GE

„ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის ჰაბად“

„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი, რომელსაც კოლეგა მინისტრთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, – ამის შესახებ სან მარინოს რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

სამინისტროს მიერ დღეს, 8 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სან მარინოს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

განათლების მინისტრის თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით და ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს.

„ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის ჰაბად. ამისათვის კი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებით მსურს, გამოვყო საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრში საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება არაერთ მნიშვნელოვან, ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტს განახორციელებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც მას სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა მარია ლუიზა ბერტიმ და მანუელ ჩიავატამ უმასპინძლეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური