GE

“DAAD” სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაგიფარავთ

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის კონკურსს აცხადებს და მსურველებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობს.

განაცხადის გაკეთება ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულს ან სტუდენტს, შესაბამისად დოქტორანტს, მაგისტრანტს ან მეცნიერს შეუძლია. თუმცა ყველა მათგანი კონკურსის წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. “DAAD”-ში სულ 12 სასტიპენდიო პროგრამაა.

კონკურსანტი, რომელიც განაცხადს 2014 წლის სექტემბერში შეიტანს, დაფინანსებას 2015 წლის სექტემბრისთვის მიიღებს.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტებს, იგი საკმაოდ განსხვავებულია და იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელ სტიპენდიას ირჩევს მსურველი.

იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ სტიპენდია მოიპოვოს, Aris.ge-განათლებას “DAAD”-ის წარმომადგენელი ესაუბრა.

“წინაპირობები განსხავებულია კვლევით სტიპენდიაზე. მაგალითად, აუცილებელია თანხმობა/მოწვევა გერმანელი პროფესორისგან. ზოგადად, ყველა სასტიპენდიო პროგრამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად და არგუმენტირებულად იყოს წარმოდგენილი, რის გაკეთებას აპირებს კონკურსანტი (მოტივაციის წერილი/პროექტის დახასიათება). სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პირებს, რომლებიც უკვე 15 თვეზე მეტია გერმანიაში იმყოფებიან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის მიერ უნივერსიტეტის დამთვრებიდან დღემდე არ უნდა იყოს გასული 6 წელზე მეტი (მაგ.: კონკურსანტმა, რომელმაც 6 წელზე მეტია დაამთავრა ბაკალავრიატი განაცხადის შემოტანა არ შეუძლია სამაგისტრო სტიპენდიაზე),”- განუცხადა Aris.ge-განათლებას ნინო ანთაძემ.

კონკურსანტების განაცხადებს გერმანიიდან ჩამოსული დამოუკიდებელი კომისია განიხილავს, რომელიც საქართველოში სწორედ გასაუბრების ჩატარების მიზნით ჩამოდის.

როგორც “DAAD”-ში განმარტეს, ის სასტიპენდიო პროგრამები, რომელთაც გასაუბრება არ ესაჭიროებათ, გერმანიაში განიხილება:

“ამისთვის ბონის ცენტრალური ოფისი იწვევს დამოუკიდებელ დარგობრივ კომისიას, რომელიც აფასებს კონკურსანტის საბუთებს. კომისია თავიდან ბოლომდე გერმანულია. ის შედგება გერმანელი პროფესორებისგან და ბონის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლისგან. პასუხი კი კონკურსანტებს განაცხადის შეტანიდან 5-6 თვეში ეცნობებათ”.

“DAAD” სწავლის გადასახადის გარდა გერმანიაში ცხოვრების ხარჯებსაც ფარავს. სტიპენდია სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში ყოველთვიურად 700-750 ევროს შეადგენს, ხოლო დოქტორანტებისთვის 1000-1200 ევროს. აღსანიშნავია, რომ ორჯერ ერთი და იგივე პირის დაფინანსება შესაძლებელია, თუმცა არა ერთსა და იმავე პროგრამაზე.

Aris.ge-განათლებას მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შარშანდელი მონაცემებით, 387 აპლიკანტიდან 87 კონკურსანტი დაფინანსდა. კონკურსს კი “DAAD” ყოველი წლის სექტემბერში აცხადებს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური