„ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“ – განათლების მინისტრის პასუხი დეპუტატს
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი, რასაკვირველია არის, შევქმნათ ის სასკოლო გარემო, სადაც რეპეტიტორები საჭირო არ იქნებიან“, – ასე უპასუხა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის შეკითხვას რეპეტიტორების ინსტიტუტის კვლავ მზარდ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.
დეპუტატმა განაცხადა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ისიც ათასობით ლარს ხარჯავს და თავადაც უწევს აბიტურიენტი შვილის მომზადება რეპეტიტორთან, რადგან განათლების სისტემაში დიდი ჩავარდნაა: „ეს ხომ ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში არის დიდი ჩავარდნა. რეგიონებში თუ თბილისში ყველას გვჭირდება ჯიბიდან ფულის ამოღება. ამ ფონზე, ასე კმაყოფილად როგორ საუბრობთ, თუ ეს ყველგან ასეა და რეპეტიტორი სჭირდებათ. ბოლო წელი ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ ბავშვები“.
მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატის საპასუხოდ განმარტა, რომ რეპეტიტორის თემა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დიდი პრობლემაა. თუმცა, სისტემაში არიან ისეთი აბიტურიენტებიც, რომლებიც რეალურად არ საჭიროებენ რეპეტიტორს და მხოლოდ იმიტომ ემზადებიან, რომ ეს მათი მშობლების ინტერესია, რომლებიც თვლიან რომ მათი შვილები გამოცდის ჩასაბარებლად საკმარისი მომზადებულები არ არიან:
„თვითონ ბატონმა ალეკომაც აღნიშნა თავის კითხვაში, რომ ეს ძალიან დიდი ხნის პრობლემაა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. თუმცა, აქვე მინდა დავსძინო, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე რეპეტიტორს არ საჭიროებს და არც დადიან, ასეთი ბავშვებიც არიან. არის მეორე კატეგორია, რომლებიც რეალურად არ საჭიროებენ რეპეტიტორს და მაინც, მშობლებს აქვთ ის განცდა, რომ იმისთვის, რომ მოსწავლე იყოს წარმატებული ეროვნულ გამოცდებზე, მან უნდა იაროს რეპეტიტორთან. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ბევრი ბავშვი, რეალურად, უკვე მზად არის, რომ წარმატებით ჩააბაროს ეროვნული გამოცდები რეპეტიტორის გარეშე“.
განათლების მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ის სულაც არ ფიქრობს, თითქოს სკოლებში იდეალური მდგომარეობაა და თვლის, რომ ერთი ჯოხის მოქნევით, ყველა სკოლა იდეალური ვერ გახდება.
„მე არ მითქვამს ჩემს მოხსენებაში, რომ სკოლებში სიტუაცია უკვე იდეალურია, რასაკვირველია, არა. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. სრულად მოშლილი და დანგრეული იყო საგანმანათლებლო სისტემა. განათლების სისტემაში ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომ ერთი მოქნევით ყველა სკოლა იდეალურად იქცეს, რასაკვირველია არა. მაგრამ ის ტენდენცია და ის გზა, რომელიც ჩვენ არჩეული გვაქვს სასკოლო სისტემის ხელახლა აშენების თვალსაზრისით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩვენი მეგობარი ექსპერტების შეფასებით, ჩვენ მივდივართ აბსოლუტურად სწორი გზით, სწორი მიმართულებით. ჩვენი მიზანი არის განათლება ყველა სკოლაში ავიდეს ისეთ დონეზე, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საკუთარ პასუხში.
ასევე იხილეთ:
„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება