კითხვები და პასუხები მასწავლებელთა ახალ სახელფასო ფორმულაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფურმულის შესახებ მორიგ განმარტებებს ხშირად დასმული კითხვა-პასუხის სახით აქვეყნებს, რომნელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები:
არის თუ არა ასახული ახალი ხელფასი და დანამატები ისქულის ბაზაში?
– არა. ისქულის ბაზაში არ არის ასახული ახალი ხელფასი. ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები აისახება 5 ივლისს.
თუ 2 წლის განმავლობაში არ დავადასტურე კომპეტენცია იმ საგნობრივი ჯგუფის საგნებში, რომელსაც შეთავსებით ვასწავლი, მერე რა ხდება?
– 2 წლის მანძილზე ანაზღაურება მოგეცემათ გაზრდილი ხელფასით ყველა იმ საგნობრივი ჯგუფის საგნებზე, რომლებსაც ასწავლით, დადასტურებულზეც და დაუდასტურებელზეც. 2 წლის მანძილზე უნდა დაადასტუროთ კომპეტენცია. თუ კომპეტენციას ვერ დაადასტურებთ, დაუდასტურებელი საგნების საათებში მოგეცემათ ძველი წესით დაანგარიშებული ხელფასი (როგორც პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლისთვის).
თუ ახალი სახელფასო სისტემით დაანგარიშებისას მაკლდება 60 ლარი, რა ხდება ამ დროს?
– ამ შემთხვევაში შეგინარჩუნდებათ ძველი ხელფასი და დამატებით კიდევ მოგეცემათ 200 ლარი. ამ გაზრდილ თანხას მიიღებთ საშვებულებო ანაზღაურების დროსაც – ივლისის და აგვისტოს თვეების.
„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი
თუ ახალი სახელფასო სისტემით დაანგარიშებისას მემატება მხოლოდ 35 ლარი, ეს არის ჩემი მატება?
– ყველას უნდა გაეზარდოს მინიმუმ 200 ლარით, შესაბამისად, თქვენ კიდევ 165 ლარი დაგემატებათ. აქედან გამომდინარე, საშვებულებო პერიოდშიც მიიღებთ 200-ლარიან ნამატს ივლისის თვის და 200-ლარიან ნამატს აგვისტოს თვის.
როგორ გაიცემა საშვებულებო ანაზღაურება – ახალი წესით თუ ძველი წესით?
– საშვებულებო ანაზღაურება, ივლისის და აგვისტოს თვის, გაიცემა ახალი სახელფასო სისტემით. თუ ნამატი, ძველ ხელფასთან შედარებით, მინიმუმ 200 ლარი არ არის, ამ შემთხვევაში ორივე თვეზე 200-200 ლარიანი დანამატი გათვალისწინებულია.
– დანამატს მხოლოდ ერთ სკოლაში ავიღებ?
– დანამატი (წამყვანი – 150 ლარი, მენტორი – 300 ლარი) გაიცემა ყველა სკოლაში, სადაც ასწავლით, 2 წლის განმავლობაში.
მაქვს 7 საათი, სკოლაში მეტი საათი არ არის. ვარ მენტორი და ვიღებდი 2023 ლარს. ვიცი, რომ ახალი ხელფასით აქცენტს აკეთებთ საათებზე და გამომდის 1011 ლარი. რომელი თანხა მომეცემა?
– 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ 2023 ლარი და დამატებით გეძლევათ 200 ლარი. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი, ცალკე ივლისის და ცალკე აგვისტოს თვის.
– ვარ წამყვანი მასწავლებელი, ვასწავლი 4 მცირეკონტინგენტიან სკოლაში. არსად არ არის ბევრი საათი და მცირე საათებზე ვიღებდი სრულ დანამატს ყველა სკოლაში. ახლა ეს დანამატები მომეხსნება? და თან ყველა სკოლაში ვერ ავიღებ?
– 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება ყველა სკოლაში და დამატებით ოთხივე სკოლაში გეძლევათ 200-200 ლარი. შესაბამისად, ჯამურად თქვენ იმ ხელფასს, რომელსაც ახლა იღებთ 800 ლარი ემატება. ეს გაზრდილი ანაზღაურება მოგეცემათ 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც, როგორც ივლისის ასევე აგვისტოს თვეში.
დანამატი რომ მქონდა 1475 ლარი, ის დამაკლდა და გახდა 300 ლარი?
– სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. 300 ლარიანი დანამატი აღარ არის მიბმული საათებზე და გაიცემა ფიქსირებულად. აქვე განმარტავთ, რომ დაკლება არავის არ შეხებია, პირიქით 200 ლარიანი მატება ყველა მასწავლებელს შეეხო, მიუხედავად საათებისა.
უფროსის დანამატი საერთოდ გააქრეთ?
– სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. ეს იყო მასწავლებელთა მრავალწლიანი მოთხოვნა. მაგალითად, უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება 18 საათზე (სტაჟის და კვალიფიკაციის გარეშე) შეადგენდა საბაზო ხელფასს დამატებული უფროსის დანამატი (405 + 795) 1200 ლარს. ახალი სახელფასო სისტემით კი 18 საათზე შეადგენს – 1790 ლარს.
2015 წლიდან 2018 წლამდე მენტორ მასწავლებელს რომ 700 ლარით გაეზარდა დანამატი, წამყვანს – 450 ლარით და უფროსს 160 ლარით, ეს მაშინ სამართლიანი იყო? გაგეზარდათ ახლაც მხოლოდ უფროსი მასწავლებლის დანამატი და გათანაბრდებოდა ეს სხვაობები.
– ახალი სახელფასო სისტემა ახალ ლოგიკაზეა აწყობილი – თანამდებობრივი სარგოს ძირითადი წილი გადმოვიდა საათობრივ დატვირთვაზე. შესაბამისად, ახალი სახელფასო პოლიტიკით, ასეთი სხვაობა აღარ ფიქსირდება.
აღარ არის პრიორიტეტული მასწავლებლის განვითარებაზე ზრუნვა?
– მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. პროფესიული განვითარება ევალება ყველა მასწავლებელს მიუხედავად სტატუსისა. სისტემაში რჩება წინსვლის შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც სურთ კარიერული წინსვლა და დამატებითი ფუნქციების შეთავსება.
როდის ჩამერიცხება საშვებულებო ანაზღაურება?
– საშვებულებო ანაზღაურება, ორი თვის – ივლისის და აგვისტოს თვის, ირიცხება ივლისის პირველ ნახევარში. შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურება ყველა მასწავლებელს 15 ივლისამდე ჩაერიცხება.
„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“
ახალ ბრძანებაში ორი დანართია, ერთში ჩანს ახალი დანამატები, მეორეში ჩანს ძველი დანამატები. რომელი დანართით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
– ბრძანებაში პირველი დანართით განსაზღვრულია ახალი სახელფასო პოლიტიკა, რითაც მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას ივლისიდან მიიღებენ. მეორე დანართში უცვლელად არის გადმოტანილი ძველი სახელფასო სისტემა, ორი მიზნით: მოხდეს ძველი და ახალი სისტემით ანაზღაურებების შედარება; პრაქტიკოსმა და მაძიებელმა მასწავლებლებმა შეძლონ ანაზღაურების გამოთვლა.
ვმუშაობ ორ სკოლაში. ახალი ფორმულით გამეზარდა 417 ლარით, ხოლო მეორე სკოლაში მომაკლდა 92 ლარი. მეორე სკოლაში ასეთი დანაკლისით ავიღებ?
– თქვენს შემთხვევაში, პირველ სკოლაში აიღებთ გაზრდილ 417 ლარს, ხოლო მეორე სკოლაში შეგინარჩუნდებათ ძველი ხელფასი და დამატებით კიდევ მოგეცემათ 200 ლარი. შესაბამისად, ჯამური მატება 617 ლარი გექნებათ.
უსტატუსო და პრაქტიკოს მასწავლებლებს არ ემატებათ ხელფასი?
– ახალი სახელფასო სისტემით ხელფასი გაეზარდათ მხოლოდ სტატუსიან მასწავლებლებს, ვინაიდან საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება არის ის მინიმუმი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.
ანვრიდან გასული ვარ დეკრეტულ შვებულებაში და მიწევს გამოსვლა 17 ივლისს. როგორ ავიღებ აგვისტოს თვის შვებულებას?
– ვინაიდან ახალი სახელფასო სისტემა ძალაში შედის 1 ივლისიდან, დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ აგვისტოს თვის საშვებულებო მოგეცემათ გაზრდილი ანაზღაურებით იმ საათების შესაბამისად, რომლებიც გქონდათ დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე.
მაისის თვეში გავედი დეკრეტულ შვებულებაში, გაზრდილი ანაზღაურება შემეხება?
– ახალი სახელფასო სისტემა ძალაში შედის 1 ივლისიდან, შესაბამისად, თუ თქვენ მაისის თვეში გახვედით დეკრეტულ შვებულებაში, ანაზღაურება ძველი წესით დაგიანგარიშდებათ.
მინისტრის ბრძანებაში მითითებული ცხრილის მიხედვით 1 საათის ანაზღაურებაში სტაჟის და კვალიფიკაციის დანამატიც ითვლება, თუ მხოლოდ საათობრივი?
– ცხრილში მითითებულია საათობრივი განაკვეთი და შესაბამისი ანაზღაურება თვის განმავლობაში. მითითებულ თანხებს ინდივიდუალურად უნდა დაემატოს მასწავლებლის სტაჟის და კვალიფიკაციის განაკვეთი.
როგორ მოხდება ხელფასის დაანგარიშება ზაფხულში?
– 1 ივლისიდან ყველა მასწავლებელს მიეცემა 2 თვის – ივლისის და აგვისტოს გაზრდილი საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესის შესაბამისად.
ვარ დაწყებითის მასწავლებელი, წამყვანი, მაქვს 13 საათი. ახალი ფორმულით ხელფასი მაკლდება. რა ვქნათ დაწყებითის მასწავლებლებმა, როცა მეტი საათი არ არის?
– გარდამავალ 2-წლიან პერიოდში, ყველა მასწავლებელს გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება და დამატებით კიდევ გეძლევათ 200 ლარი. ამასთანავე, როგორც იცით, სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პროფესიული განვითარების სქემაზე, სხვადასხვა პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს სკოლების და კონკრეტული საგნების სპეციფიკას.
ვარ სპეციალური მასწავლებელი. მყავს 6 მოსწავლე. აზრი აქვს თუ არა, რომ წამყვანის სტატუსი მოვიპოვო ამ ვითარებაში?
– სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც ჰყავს 6 მოსწავლე ძველი წესით გამოსდიოდა 1343 ლარი, ხოლო ახალი წესით დათვლის შემთხვევაში 1875 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვებთ წამყვანის სტატუსს დამატებით მიიღებთ 150 ლარს.
ვარ მენტორი მასწავლებელი, ჩემ ხარჯზე ემატება უფროს მასწავლებლებს?
– ყველა მასწავლებელს, სტატუსის და საათების მიუხედავად, ახალი სახელფასო სისტემით ანაზღაურება ეზრდება მინიმუმ 200 ლარით, ხოლო მეტი ზრდა მიბმულია მეტ დატვირთვასთან. შესაბამისად, არავის ხარჯზე არც გაზრდილა და არც შემცირებულა ხელფასი. უკლებლივ ყველას გაეზარდა ხელფასი მინიმუმ 200 ლარით, მეტი ზრდა კი დამოკიდებული გახდა მეტ საათობრივ დატვირთვაზე.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო