GE

ცვლილებები „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში რიგი ცვლილებები განხორციელდა და ზოგიერთი მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა:

1. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს არანაკლებ 30 წუთამდე) გაკვეთილების ხანგრძლივობა.“

აქვე განმარტებულია, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას, ამ ბრძანების მე-16 მუხლის მე-4-7 პუნქტები და მე-17 მუხლში შემავალი პუნქტები დარეგულირდება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად.“

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანასური და ადამიანური რესურსი, შეუძლია შეიმუშავოს IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი – IX კლასში, 4 გაკვეთილი – XI კლასში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი.

საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დოკუმენტში განმარტებულია მოსწავლის შეფასების საკითხიც:

სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) მიმდინარე საშინაო დავალება;

ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ:

ა) ვარიანტი I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები), შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები);

ბ) ვარიანტი II – შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საკლასო და საშინაო დავალებებში სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, სკოლამ შემაჯამებელი დავალებების ქულებთან ერთად დაწეროს მიმდინარე საკლასო და/ან საშინაო დავალებების ქულები, თუმცა, არ იანგარიშოს სემესტრული ქულის გამოთვლისას. ვარიანტი II-ის არჩევის შემთხვევაში, სკოლამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, ასევე სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების ტიპობრივი დახასიათება და ჯამური მინიმალური რაოდენობა.

დოკუმენტის თანახმად, V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება და ასევე, მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე.

ბრძანებით გაიწერა საათობრივი ბადე, როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სკოლებისთვის:

საათობრივი ბადე ცხრილების სახით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური