GE

„ჩვენ ასე არ გაგვიმართლა“ – რა რჩევებს აძლევს ორგზის მაგისტრი აბიტურიენტებს

EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში გათავაზობთ სტატიათა ციკლს, სადაც განათლების სფეროში მომუშავე, ჩართული, კომპეტენტური ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

ამჯერად რუსუდან ასათიანის მიმართვას წარმოგიდგენთ. ის მაგისტრატურის სტუდენტია, თანაც მეორედ. პირველ ჯერზე მან ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, ახლა კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობს.

პარალელურად რუსუდანმა, საკმაოდ პატარა ასაკში, წარმატებული კარიერის შექმნა მოახერხა – ერთ-ერთ სამინისტროში დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებს.

აი რას ამბობს რუსუდანი პროფესიის არჩევის შესახებ:

არჩეული პროფესია ბედნიერებას უნდა გვანიჭებდეს

პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან არჩეული საქმის ჯერ შესწავლასა და შემდგომ კეთებას უნდა დავუთმოთ ჩვენი ცხოვრების დიდი დრო, ენერგია და ემოციები. ამ საქმის კეთებისას უნდა ვგრძნობდეთ, რომ იქ არის ჩვენი ადგილი – შეგვეძლია შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდოთ საქმის წინსვლისთვის, ასევე ძალიან ბევრი რამ მივიღოთ საქმისგან – უნდა გვავსებდეს შინაგანად, გვზრდიდეს და გარკვეულ ბედნიერების განცდასაც გვანიჭებდეს.

ერთის მხრივ, პროფესიის არჩევა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა – უნდა გავაცნობიეროთ რა შეგვიძლია, რაში ვართ ძლიერი (მათემატიკა, ფიზიკა, ლიტერატურა, მუსიკა თუ სხვა) და სად შევძლებთ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ ინვესტირებასა და წარმოჩენას. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში არის რაღაც რომანტიულიც. სკოლისა და აბიტურიენტობის პერიოდში, თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი თავი ამა თუ იმ პროფესიის წარმატებულ წარმომადგენლად ესახება. სწორედ ეს მოწოდება და მისწრაფებაა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევის დროს, რადგან ამ განცდის გარეშე ჩვენს საქმეს ვერ შევიყვარებთ და თუკი ჩვენი საქმე არ გვიყვარს, ვერასოდეს გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე.

ამ გამოფენით აუცილებლად ვისარგებლებდი

მრავალმხრივი და სრული ინფორმაციის ქონა აბიტურიენტებისათვის უმნიშვნელოვანესია, რათა სწორად გააანალიზონ თუ რა კონკრეტული სპეციალობებია ხელმისაწვდომი მათთვის სასურველი მიმართულებით და რომელი სასწავლო დაწესებულებები სთავაზობენ ყველაზე ხელსაყრელი პირობებით ამ სპეციალობის მაღალ დონეზე დაუფლებას.

შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა თითოეული აბიტურიენტისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან სასარგებლოა, რომლითაც მე აუცილებლად ვისარგებლებდი. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ინფორმაციაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს. თუმცა, არც ერთ აბიტურიენტს არ უნდა შეეშინდეს და დაიძაბოს არჩევანის გაკეთებისას და ამან ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცდებისთვის მზადების პროცესში.

ჩვენ ასე არ გაგვიმართლა

როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, ნამდვილად არ მქონდა შესაძლებლობა ასეთ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა – ამდენი ინფორმაცია ფაქტიურად კარებთან მოეტანათ ჩემთვის და გააზრებული გადაწყვერტილება მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი საქმე მქონდა ყოველთვის, სადაც ფინანსების და მენეჯმენტის ცოდნა დამატებითი პლიუსი იყო ჩემთვის, მივხვდი, რომ კიდევ ვსაჭიროებდი განათლების მიღებას სხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე მეორეჯერ, კვლავ თსუ-ში, ამჟამად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ევრაზიისა და კავკასიის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე. ასე რომ, ჩვენ ისე არ გაგვიმართლა, როგორც მათ, ვინც ახლა არიან აბიტურიენტები.

ჩემი მაგალითი აჩვენებს, რომ, ჩვენს მიერ პროფესიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს აბიტურიენტობისას თუ შემდგომ სხვა მიმართულებით განვითარებისას. მთავარია თოთოეული გადაწყვეტილება იყოს ნაფიქრი და კარგად გააზრებული, თუ საით ვდგამთ ნაბიჯს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური