შეიქმნება ახალი ტიპის საჯარო სკოლები – ცნობილია როგორ იგეგმება სახელოვნებო განათლების სფეროს მოწესრიგება
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და ცვლილებათა პაკეტში შემავალ თანმდევ პროექტებზე იმუშავებს. ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმიდან ვიგებთ.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მთავრობისგან წარედგინება და როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის გასული წლის მოხსენებაშიც იყო ნათქვამი, “სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა” პრიორიტეტული საკითხია, “დასრულებულია მუშაობა სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის პაკეტზე და ის საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება”.
კულტურის კომიტეტის განმარტავს, რომ „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია სახელოვნებო განათლების, როგორც ფორმალური განათლების ერთ-ერთი ნაწილის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლების შექმნა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში სახელოვნებო განათლება, გარდა უმაღლესი პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საფეხურებისა, არაფორმალური განათლების ფორმით ხორციელდება და არ არსებობს სახელოვნებო განათლების ქვედა დონეების ფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრირების სამართლებრივი საფუძვლები.
„სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლება წარმოადგენს განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ხასიათდება სპეციფიკით და გამოირჩევა განსხვავებული რეგულირებების საჭიროებით. ამასთან, არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო აქტი, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი ცვლილების შეტანის გზით სრულად აისახებოდა. შესაბამისად, მომზადდა ახალი საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც კომპლექსურად მოაწესრიგებს სახელოვნებო განათლების სფეროს.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება სახელოვნებო განათლების საწყისი საფეხურების ფორმალიზების სამართლებრივი საფუძვლები და განისაზღვრება: ფორმალური სახელოვნებო განათლების არსი და მისი მარეგულირებელი ჩარჩო; ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების წესი; ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და ავტორიზაციის საკითხი; ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების შედეგად მისანიჭებელი კვალიფიკაციები; ფორმალური განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების სტატუსი; ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების საკითხები; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უძრავი ქონების გადაცემის საკითხები და სხვ“, – აღნიშნულია კულტურის კომიტეტის გეგმაში.
ცვლილებები დაგეგმილია არაერთ კანონში და მათ შორის არის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტი, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება შეიქმნას საჯარო სკოლა „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
„შესაბამისად, დაფუძნებული სკოლებისათვის განისაზღვრება განსხვავებული პირობები მოსწავლეთა მიღების, გარიცხვისა და სასკოლო სასწავლო გეგმის ორგანიზებასთან მიმართებით, რაც აისახება შესაბამის კანონქვემდებარე აქტებსა და სასკოლო საათობრივ ბადეში. ამასთანავე, კანონიდან ამოღებული იქნება რეგულაცია სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების შესახებ, რამდენადაც აღნიშნულს სრულად „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონი მოაწესრიგებს“, – ვკითხულობთ სამოქმედო გეგმის დოკუმენტში.
საკანონმდებლო ცვლილებათა სრული ჩამონათვალი იხილეთ სრულ დოკუმენტში.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების არმქონე ხელოვანებს სკოლაში სწავლების უფლება დაუკანონდათ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება