„ჩემი მასწავლებლობის ახალი ეტაპი“ – გაკვეთილი კორონავირუსის პირობებში
EDU.ARIS.GE-ს სტატიათა სერია „ერთი დღე მასწავლებლის კორონავირუსული ცხოვრებიდან“ გრძელდება და დღეს ჩვენი სტუმარია ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნათია ცუცქირიძე – გიგაშვილი.
მასწავლებლის დღიურიდან
კლასგარეშე გაკვეთილი
აივნიდან გაჩერებულ თბილისს ვაკვირდები. მზე დინჯად უსწორდება ჰორიზონტს. დამთრგუნა წყნეთისკენ მიმავალმა შავმა ღრუბელმა. ასე ძალიან მხოლოდ ორჯერ შემეშინდა ცხოვრებაში – პირველად მაშინ, როდესაც შენ გაჩნდი, და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ მოვირგებდი დედის როლს. მეორედ კი მაშინ, როდესაც პირველად შევაბიჯე საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. არადა თითქოს მზად ვიყავი ამ დიდი სიახლეებისთვის. მას შემდეგ 29 წელი გავიდა, სამყარო თითქოს გაჩერდა, ცხოვრების ახალ რელსებზე გადაწყობა დაგვჭირდა. მე კი, ისევ ისე მეშინია როგორც იმ დღეს, იმ ოთახში, ჩემი პირველი მოსწავლეების ცნობისმოყვარე მზერის დანახვისას. თან ამ ახალ შიშს ვუყურადებ და თან ჩემს თავს ვახსენებ მეათე კლასელი, თეთრბაბთიანი გოგონას ოცნებას- გამხდარიყო სასურველი მასწავლებელი. ავიხდინე? … გამომივიდა?… ალბათ, ეს კითხვა დამრჩება პასუხგაუცემელ კითხვად.
წესით ახლა, მე, შენ, ანანო და მამა „მესენჯერში“ უნდა ვსაუბრობდეთ, შენ უნდა მიხსნიდე, რომ მოულოდნელი ცვლილებები რთულია, მაგრამ გადალახვა შესაძლებელი, ანანო ჩვეულებისამებრ მამშვიდებდეს. მამა კიდევ, ჩვენ სამს შიგადაშიგ სიყვარულს გვიხსნიდეს. მაგრამ შენ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ, პენსილვანიაში ხარ იზოლირებული, ამ დროს, ალბათ, ონლაინ ლექციებს უსმენ. ანანომაც მაინც და მაინც ამ სემესტრში მოინდომა გაცვლითი პროგრამით წასვლა. მე კი ვზივარ ჩვენს აივანზე, ვუყურებ იმ მძიმე ღრუბელს და ვცდილობ ცოტა ხანი დავივიწყო, რომ დედა ვარ, შვილებისგან შორს მყოფი დედა, დავაჯერო თავს რომ არ გჭირდებათ ჩემი ახლოს ყოფნა და ვიფიქრო ხვალინდელ გაკვეთილზე, ჩემს პატარებზე, რომელთა ცნობისმოყვარეობით მოციმციმე თვალები ერთ ეკრანზე მოიყრის თავს. თანაც ხვალ, მათთან ერთად „პეპი გრძელი წინდა”-ზე, შენი ბავშვობის საყვარელ წიგნზე უნდა ვისაუბრო.
დილა უცნაურია, გაღვიძებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში ჯერ კიდევ მგონია, რომ ჭიათურაში ვარ. სკოლამდე ორი დიდი დაღმართი და ერთიც მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო კიბეები უნდა ჩავიარო. მაგრამ მალევე შევავლებ თვალს ნუცუბიძის მესამე პლატოს ბეტონის ჯუნგლებს და ვუბრუნდები რეალობას. რეალობას, სადაც ონლაინ გაკვეთილებს თბილისიდან ვატარებ, სკოლა კი გვერდით ოთახში, სულ რაღაც 8 ნაბიჯში მაქვს.
როგორც ჩანს, დღეს ყველანი ოთხ კედელში ვცდილობთ ჩვენი ცხოვრების ჩატევას, მათ შორის ჩემი პატარებიც. როგორც „ნათია მასწავლებელს“, ალბათ, ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ბავშვები ამ იზოლაციაში, მეგობრებისგან შორს და საკლასო ოთახს გარეთ დაკარგავენ იმ თავისუფლებას, რასაც სკოლაში, ოჯახისგან განსხვავებულ სოციუმში ღებულობენ. მასწავლებლებმა და მასწავლებლის შვილებმა კი ყველაზე კარგად ვიცით, ჩვენს ტყავზე გამოგვიცდია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ როლებს, რომლებსაც ბავშვები ოჯახის გარეთ ირგებენ, იმ ურთიერთობებს, რომლებსაც საკლასო ოთახში, ან თუნდაც ათწუთიან შესვენებაზე, მშობლების დაკვირვების გარეშე, ეზოში თამაშისას აყალიბებენ. მაგრამ ამ შიშს მეორე მხარეც აქვს, ამ მნიშვნელოვან თავისუფლებასთან ერთად, მასთან ერთად დასწავლილი დისციპლინაც არ დაავიწყდეთ. შენ სულ იმას მეუბნები, რომ ყოველთვის უნდა ვისწავლო ახალი, მუდამ ვიარო წინ და აი, ვირტუალურ ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს ჩემი „მასწავლებლობის“ ახალი ეტაპი.
ამ ბეწვის ხიდზე გასვლისას მივხვდი, რომ ჩემს ბავშვებზე, საკლასო ოთახში მუშაობის სტილზე უნდა მომერგო ონლაინ მეგობრობაც. ამიტომ შიში ცოტა ხნით დავივიწყე და ჩემი კლასი ვირტუალურ ოთხ ჯგუფად დავყავი. აი ასე, ავდექი და ჯიუტად გადავწყვიტე რომ ყოველ მეორე დღეს, დღეში 4 სესია ჩავატარო, მცირე ჯგუფებთან, რადგან ასეთ დროს, პატარებს ყველაზე მეტად სჭირდებათ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვის და ერთმანეთის ყურადღებით მოსმენის შესაძლებლობა. მივხვდი, რომ ასეთ პატარა ჯგუფებში ყველაზე მეტად გრძნობენ თანაგუნდელის მიმართ პასუხისმგებლობას, თავისუფლების სიტკბოს, შეზღუდულს, ოთხ კედელში გამოკეტილს, მეგობრებთან ბოლომდე ვერ გაზიარებულს, მაგრამ მაინც თავისუფლების სიტკბოს. ასეთ დროსაც კი ვერ დააჯერებ ამ ნამცეცა, მაგრამ ყველაზე ძლიერ გოგო-ბიჭებს, რომ სწავლის ძირი მწარეა. შეიძლება იყოს რთული, უცხო, უცნაური, ხანდახან მოუხერხებელი, მაგრამ არასდროს მწარე. მერწმუნე, ასეთი გოგო-ბიჭები პეპისაც ადვილად უგებენ, უყვარდებათ და მთელი გულით იჯერებენ, რომ შეცდომების დაშვება და მათგან სწავლა აუცილებელია, საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობის გრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანი.
როცა სამუშაო დღე სრულდება, ბოლო სესიასაც გამოვეთიშებით, ვიცი რომ ოცდაშვიდივე თვალებციმციმას ერთი სული აქვს როდის ივლიან ერთად კიბორჩხალასავით. მერე რა, რომ ახლა დროებით უწევთ გამოიკეტონ სოფლად თუ ქალაქად. მერე რა, რომ ზოგ სოფელში ინტერნეტი ყველაზე კარგად მხოლოდ ეზოში მდგარი მსხლის ხის ქვეშ იჭერს და ჩემი ერთ-ერთი ჭკვიანთვალება, პეპივით ცნობისმოყვარე, ანცი ბიჭი, ყოველ მეორე დღეს ჯდება მსხლის ძირში, თბილ შალმოხვეული, მინდორში გაშლილი წიგნებით და გაკვეთილებს ასე ერთვება. მათ იციან, ბედნიერება აქ არის, მათ წინ, აწმყოში. რომ მალე ერთად ივლიან კიბორჩხალასავით, იმიტომ რომ თავისუფლები არიან, ყველგან და ყოველთვის.
და სანამ ჯერ კიდევ ვეგუებით ცხოვრების შეცვლილ სტილს, ვცდილობთ დავეწიოთ და ფეხი ავუწყოთ ახალ რელსებზე გადასულ დინებას. არის ერთი რამ, მუდმივი და შეუცვლელი, რომელიც მავიწყებს შიშსაც და შვილებისგან შორს ყოფნის სევდასაც. ყოველ დილით, ისე როგორც განვლილი 29 წლის განმავლობაში, ვიცვამ წინა დღით შერჩეულ ტანსაცმელს შენი ნაჩუქარი ლურჯთვლიანი ბროშით, გულდასმით ვიკეთებ ჩვეულ მაკიაჟს, ხანდახან ასაკის მომატებაც რომ დამავიწყოს. კომფორტულ ფეხსაცმელსაც ვირგებ, თითქოს ის ორი, დიდი დაღმართი და მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო კიბეები ისევ გასავლელი მქონდეს, ვისწორებ უკვე მრავალჯერ დავარცხნილ თმას და ვიწყებ ჩვეულ, ვირტუალურ სესიას ჩემს ციცინათელებთან.
დღის ბოლოს კი ვიცი, რომ სანამ ჩემი პატარები გაბრწყინებული და სიყვარულით სავსე თვალებით მეტყვიან „ნათია მასწავლებელო, ნათია მასწავლებელო, როგორ გიხდებათ ლურჯი ფერი,“ არც მსხლის ხის ქვეშ ძლივს დაჭერილი ინტერნეტი შემაშინებს, არც “კლასგარეშე” დარჩენილი მასწავლებლობა შემიშლის ხელს.
და მაინც, ყველაზე მთავარს, მთელი გულით ვირწმუნებ, რომ წყნეთის გზაზე მძიმედ ჩამოწოლილი შავი ღრუბელი დროებითია. ისევე როგორც ჩვენი, ყველას შიში. განსაკუთრებით იმ მასწავლებლების, რომლებსაც ყველაზე მეტად გვენატრება დასვენებაზე ლაღად მორბენალი ბავშვების ჟრიამული.
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი