GE

CIU-ში, საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორკშოპი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორკშოპი გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 10 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს მიეძღვნა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობას საგანმანათლებლო და ბიზნეს პროცესებში და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ამჯერად ვორკშოპის მთავარი თემა იყო „AI აგენტები და ციფრული სამუშაო ძალა: მომავლის სამუშაო გარემო დღეს“. შეხვედრას უძღვებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი. მომხსენებელმა მარტივ და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით აუდიტორიას დეტალურად უჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი AI აგენტების გამოყენება სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, ციფრული სამუშაო ნაკადების (workflows) შესაქმნელად და პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეებმა მიიღეს პასუხები კითხვებზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა დაზოგოს დრო და ავტომატურად შეასრულოს ყოველდღიური რუტინული ამოცანები.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცა, სპიკერთან ერთად, სამომავლო სამუშაო გარემოს გამოწვევები და ტენდენციები განეხილათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური