GE

CIU-ში ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“ გაიმართა

6 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მზია კიკნაძე.

სკოლის მასწავლებლებისა და აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესში გამოყენებაზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ტექსტის, საპრეზენტაციო მასალებისა და ვიზუალური კონტენტის გენერირების თანამედროვე პლატფორმებს, ასევე ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის ავტომატიზებულ მეთოდებს. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეფექტიანი პრომპტინგის სტრატეგიებს – ხელოვნურ ინტელექტთან სწორი კომუნიკაციისა და დავალებების ზუსტად ფორმულირების პრინციპებს, რაც მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგის მიღების წინაპირობაა.

პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან ერთად, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს. მომხსენებელმა აუდიტორიასთან ერთად განიხილა კვლევებში AI-ის გამოყენების ეთიკური ჩარჩოები და პლაგიატის პრევენციის თანამედროვე მიდგომები. ამ კონტექსტში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ AI-დეტექტორების ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მათ რეალურ შეზღუდვებს, რაც აკადემიურ სივრცეში ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესში მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისა და სკოლის პედაგოგების / აკადემიური პერსონალის უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას. აღნიშნული შეხვედრა საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“, – ფარგლებში გაიმართა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური