GE

„ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი“ – შალვა პაპუაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ფონზე, 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა, სადაც საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირზე, ამ პროცესში პარლამენტის როლზე და მოლოდინებზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს წევრობის აპლიკაცია და კითხვარის შევსების პროცესიც.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საჯარო ლექციის სახე ჰქონდა, პაპუაშვილმა სტუდენტებს უთხრა დაიმახსოვრონ, რომ ევროპული ცივილიზაციის შემქმნელები თავად ვართ, ახლა ჩვენს საერთო ოჯახში ჩვენი ადგილის დამკვიდრებას ვესწრაფვით და მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულობით შევხედოთ ამ პროცესს.

„ჩვენ ჩვენი კულტურით, ჩვენი ისტორიით ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ამას არ სჭირდება არც კითხვარის შევსება, არც რაიმე ფორმალური პროცედურები, ეს ისტორიული მოცემულობაა და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ევროპულობა უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენში“, – უთხრა სტუდენტებს პარალმენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე აუცილებელია სტუდენტების ჩართულობა და მათთან კომუნიკაცია. ის ამბობს, რომ საქართველო თავისი 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიით, ბოლო პერიოდში ისე, როგორც არასდროს დაახლოებულია ევროკავშირს. ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებულია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიზანი ბოლომდე შეასრულოს.

„ქართველი ხალხი 30 წელია იბრძვის საკუთარი პერსპექტივისთვის და სწორედ ახლა არის ევროკავშირისთვის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა დაინახოს და სათანადოდ დააფასოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ეს მიდგომა და ბრძოლა. მნიშნელოვანია, რომ სტუდენტები იყვნენ ინფორმირებულნი, სად ვართ, რა პერსპექტივებია, რა გამოწვევებია, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული და ჩვენ ჩვენი ევროპული გზა მივიყვანოთ ბოლომდე. დღევანდელი სტუდენტობა არის ის თაობა, რომელიც, დიდი ალბათობით, ევროკავშირის წევრობის მოსარგებლე უნდა გახდეს. ამიტომ,  ისინი აქედანვე ინფორმირებულები და ჩართულები უნდა იყვნენ ამ პროცესში“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქე სტუდენტები და საუბრისას ყურადღება ასევე გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე.

დაისვა კითხვა, რა გავლენას იქონიებს ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენი მკაფიო პოლიტიკა 2012 წლიდან არის შემდეგი, რომ ოსებმა, ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს რთული გზაა, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა. უნდა გავაღვივოთ პროპაგანდა, ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ყველასთვის კარგია, ვიდრე ერთმანეთის მტრობა. ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი უფრო მეტად განავითაროს, ვიდრე ჩვენ გარეშე“.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემის განხილვას სტუდენტებთან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო ტალიაშვილი. როგორც მან EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა, უნივერსიტეტი კვლავაც აპირებს პროცესში ჩართული სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, სტუდენტებისთვის მსგავსი შეხვედრების გამართვას.

„სტუდენტების როლი ამ ყველაფერში უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროცესებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის წინ გამოთქვა ჩვენმა ქვეყანამ ურყევი ნება, გავმხდარიყავით ევროპის ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, საუნივერსიტეტო სივრცეში დავგეგმოთ მსგავსი შინაარსის ღონისძიებები. სამომავლოდაც ვაპირებთ, რომ მოვიწვიოთ პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში, რადგან ჩვენმა სტუდენტებმა თავად ამ პროცესის განმახორციელებლებისგან მიიღონ ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, ინფორმაცია იმ რთული გზის შესახებ, რომელიც ჩვენ დღემდე გავიარეთ, რომ შეგვევსო ევროკავშირის კანდიდატის კითხვარი“, – გვითხრა ნინო ტალიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებს პირადადაც გაესაუბრა და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური