GE

განათლების სამინისტროს განმარტება მასწავლებელთა სქემაში განხორციელებულ ცვლილებებზე

საართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დღეს, 18 ივნისს, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებას განმარტავს.

EDU.ARIS.GE – გიორგი ამილახვარის უწყების განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა.

მოგეხსენებათ, პედაგოგების ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის კვალდაკვალ, იწყება აქტიური მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შეიქმნა სპეციალური ინკლუზიური კომისია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დახვეწილ და გაუმჯობესებულ მოდელს. განახლებული სქემა დაეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს, ეროვნული პრაქტიკის ანალიზსა და კვლევებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებულ სქემაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

– 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები.

– სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

– მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კარიერული წინსვლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება მასწავლებლის ინტერესებზე მორგებული სისტემის შექმნასა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ მოდელზე მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების, სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და სასკოლო საზოგადოების მხრიდან მიღებული მრავალრიცხოვანი უკუკავშირებს, რომლებმაც ცხადყო, რომ სქემა საჭიროებს გადახედვასა და განვითარებას”, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

პორტფოლიოს საფუძველზე სტატუსი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე მოგენიჭებათ – ცვლილება პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური