერი: ამ შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნის პირბადეს და გამოცდის დროს ჩაირთვება კონდიციონერი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური