GE

CK-12 სკოლებისთვის – პროექტი, რომელმაც 60 სკოლის, 327 მასწავლებლისა და 9 522 მოსწავლის სასკოლო ცხოვრება შეცვალა

განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივის „საგანმანათლებლო პლატფორმის CK-12 სკოლების ქსელი“ ფარგლებში ჩართულ ხუთ გამარჯვებულ სკოლას, რომელთაც CK-12-ის დანერგვისა და გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს, საჩუქრად პროექტორი და ეკარანები გადაეცათ.

ინიციატივის მიზანი CK-12-ის საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია და სწავლა-სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება იყო. აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი ნაბიჯი, რომელიც ორგანიზაციებმა იგივე მიზნის მისაღწევად და სკოლების თანამედროვე, მრავალფეროვანი, ხარისხიანი, უფასო, ქართულენოვანი დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნცელსაყოფად გადადგეს. დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც სკოლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნიკალური პლატფორმა CK-12 გააცნო. მის ათვისებასა და დანერგვაში გამორჩეულებს კი, ცოდნისა და გამოცდილების გარდა, საკმაოდ ღირებული პრიზებიც მოუტანა.

ცოტა რამ საგანმანათლებლო პლატფორმის CK-12 შესახებ

EDU.ARIS.GE-ს მკითხველი საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12 უკვე კარგად იცნობს და იცის, რომ ესაა მრავალფეროვანი ბაზა, რომელზეც STEM საგნების მიმართულებით დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოებია განთავსებული. უფრო კონკრეტულად, ესაა ელეტრონული მასალები, რომელთა მეშვეობითაც პედაგოგებს შეუძლიათ სასკოლო მასალის ახსნის პროცესი გაიმარტივონ და მოსწავლეებს ესა თუ ის საკითხი სახალისო და საინტერესო გზით შეასწავლონ. აქ იგულისხმება ელექტრონული წიგნები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიზუალური მასალა, სამეცნიერო სიმულაციები, „ფლექს ბუქები“ და ა.შ. მასალები განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პლატფორმა უკვე 15 წელია, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში კი მისი დანერგვა გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი ინიციატივით დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში შეირჩა, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა 15 სახელმძღვანელო. ამის შემდეგ კი მათ გავრცელებაზე დაიწყო ზრუნვა და საამისოდ, ქვეყნის მაშტაბით, არაერთი აქტივობაც განხორციელდა.

„საგანმანათლებლო პლატფორმის CK-12 სკოლების ქსელი“

რაც შეეხება პროექტსა და კონკურსს, რომლის შესახებაც დღეს ვწერთ, იგი საჯარო სკოლებისთვის 2022 სასწავლო წლის დაწყების წინ გამოცხადდა და მასში 60 სკოლა, 327 მასწავლებელი და 9 522 მოსწავლე ჩაერთო. თითოეულ სკოლასთან ინდივიდუალური მუშაობისთვის 20 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა. პედაგოგებმა პლატფორმა პრაქტიკაში დანერგეს, 2022 წლის ბოლოს კი საუკეთესო შედეგის მქონე 5 სკოლა გამოვლინდა. მაისში, ანუ კონკურსის დასასრულს, კიდევ ხუთი ასეთი სკოლა დასახელდება. საბოლოოდ კი პროექტს მასშტაბური კონფერენცია შეაჯამებს, სადაც რჩეული 10 სკოლა, სხვა მონაწილეებთან ერთად, თავიანთ გამოცდილებას ფართო საზოგადოებას გაუზიარებს. როგორც განათლების კოალიციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გვეუბნება, კონფერენციის მიზანია რაც შეიძლება მეტ სკოლას მიაწოდოს ინფორმაცია CK-12-ის შესახებ და მის სასწავლო პროცესში დანერგვაშიც დაეხმაროს.

„ჩვენს სისტემაში ნამდვილად არსებობს გამოწვევა საგანმანათლებლო რესურსების კუთხით, განსაკუთრებით კი ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში. ქართულ ენაზე საინტერესო მასალები მწირია. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ეს სამინისტროს სტრატეგიაში ჩამოთვლილ გამოწვევებშიც კი ნახსენებია. სწორედ ამან გვაფიქრებინა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელი იყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იყო საკონკურსოდ სკოლების შერჩევის პროცესი, მთავარი კრიტერიუმი მათი მოტივაცია გახლდათ. მაქსიმუმი გაკეთდა, რათა სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, სხვადასხვა ზომისა და ტიპის სკოლა შერჩეულიყო. თითოეული კონსულტანტი სამ სკოლასთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობს. კონსულტირების პროცესი ინტენსიურია და წლის ბოლომდე უწყვეტად გაგრძელდება“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი კი დასძენს, რომ საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური რესურსების ინტეგრირება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახადონ სასწავლო პროცესი და უკეთესად უპასუხონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს.

„ისევე როგორც ნებისმიერ სიახლეს, მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ამ პლატფორმის სისტემურ დონეზე დანერგვას, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მასწავლებლისა და მოსწავლისათვის. ამისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პლატფორმა CK-12 ინტეგრირდა ამ უნივერსიტეტების შესაბამის საგნობრივ სილაბუსებშიც. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩართულია შესაბამის რეგიონებში პლატფორმა CK-12-ის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაშიც“, – აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი.

„რესურსებით დახმარება, პედაგოგისთვის, ყველაზე დიდი დახმარებაა“ – 5 სკოლის გამარჯვების ისტორია

როგორც უკვე გითხარით, კონკურსში მონაწილე 60 სკოლიდან საუკეთესო პრაქტიკის მქონე ხუთი სკოლა გამოვლინდა. თბილისის, საჩხერის, ონისა და ჭიათურის სკოლების პედაგოგებმა არა მხოლოდ თავად აითვისეს და დანერგეს CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმა, არამედ ცოდნას უკვე, მეზობელი სკოლებისა თუ ქალაქების სკოლებში, კოლეგებსაც უზიარებენ.

ერთ-ერთი მათგანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაა, რომლის დირექტორი ნონა ყაველაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროექტში ჩართვა მისი გაცნობისთანავე გადაწყვიტა. იმასაც გვეუბნება, რომ სკოლის საბუნებისმეტყველო და მათემატიკის საგნების პედაგოგებს, თავდაპირველად, დიდი ენთუზიაზმი არ გამოუვლენიათ, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ იყვნენ და პროექტში ჩართულობასაც სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა, როგორც ქალბატონი ნონა გვიყვება, ის კოლეგებს მუდმივ გვერდში დგომასა და მხარდაჭერასთან ერთად, შესაბამისი მატერიალური რესურსებით მომარაგებასაც დაჰპირდა და სულ რამდენიმე კვირაში შედეგებიც სახეზე იყო.

„მასწავლებლები ხომ ძალიან დაინტერესდნენ და ბავშვებიც საოცარ ინტერესს იჩენენ. მანამდე გაკვეთილებზე მოსწავლეთა ასეთი ჩართულობა და ინტერესი არ მინახავს. დამხმარე მასალები, დღევანდელ საგაკვეთილო პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მითუმეტეს, სოფლის სკოლებისთვის, რადგან ქალაქის სკოლებს მაინც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. სოფლის სკოლებისთვის კი ეს გამოწვდილი დახმარების ხელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სწავლის პროცესი გავაუმჯობესოთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდებოდნენ მასწავლებლები შედეგების გამოქვეყნებას. როდესაც 5 საუკეთესო სკოლაში ჩვენი თავიც აღმოვაჩინეთ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან შრომა დაუფასდათ. იმხელა სტიმული მოგვეცა, რომ პროექტში მაისამდე კი არა, იმის შემდეგაც სიამოვნებით დავრჩებოდით“, – აცხადებს ნონა ყაველაშვილი.

7 მასწავლებლით იყო წარმოდგენილი პროექტში სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაც, რომლის პრიორიტეტიც, მისი დირექტორის განმარტებით, სწორედ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაა. მონაწილე შვიდ პედაგოგს შორის ერთ-ერთი თავად დირექტორი, დალი რაზმაძე გახლდათ. შესაბამისად, მან, კოლეგების მსგავსად, პირადად გაიარა ყველა ის ნაბიჯი, რასაც პროექტი მოიცავდა და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა. ამბობს, რომ მისი ჩართულობა, კოლეგებისთვის, განსაკუთრებული სტიმულის მომტანი აღმოჩნდა.

„მოგეხსენებათ, ბავშვები ამ საგნებს – ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, მათემატიკას რთულ საგნებად მიიჩნევენ. ამ რესურსებმა კი მათ აზრი შეაცვლევინა. იგი იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითოეული მოსწავლის განსხვავებულ, ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. აქ არის სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა, სიმულაციები, შემაჯამებელი დავალებები, ანიმაციები და ა.შ. მათი მეშვეობით თითოეული საკითხი ისეა ახსნილი, რომ ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელია. გაკვეთილიც სრულყოფილია და მოსწავლეებიც მეტად აქტიურობენ.

„კარგია, რომ CK-12-ის მასალები TEAMS-ის პლატფორმაზე ჩაშენდა. ამან ხელმისაწვდომობა გაზარდა. ეს უკვე ყველას უმარტივებს მის გამოყენებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. მას პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად გამოვიყენებთ. უკვე კოლეგებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. მაგალითად, გეოგრაფიის პედაგოგს, რადგან ამ მასალებს გეოგრაფიასთანაც აქვს კავშირი, ანუ მასაც შეუძლია გამოიყენოს. ბევრი მასწავლებელი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს მეზობელი სოფლების სკოლებიდანაც“, – აღნიშნავს ონის საჯარო სკოლის დირექტორი და დასძენს, რომ მოუთმენლად ელიან პროექტის ბოლოს, შემაჯამებელ კონფერენციაზე, სხვა მონაწილეებთან შეხვედრას და თავიანთი გამოცდილების მათთვის გასაზიარებლად უკვე პრეზენტაციასაც ამზადებენ.

„ძალიან კარგი სტარტი გვაქვს“ – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე და დასძენს, რომ ვინაიდან STEM-ის საგნებში დამხმარე, მით უფრო ასეთი მრავალფეროვანი მასალებით ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები განებივრებულები არ არიან, კოლეგების დარწმუნება პროექტში მონაწილეობის თაობაზე, არ გასჭირვებია. მათმა მონდომებამ და კონსულტანტ-მასწავლებლების უწყვეტმა მუშაობამ განაპირობა ისიც, რომ სკოლა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ხუთ საუკეთესოს შორის მოხვდა.

„კონსულტანტ-მასწავლებლებისაგან მუდმივი მხარდაჭერა მოდის. ყველაფერი ისე დაგეგმეს და განახორციელეს, რომ თამამად შეიძლება ითქვას – პროექტმა ძალიან კარგად იმუშავა და პედაგოგებს დიდი სამსახური გაუწია. მოგეხსნებათ, ბავშვებს უჭირთ ხოლმე საგანთა შორის კავშირის დანახვა. მაგალითად, უჭირთ დაინახონ ქიმიის კავშირი ფიზიკასთან, ბიოლოგიასთან და მათ, როგორც ცალ-ცალკე საგნებს, ისე განიხილავენ. CK-12-ის მასალებით კი ამ კავშირებს ცხადად ხედავენ, თავად იძიებენ ინფორმაციას. უკვე რამდენიმე აქტივობა განვახორციელეთ. მაგალითად, მოსწავლეთა კონფერენცია გვქონდა, სადაც პლატფორმიდან აღებული მასალებით პრეზენტაციები მოამზადეს. რესურსებით დახმარება პედაგოგისთვის ყველაზე დიდი დახმარებაა“, – აღნიშნავს ჟუჟუნა გაბაიძე.

ჩვენს კითხვაზე, რას მიიჩნევს მთავარ ბენეფიტად, რომელიც პროექტმა, მრავალ სხვა სარგებელთან ერთად, სკოლას მოუტანა, დირექტორი გვპასუხობს, რომ ყველაზე მთავარი პედაგოგებს შორის თანამშროლობითი კულტურის განვითარება იყო.

„ცოდნაც, გამოცდილებაც, საჩუქრებიც, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია, თუმცა ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მთავარი მაინც მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება იყო. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ერთად გეგმავდნენ, იკვლევდნენ, მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ ერთმანეთთან, დაახლოვდნენ და ამის გააზრება ძალიან სასიამოვნოა“, – დასძენს N26 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი.

პროექტში კოლეგებთან ერთად ჩაერთო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად, ბუნებისმეტყველების პედაგოგი გელა მაჭარაშვილიც. ამბობს, რომ პროცესი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო და სულ ცოტა ხანში CK-12 მისთვის და მისი კოლეგებისთვის, გაკვეთილის წარმართვის პროცესში, შეუცვლელი დამხმარე გახდა. მალევე აღმოაჩინეს, რომ პლატფორმა არაჩვეულებრივი საშუალებაა პანდემიისგან გაჩენილი დანაკლისების ამოსავსებად და მოსწავლეების დასაინტერესებლად.

„შევამჩნიეთ, რომ ბავშვებს ეს ყველაფერი მოსწონდათ. განსაკუთრებით ვიზუალური მასალა – პატარა ფილმები, ანიმაციები, ფოტოები. მათთვის ეს სახალისოა და უკეთესად ითვისებენ. ამ პროექტმა მასწავლებლებისა და ბავშვების მაღალი ჩართულობა მოგვიტანა, საუკეთესო ხუთ სკოლაში დასახელებამ კი საოცარი სტიმული შეგვძინა. ახლა უკვე ჩვენი რაიონის სკოლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებსაც ვატარებთ. პლატფორმას ზოგი მანამდეც იცნობდა, ზოგს ჩვენ გავაცანით. ვაჩვენებთ როგორ ვიყენებთ მას და რაში გვეხმარება. გვყავს საინიციატივო ჯგუფიც და ვაპირებთ, რომ დაინტერესების შემთხვევაში პედაგოგები, ჩვენს გაკვეთილებზე, სხვა სკოლებიდანაც მოვიწვიოთ. მათ სკოლებში ვიზიტებსაც ვგეგმავთ“, – გვეუბნება გელა მაჭარაშვილი.

STEM საგნების გაძლიერებას სკოლის მთავარ მისიად მიიჩნევს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი და დასძენს, რომ CK-12-ის პლატფორმა სკოლის მისიას სწორედ რომ მიესადაგება. შესაბამისად, როდესაც კონკურსი გამოცხადდა, მათ მოტივაცია სწორედ სკოლის მისიით დაასაბუთეს. ამგვარად, მოხვდნენ პროექტში და რვა პედაგოგმა პლატფორმაზე არსებული მასალების სასწავლო პროცესში დანერგვა დაიწყო.

„კონკურსის ფარგლებში, პედაგოგებმა, კონკრეტული პროექტები განახორციელეს, პლატფორმის კომპლექსურ დავალებებში ინტეგრირება დაიწყეს, ერთმანეთში თანამშრომლობა გაააქტიურეს. ანუ, სასკოლო კულტურაზე დიდი გავლენა იქონია. მასწავლებლები მუდმივად წუხან იმაზე, რომ მხოლოდ სახელმძღვანელო არ არის ამომწურავი რესურსი სწავლების პროცესში. განსაკუთრებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაში. ამიტომ, ისინი მუდმივად დამატებით მასალას ეძებდნენ. ახლა კი მათ იმდენად კარგი ნიშა მონახეს, პირდაპირ პროგრამაზე მორგებული, რომ მის გარეშე გაკვეთილების დაგეგმვა ვეღარც წარმოუდგენიათ. პროექტი სკოლას, თავისი მისიის შესრულებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმაში, ძალიან დაეხმარა“, – გვეუბნება ლენა გომართელი.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. იგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური