„ჩვენ ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება“ – რატომ ირჩევენ აბიტურიენტები ისევ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ განათლებას
წელს საქართველოში პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ, აკადემიურ პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ახალი წესის მიხედვით, აბიტურიენტს პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად ცალკე გამოცდის ჩაბარება აღარ უწევს. ჩარიცხვისთვის აუცილებელია შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება და მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტის გადალახვა.
ცნობისთვის, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში განსაზღვრულია 10 000-ზე მეტი ადგილი ისეთ მოთხოვნად მიმართულებებზე, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, რამდენად შეცვლის ეს გადაწყვეტილება აბიტურიენტებისა და მათი ოჯახების დამოკიდებულებას?
2026 წლის აბიტურიენტებს შორის EDU.ARIS.GE-ს გაუჭირდა იმ აბიტურიენტების პოვნა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და საკუთარი რეიტინგული სიის სათავეში დააფიქსირეს. გამოსაცდელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ირჩევს.
ამის შემდეგ ჩვენ აბიტურიენტები და მათი მშობლები ყველაზე ტურისტულ და პროფესიული განათლების საფუძველზე იოლი დასაქმების შესაძლებლობით გამორჩეულ ქალაქ ბათუმში გამოვკითხეთ, რათა გაერკვია, როგორ აფასებენ ისინი ახალ შესაძლებლობას, რა არჩევანი გააკეთეს საკუთარი მომავლისთვის და რა არის ახალგაზრდებში თუ მშობლებში პროფესიული განათლებისადმი დაბალი ინტერესის საფუძველი.
ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ მიუხედავად პროფესიული განათლების მიმართ გაზრდილი ინტერესისა და დასაქმების რეალური პერსპექტივებისა, არჩევანი მაინც უნივერსიტეტზე გააკეთეს. მათი შეფასებით, ქართულ საზოგადოებაში უმაღლესი განათლების დიპლომს დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ბევრი მშობელი შვილს სწორედ უნივერსიტეტისკენ უბიძგებს.
აბიტურიენტ დათა ზოიძის თქმით, მან პროფესიული პროგრამებიც განიხილა, თუმცა საბოლოოდ უნივერსიტეტის არჩევა გადაწყვიტა.
„პროფესიულ განათლებას ნამდვილად აქვს თავისი უპირატესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს სწრაფად სურს დასაქმება, მაგრამ მე მაინც უნივერსიტეტი ავირჩიე. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება, თუ უმაღლეს განათლებას მივიღებ. პროფესიულ პროგრამაზე სწავლაც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ბაკალავრიატია“, – გვიხსნის დათა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, მარიამ ზედანია ამბობს, რომ პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება თანდათან იცვლება, თუმცა საზოგადოების მაღალი მოლოდინი კვლავ უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული:
„ჩემთვის მთავარი იყო ის სფერო, რომელიც მაინტერესებს და ამიტომ უნივერსიტეტში ვაბარებ. თუმცა ვფიქრობ, პროფესიული განათლება ბევრისთვის კარგი არჩევანია. უბრალოდ, ბევრ ოჯახში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ თუ უნივერსიტეტი არ დაამთავრე, თითქოს ნაკლები შესაძლებლობა გაქვს. მგონია, ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვლება“.
აბიტურიენტის მშობელი, როლანდ შავაძე მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების ეროვნულ გამოცდებთან ინტეგრირება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავარი კითხვა დასაქმებას უკავშირდება.
„პროფესიული განათლების ეროვნულ გამოცდებზე მიბმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მგონია, რომელიც ამ სისტემამ მოიფიქრა, რადგან აბიტურიენტს აღარ უწევს ორი გამოცდის ჩაბარება. თუმცა, საკითხავია, პროფესიული განათლება რამდენად არის მორგებული დასაქმებაზე. ჩემი შვილის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტა უმაღლესში ჩაბარება. გვინდა, რომ ბსუ-ში სამართლის მიმართულებით ჩაირიცხოს“, – გვითხრა ბატონმა როლანდმა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, თავად რომ ყოფილიყო დღეს აბიტურიენტი, აირჩევდა თუ არა პროფესიულ განათლებას, ასე გვპასუხობს:
„კი, ავირჩევდი, თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა. პროფესიული განათლება თითქოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, მაგრამ არ ვიცი, სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი როგორია. ამ კუთხით დიდი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, გარკვეული ტიპის ხელშეწყობა არსებობს. მაგალითად, სკოლებშიც აქვთ შესაბამისი სივრცეები.
ჩემთვის მაინც მთავარი ის არის, რამდენად შესაბამის ცოდნას იღებს ადამიანი და რამდენად არის ეს ცოდნა შრომის ბაზარზე მორგებული. თუ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაშინ კარგია, მაგრამ ჩვენთან, მეტწილად, რეალობა სხვაა. მაგალითად, როდესაც ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ხშირად მისი დასაქმება მიღებულ სპეციალობას არ შეესაბამება. თუ ასეთი რეალობა იქნება, მაშინ პროფესიულ სწავლებასაც ეკარგება აზრი“.
როლანდ შავაძის შეფასებით, უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ არსებული დამოკიდებულება საზოგადოების ჩამოყალიბებული სტერეოტიპია.
„უბრალოდ ტენდენციაა, მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ მათი შვილები უმაღლეს სასწავლებელს არ დაამთავრებენ, დაჩაგრულები იქნებიან. მე ვფიქრობ, ქვეყანაში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს.
უმაღლესი განათლების ხარისხზე შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად ღირს ასეთ რეალობაში განათლების მიღება, რადგან შემდეგ რა ხდება, არავინ იცის, ხომ?
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება. ხშირად ის პარტიული ერთგულებისა და ნეპოტიზმის საფუძველზე ხდება. ასეთ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს, რა ხარისხის განათლება ექნება ადამიანს, თუ ქვეყანაში დასაქმების მხრივ თავისუფლება არ იქნება?“, – ამბობს აბიტურიენტის მამა.
კიდევ ერთი მშობელი, ნატა მამულაძე იხსენებს, რომ არჩევანის გაკეთებისას პროფესიული განათლების შესაძლებლობებიც განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შვილმა მიიღო – უმაღლესი განათლების სასარგებლოდ:
„ჩემი შვილი უნივერსიტეტში აბარებს. პროფესიული პროგრამებიც განვიხილეთ, რადგან დღეს ბევრ მიმართულებაზე ნამდვილად არის მოთხოვნა და დასაქმების კარგი შესაძლებლობაც არსებობს. თუმცა საბოლოოდ თავად გადაწყვიტა უმაღლესი განათლება აერჩია და ამ გადაწყვეტილებას სრულად ვუჭერ მხარს“.
დედის თქმით, არჩევანი ინდივიდუალურია და ორივე გზას თავისი უპირატესობა აქვს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ინდივიდუალურია. თუ ადამიანს კონკრეტული პროფესია აინტერესებს და სწრაფად სურს დასაქმება, პროფესიული განათლება ძალიან კარგი არჩევანია. მაგრამ თუ ფართო ცოდნის მიღება და მომავალში მეტი შესაძლებლობის შექმნა უნდა, მაშინ უმაღლესი განათლებაც მნიშვნელოვანია“.
რაც შეეხება დიპლომის მნიშვნელობას, ნატა მამულაძე ფიქრობს, რომ დიპლომი, თავისთავად, ყველაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ის ცოდნის, შრომისა და განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
„ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩემს შვილს კარგი განათლება ჰქონდეს და მომავალში მეტი არჩევანის შესაძლებლობა. მთავარი მაინც ის არის, რომ საკუთარი საქმე უყვარდეს და იმ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, რომელსაც აირჩევს“.
ბათუმში, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდება, თუმცა არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფაქტორი კვლავ უნივერსიტეტის დიპლომია.
მოამზადა სულხან მესხიძემ
ამავე თემაზე:
ცნობილია, რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია უმაღლესის გარდა პროფესიული განათლების პროგრამაც
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ფიზიკაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვინ ამოწმებს სისტემას, როცა სისტემა მასწავლებელს ამოწმებს?“ – როდის არის მაღალი მოთხოვნა სამართლიანი
by განათლებული ბლოგი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ლიტერატურაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე