GE

ცნობილია, როდიდან ამოქმედდება ზოგად განათლებაში დაგეგმილი ცვლილებები – ვადები განათლების სამინისტროში დაასახელეს

ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სასკოლო საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებს მომავალი კვირიდან დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.

როგორც დღეს, 29 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა, უკვე განსაზღვრული აქვთ, რომელი ცვლილება რა ვადებში უნდა ამოქმედდეს და როგორც აღმოჩნდა, სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება, ძირითად სიახლეებს სექტემბერში, 2026-2027 სასწავლო წლიდან უნდა ელოდოს.

რომელი ცვლილება რა ვადებში ამოქმედდება:

პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რა ელის სკოლას, მოსწავლეს და ეროვნულ სასწავლო გეგმას 11-წლიანი სწავლების დამტკიცებით – სპეციალისტის ანალიზი

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან.

ამავე (2027-2028) სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

რაც შეეხება სკოლაში ერთი სახელმძღვანელოს შემოღების პრინციპს, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

ასევე იხილეთ:

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური