ბოლო ზარის, ექსკურსიებისა და ბანკეტების შესახებ სკოლებმა სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს – რა იკრძალება და რა არის დასაშვები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 17 მაისს სკოლებს გადაუგზავნა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც, სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად, უკავშირდება ბოლო ზარის, ასევე ექსკურსიებისა და ბანკეტების მოწყობის საკითხს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთ სკოლაში განუმარტეს, მათ რეკომენდაციის წერილი რესურსცენტრისგან მიიღეს, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდეს სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
“სამინისტროდან მიღებული ბოლო ინფორმაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდეს ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება”, – აღნიშნულია წერილში.
ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუ სკოლას ამის შესაძლებლობა ექნება.
წერილიდან ვიგებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად დაორგანიზდეს ექსკურსიები და ბანკეტები
“ასევე გაცნობებთ, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვისას არ ჩაითვალა მიზანშეწონილად სკოლის/მშობლების მიერ დაორგანიზდეს და განხორციელდეს მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები და ბანკეტები”, – წერია რეკომენდაციებში.
სკოლებისადმი მოწოდებაში კიდევ ერთხელ არის ნახსენები ზოგადი რეკომენდაციებიც და ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებებზე: შეგახსენებთ, რომ საჯარო სივრცეში თავშეყრისას აუცილებელია პირბადის ტარება და საჭირო დისტანციის დაცვა.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექცია/ადმინისტრაცია.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება