GE

BTU-ს მასშტაბური პროექტი აბიტურიენტებისთვის სტარტს იღებს

პროფორიენტაციის შეხვედრები, გადამზადების პროგრამები, ღია ლექციები, ტრენინგები, ბიბლიოთეკა აბიტურიენტებისთვის, მეწარმეობის ცენტრი აბიტურიენტებისთვის, ლაბორატორიები, ღია კარის დღეები – ეს იმ აქტივობების და პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრები ყველა აბიტურიენტისთვის განახორციელებს. გასული წლის მსგავსად, BTU ზრუნავს აბიტურიენტებზე და მათ სთავაზობს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, რაც საბოლოოდ სწორი არჩევანის გაკეთებასა და კარიერის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება.

BTU-ს მიერ დაანონსებულ პროექტებში ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს სრულიად უფასოდ შეეძლება. სასურველ აქტივობაში მონაწილეობისთვის მხოლოდ წინასწარი მარტივი რეგისტრაციაა საჭირო.

პროფორიენტაციის შეხვედრების ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიების შესახებ. გაიმართება დისკუსია და მსჯელობა. აღნიშნული შეხვედრები აბიტურიენტებს დაეხმარება პროფესიის არჩევაში და შესაძლებლობების გაანალიზებაში.

ტრენინგები სტრესის მართვისა და დროის მენეჯმენტის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში მათ დაეხმარება სწორად მოემზადონ და სტრესის გარეშე შეხვდნენ იმ მნიშვნელოვან გამოცდებს, რომელიც წლის ბოლოს ელოდებათ, ასევე გაუმკლავდნენ თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სტრესულ გარემოს და დაძლიონ ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დროის დეფიციტი, მალთიტასკინგი და სხვა.

აბიტურიენტების დღე BTU-ში გულისხმობს, რომ აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ და ადგილზე დაესწრონ მიმდინარე ლექციებს, ასევე გაიცნონ მომავალი ლექტორები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისისა და რეგიონებში ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება შეხვედრები აბიტურიენტების მეწარმეობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს მეწარმეობა და როგორ შეუძლიათ თავადაც სამეწარმეო ეკოსისტემის ნაწილი გახდნენ. ასევე, ჩატარდება ტრენინგები კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომლის დაცვაც დღეს წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

აბიტურიენტებს BTU-ს ბიბლიოთეკის მეშვეობით წვდომა ექნებათ უახლეს სასწავლო ლიტერატურაზე, რომელსაც მუდმივად ემატება ახალი საგანმანათლებლო მასალები.

BTU-ში არსებული მეწარმეობის ცენტრი აბიტურიენტებს მაქსიმალურად დაეხმარება მიიღონ ინფორმაცია მეწარმოების შესახებ, პირველი ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო ინფორმაცია და ასევე გაეცნონ ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობებს.

BTU-ში ფუნქციონირებს არაერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია: ინდუსტრია 4.0, Android & iOS ლაბი, ბლოკჩეინ ლაბი, განახლებადი ენერგიების ლაბი და სხვა. აღნიშნული ლაბები აბიტურიენტებს გადამზადების პროგრამებს სრული დაფინანსებით შესთავაზებს.

დაგეგმილი აქტივობების პარალელურად, ჩატარდება ღია კარის დღეები, რომელზეც დასწრებაც ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლება. ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ საბაკალავრო პროგრამებზე. ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ოთხ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:

  • საბაკალავრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი – 1950101
  • საბაკალავრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები – 1950102
  • საბაკალავრო პროგრამა ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები’’ – 1950103
  • საბაკალავრო პროგრამა ,,ციფრული მარკეტინგი’’ – 1950107

თითოეულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური