GE

„ჩემთვის ასე ჩანს, რომ სკოლიდან აღარაფერი დარჩა, სკოლა აღარ არის მოსწავლის ემოცია…“

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ემიგრანტები დიდი გულისყურით ადევნებენ თვალყურს, გამონაკლისი არც ამ წერილის ავტორი, იტალიაში ემიგრაციაში მყოფი ელისო კავილაძეა. მან სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს გამოუგზავნა ბლოგ პოსტი, რომელშიც სკოლაში გამოცდების გაუქმებას და მიმდინარე საკითხებს ეხმაურება.

“მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, სხვა მეთოდები არსებობდა… თითქმის ყველაფერი სხვაგვარად იყო. საუკუნოვანი, ნაცადი და “გამართლებული” მეთოდები მოსწავლეებთან ურთიერთობის, სწავლების.

მაგალითად, მთავარი იყო გაკვეთილი ზეპირად გცოდნოდა, ლექსი უშეცდომოდ გეთქვა. შინაარსზე, საკუთარ აზრზე, არ იყო გამახვილებული ყურადღება.

“ბავშვთა უფლებები” ცოტა უხერხულად ისმინებოდა. უფრო უხერხული იყო ყურის აწევაზე, ან თმის მოქაჩვაზე მშობლების მიყვანა და მასწავლებლებისთვის საყვედურის თქმა.

თანაც, მე ისეთი კლასი მყავდა, იმ სკოლას რომ არ უნახავს. ჩვენზე ამბობდნენ, რომ ერთპირიანი ზმნასავით მხოლოდ ერთი პირი – ჩვენ – გვქონდა. როცა ჩვენ ასე მივიჩნევდით საჭიროდ, ამ პირს არ ვიცვლიდით. ასეთ შემთხვევაში მე თუ გაკვეთილი არ ვიცოდი – არავინ არ იცოდა.

ზოგადად კი, კარგად ან საშუალოდ ვსწავლობდი. განსაკუთრებით ბეჯითი და თვალშისაცემი მოსწავლე მე არასოდეს ვყოფილივარ. ფრიადოსნობაზე გული არ მიმიწევდა.
უფრო უარყოფითი დახასიათება შემორჩა სკოლაში ელისო კავილაძეზეს, ვიდრე დადებითი (ბავშვობიდან მქონდა ხასიათში რაღაც აუტანელი).


იყო ასეთი ნივთი – რუკის ჯოხი. რუკაზე, დაფაზე საჩვენებელი ჯოხი და იყო ერთი მასწავლებელი. მას თავისი რუკის ჯოხი და თავისი, მხოლოდ მისი, ანუ შემეცნების მეთოდი ჰქონდა. დასჯის მეთოდი! შემეცნება – მისთვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი მეტყველების სტილის გამო, უკეთ ჟღერდა უბრალოდ.

ეს მეთოდი თვითგვემა იყო. ასე, პირდაპირი გაგებით. დამნაშავე მოსწავლეს თავისი თავი უნდა ეცემა რუკის ჯოხით. საკუთარი ხელით საკუთარ ხელზე, ან თავი მერხზე დაერტყა. მოჩვენებითად არა, ნამდვილად, სატკენად. ეს პირველი ეტაპი იყო შემეცნებისა.

მაღიზიანებდა ეს მეთოდი. თუმცა მეორე ეტაპი ნამდვილად მძულდა – კლასელისთვის დარტყმა. ჩემი ძმა ჩემი კლასელი იყო. მისი დასჯის მიზნით, მე უნდა დამერტყა, ჩემთვის სხვას და ასე, წრეზე.  პროტესტის ნიშნად, გამოვაცხადე, რომ არც მე ვიცოდი გაკვეთილი, მასწავლებელს საწერი კალამი მივეცი და ორიანის დაწერა მოვითხოვე.

მას შემდეგ ის ჩემი მასწავლებელი აღარ იყო, მე – მისი მოსწავლე.

ეს ამბავიც რევოლუციამდე მოხდა. როცა სკოლა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სულ სხვა მიზიდულობის კანონები მოქმედებდა და ფიზიკის ცოდნა არ იყო საჭირო. როცა სკოლის გაცდენის მიზეზი, მხოლოდ ავადმყოფობა იყო. სხვა მიზეზი ღალატივით იყო. ყელამდე თოვლი, სიცხე და წვიმა კი სახალისო დაბრკოლებები.

არა იმიტომ, რომ ჩავლილ ბავშვობას ნიშნავს და მომატებული წლები ფასს სძენს, სკოლა ძვირფასი იყო და ძვირფას, დიდ მოგონებად დარჩა. ცხოვრების ყველაზე დიდ გაკვეთილად.

ამიტომაც, სულ მიკვირს, ბავშვებს სკოლა რომ არ უყვართ ხოლმე.

რევოლუციამ ამ მასწავლებლის მეთოდებიც დაამხო. ერთობ ბავშვზე ორიენტირებული შეიქნა და გამოწვევებს არ შეუშინდა. “ბავშვთა უფლებები” უფრო და უფრო დაცული და აღიარებული გახდა. განათლების სისტემაში კარგი და ცუდი ცვლილებები დაიწყო.

კარგა ხანს სკოლაში ცვლილებების შესახებ აღარაფერი ვიცოდი…

ახლა საატესტატო გამოცდები გაუქმებულა, ანუ სკოლას ისევ ისე დაამთავრებენ, როგორც მე დავამთავრე – საერთოდ რომ არ მადარდებდა ქიმიაში სამიანი, გეოგრაფიის ცუდად ცოდნა.
მაშინ ატესტატში ნიშნები არ იწერებოდა, გამოცდები არ გვქონდა.

ჩემი პირველი გამოცდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ეროვნული გამოცდები იყო. იქნებ ამიტომაც, დაბნეული მივადექი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ შენობას, სადაც გამოცდა მიტარდებოდა. იქნებ ამიტომაც, “გამოცდა” და ჯალათი ერთნაირად მაშინებდა. იქნებ ამიტომაც, ჩემს ძმას არ აღელვებდა ჟურნალში ჩამწკრივებული ორიანები. იქნებ, “განაღდებული” ატესტატი ბავშვური ბუნებისთვის პასუხისმგებლობის ვერასოდეს გააზრება იყო. იქნებ… არ ვიცი. მაშინ სხვა მეთოდები იყო.

ახლა ისევ გაუქმებულა საატესტატო გამოცდები. დამაინტერესა – რატომ? ვერ მოვიტყუები, გასაგებად რთული აღმოჩნდა.

ამ გამოცდების მიმართ შიშნარევი მეცადინეობა რით ჩაანაცვლა სახელმწიფომ? მოსწავლე აღარ დაითრგუნება, არჩევანი მასზეა – ისწავლის თუ არა? ასე დამოუკიდებელი თაობა იქნება – არჩევა ხომ დამოუკიდებლობას ნიშნავს. ისევ ბავშვი აირჩევს, რა ისწავლოს და რა არა, როგორც მე გამოვარჩიე საგნები? როგორ შეფასდება ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ატესტატი, ანუ დამადასტურებელი მოწმობა, რომ მან ისწავლა რაღაც ამდენი წლის განმავლობაში? რამდენად არიან ინფორმირებულები მოსწავლეები, მშობლები, საზოგადოება ცვლილებების შესახებ?რამდენად გააზრებულია ცვლილებების საჭიროება? რას ეყრდნობა პროტესტი საზოგადოების ნაწილის მხრიდან? რამდენად ყურადიღო სამინისტრომ პროტესტი და რა მოიმოქმედა?
ან იქნებ ვინმეს ჰგონია, იქ სადაც ბავშვებია, პროტესტის უპასუხოდ დატოვება სამშობლოს ღალატი არაა?!

კიდევ ბევრი კითხვის გამო, ცოტა მეტად გარკვევა მომინდა. ყველზე ცუდი რეალობა, რაც აშკარად დავინახე – სკოლისგან არაფერი დარჩა. სკოლა აღარ არის მოსწავლის ემოცია, სიხარული, თავგადასავალი, განათლების მიღების საშუალება. სკოლა არის შიში, ვალდებულება. მიზანი არ არის სკოლაში საშუალო განათლების მიღება, მიზანია სკოლის დამთავრება. ყველაფერი შეცვლილა.

ძალიან ვუსწრებთ დროს – მოსწავლე, ვიდრე მოსწავლეა, სტუდენტობისთვის იბრძვის. თურმე, სკოლაში მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ. არადა, სკოლა ის ინსტიტუტია, რომელთანაც უმაღლესი სასწავლებელი ვერასოდეს მივა. სკოლა, ის ეტაპია, რომელიც თუ არ ისწავლე, ვერ იცხოვრებ. სკოლა, ყველაზე დიდი განათლებაა და სპეციალობის შესწავლასავით მარტივი არ არის. ღმერთმა არ ქნას, მოსწავლეებს ეს ვერ ავუხსნათ.
ღმერთმა კი არა, ჩვენ არ გავბრიყვდეთ და რაღაც რეფორმებს თაობების აწმყო არ გადავაყოლოთ.

უბედურება ასე იწყება – აწმყოს მოკვლით და მკვდარი რამეები, როგორც ვინმეები, წარსულში მხოლო მაშინ რჩებიან, როცა ძვირფასები არიან.

წარსულზე დიდი გაკვეთილი არვისთვის ჩატარებულა. არ ღირს ექსპერიმენტები.

რატომ არის სახიფათო განათლების რეფორმის დაწყება გამოცდების გაუქმებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური