GE

CIU-ში „ვაზისა და ღვინის სამართალის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა – ახალი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

უნიკალური სახელმძღვანელო ღვინის სამართლის შესახებ სტუდენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ეს შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მისცა.

21 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ გია მეფარიშვილისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრ, ნატო ტაბუცაძის უნიკალური ნაშრომის: „ვაზისა და ღვინის სამართალის“ პრეზენტაცია.

როგორც CIU-ში გამართულ პრეზენტაციაზე გაჟღერდა, უნიკალური ნაშრომის დასაწერად ავტორებს სრული 1 წელი დასჭირდათ. სახელმძღვანელო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოიცა. სწორედ ამიტომ, ნაშრომის პრეზენტაციის დასაწყისშვე, იდეის დაფინანსებისა და უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერისთვის, ავტორებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს და ასევე სამართლის ფაკულტეტის დეკანს, გიორგი ხატიძეს.

როგორც EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და სახელმძღვანელოს ავტორებისგან მოისმინა, ეს წიგნი არა მხოლოდ აკადემიური კვლევაა, არამედ მთავარი ხიდია სამართალსა და ქართულ ღვინის კულტურას შორის. ის ასახავს მევენახეობა-მეღვინეობის სამართლებრივ რეალობას ევროპულ და ქართულ კონტექსტში და შედარებითი სამართლის მიდგომებს ემყარება.

ავტორებმა საფუძვლიანად მიმოიხილეს წიგნის შინაარსი, კვლევითი მიდგომები და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა.

“სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ მეღვინეებსა და მეწარმეებს, არამედ მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს. მასალა შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, გადაწყვიტონ ყველა ის პროგრობლემა, რაც ამ სფეროში შეიძლება იყოს წამოჭრილი”, – აგვიხსნა სახელმძღვანელოს თანაავტორმა ნატო ტაბუცაძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვაზისა და ღვინის სამართლის ლექტორი, გიორგი სამანიშვილი კი ამბობს, რომ გამოცემული წიგნი ევროკავშირის ღვინის კანომდებლობის შესასწავლად უნიკალური სახელმძღვანელოა – “პიონერია, რადგან ქართულ ენაზეა გამოცემული”.

“სახელმძვანელო, როგორც საფრანგეთის, ისე ევროკავშირისა და საქართველოს მეღვინეობისა და სამართლის შედარებითი კვლევის საფუძველზე გამოიცა. ის ეხება მეღვინეობის რეგულაციებს, ვაჭრობას, ექსპორტის შესახებ ყველა საკითხს”, – აგვიხსნა, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ.

დღევანდელი ღონისძიება მოწვეული სტუმრების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აუდიტორიის განებივრებას მსგავსი საინტერესო სახელმძღვანელოებებით, რომელთა მიმართაც, როგორც აკადემიური საზოგადოების ინტერესია მზარდი, ისე რიგითი, შემეცნებით ლიტერატურაზე შეყვარებული მკითხველის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური