დადგინდა როგორ და რა მიმართულებით იმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო – დეტალები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების შესახებ ბრძანებაში.
კერძოდ, განისაზღვრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს შერჩევის წესი, ფუნქციები და საქმიანობის წესი.
საკოორდინაციო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა
1. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.
2. საკოორდინაციო საბჭო შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 13 წევრისაგან. საკოორდინაციო საბჭოს წევრად პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ: სამინისტროს წარმომადგენელი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს მმართველობით თანამდებობაზე დასაქმებული პირებისა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), პრორექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (გარდა ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმებული პირი ან დაწესებულების დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი), სტუდენტი, დამსაქმებელთა/დამსაქმებელთა გაერთიანების და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სპეციალისტები/ექსპერტები და სხვა პირები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის.
4. საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი ან ცენტრის სხვა თანამშრომელი.
საკოორდინაციო საბჭოს შერჩევის წესი
1. საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების კონკურსის გზით შერჩევის თაობაზე, რომელიც თავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ი. დაინტერესებული მხარეები ამ მუხლის მიზნებისთვის არიან: სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კანდიდატებს შეარჩევს ცენტრის დირექტორი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2. საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ცენტრის დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან ცენტრის, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, აგრეთვე, მოწვეული პირები. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საკოორდინაციო საბჭოს წევრი, რომელიც წარდგენილია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ა.ბ) აკადემიურ ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ა.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ბ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ბ.გ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: გ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ.ბ) პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ.გ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;
დ) დამსაქმებელთა/დამსაქმებელთა გაერთიანების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: დ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ.ბ) შესაბამის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება; დ.გ) საბჭოს წევრობის კანდიდატად დანიშვნის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის (მენეჯერულ პოზიციებზე) სტატუსის ქონა;
ე) სტუდენტის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ე.ა) არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის ქონა, ამასთან, არ უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ე.ბ) მაღალი აკადემიური მოსწრება; ე.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამის პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით; ე.დ) სტუდენტურ ან/და საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და პროექტებში ჩართულობა.
ვ) სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ვ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ.ბ) სამოქალაქო სექტორში ან განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ვ.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით.
ზ) უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კვოტით, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრ ან სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარების მქონე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობის ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ ან საგანმანათლებლო პროგრამულ შეფასებებში მონაწილეობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები
საკოორდინაციო საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებების შესახებ;
ბ) განიხილავს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
გ) განიხილავს ცენტრის სტრატეგიული გეგმის, სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს, ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;
დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;
ე) განიხილავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;
ვ) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) განიხილავს ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს;
თ) განიხილავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს;
ი) განიხილავს ცენტრის შიდა აუდიტის ანგარიშებს;
კ) მონაწილეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში;
ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
მ) შეარჩევს ცენტრის დირექტორობის კანდიდატ(ებ)ს და წარუდგენს მინისტრს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად;
ნ) მონაწილეობს ცენტრის დირექტორის გათავისუფლების პროცესში;
ო) ქმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების, დირექტორის, დირექტორის მოადგილის, აუდიტის სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შემსწავლელ ეთიკის კომისიას, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
პ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე), რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან, ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ერთ-ერთ წევრს აკისრებს საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულებას.
2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საკოორდინაციო საბჭოს სხდომას.
4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში არანაკლებ ერთხელ. საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, საკოორდინაციო საბჭოს წევრთა 1/3-ის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
5. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ სხდომის დღის წესრიგი და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
6. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში.
9. სხდომის ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ელექტრონული ფოსტით.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი, მათ შორის, დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული სხდომის ოქმი, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
11. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში და დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.
12. საკოორდინაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი და უნდა შეეძლოს ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.
13. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.
14. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:
ა) თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;
ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
გ) ცენტრის დირექტორის მოთხოვნით, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ჩატარება გამართლებულია ტექნიკური მიზეზით, ფინანსური ან/და სხვა გონივრული დასაბუთებით.
15. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობენ სხდომაში.
16. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ცენტრი.
მინისტრის ბრძანება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება