GE

„დაგვიანებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესია უნდა ინიშნებოდეს“ – გულშემატკივრების სურვილი და თხოვნა გამოცდების ცენტრს

აბიტურიენტების მხრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგვიანებების  შემთხვევები გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა და არც 2023 წელია გამონაკლისი. გამოცდაზე  დაგვიანებული თითოეული აპლიკანტის წუხილი, ჩამწყდარი ხმა და ცრემლიანი თვალები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გულშემატკივართა რიგებიდან ასეთივე ემოციებით სავსე ხმა გაიგოთ: „შეუშვით, რა…“ განსაკუთრებით გულდასაწყვეტი კი დაგვიანება მაშინ არის, როდესაც აბიტურიენტს წინა გამოცდა ჩაბარებული აქვს.

როდის შეეძლება გამოცდაზე დაგვიანებულ ან გამოუცხადებელ აბიტურიენტს დამატებითი ტესტირება მოითხოვოს – ბრძანება

როგორც წესი, საგამოცდო ცენტრში დაგვიანებულ აპლიკანტს ცენტრის დაცვის სამსახური ესაუბრება და პროცედურებს უხსნის. აღნიშნავს, რომ აბიტურიენტთა გამოცდაზე  დაშვების გადაწყვეტილება მათი უფლებამოსილება არ არის და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს უკავშირდება, რომელიც ადგილზე მიდის და აღელვებულ აბიტურიენტს უცხადებს, რომ, სამწუხაროდ, დაგვიანების გამო, გამოცდაზე ვერ შეუშვებენ. ამის შემდეგ აბიტურიენტს აქვს უფლება, საგანმანათლებლო რესურსცენტრს (რეგიონის შემთხვევაში) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართოს, რომელსაც განიხილავენ და პასუხს აცნობებენ.

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, დაგვიანებული გამოსაცდელის გამოცდიდან უკან გაბრუნებას გულშემატკივართა რიგებიდან პროტესტი ხშირად მოჰყვება ხოლმე. უმეტესად მშობლები აქტიურობენ. ასე მოხდა 11 ივლისს 175-ე საჯარო სკოლაშიც. სადაც აბიტურიენტმა ბიჭმა 10-11 წუთით დაიგვიანა. EDU.ARIS.GE ფაქტს ინგლისური ენის გამოცდის პირველ სესიაზე შეესწრო, რა დროსაც ადგილზე აფრიკის დასახლებიდან მუხიანში ტაქსით მისული აბიტურიენტის უკან გამობრუნებას გულშემატკივართა სერიოზული პროტესტი და ცენტრის დაცვასთან შელაპარაკებაც კი მოჰყვა.

წვიმაში მდგომი სხვა აბიტურიენტების გულშემატკივართა აღშფოთება სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბიჭი მუხიანის საგამოცდო ცენტრში აფრიკის უბნიდან მოდიოდა, ეს ლოკაციები კი ძალიან შორს არის ერთმანეთისგან.

“თქვენი შვილი რომ იყოს დაგვიანებული, არც მათ შეუშვებდით?”, “კარგით, რა, გამოიჩინეთ ადამიანობა”, “ახლა, რამე რომ დაუშავოს საკუთარ თავს, თქვენ აგებთ პასუხს?!”- ისმოდა რეპლიკები საგამოცდო ცენტრის დაცვის სამსახურის მისამართით.

დღევანდელი ამ ინციდენტის შემდეგ, გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, თუ როგორ უყურებენ გულშემატკივრები, ზოგადად, აბიტურიენტების საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების საკითხს და ხომ არ აქვთ რაიმე სათქმელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი და გადაწყვეტილებების მიმღები უწყებისთვის.

“დაგვიანება არ არის კარგი. მეც ვეუბნები ჩემს შვილს, ადრე მივიდეთ-მეთქი. 20 წუთით ადრე მოვდივართ რეგისტრაციის დაწყებიდან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მშობლებს არ მოჰყავთ შვილი და ბავშვები მარტო ცხადდებიან. საცობია, ზოგი რეგიონიდან მოდის, არის სხვადასხვა შემთხვევა. ვფიქრობ, ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ და მათთვის – აბიტურიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ”, – გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც აბიტურიენტის დაგვიანების ფაქტს თავადაც შეესწრო.

კიდევ ერთი გულშემატკივარი კი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ  გამოცდაზე დაგვიანებული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია უნდა ინიშნებოდეს.

“ჩვენ ხომ არ ვიცით, რატომ იგვიანებენ ბავშვები. მაგალითად, ეს აბიტურიენტი ტაქსით მოვიდა, შორი გზა გამოიარა. როგორც თქვეს, აფრიკის უბნიდან მოვიდა გამოცდაზე. დამატებითი საგამოცდო სესია უნდა დაინიშნოს ამ ბავშვებისთვის, ეს არის გამოსავალი, მათ ხომ გადაიხადეს გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური”.

მშობელი, ნინო მიქაძე კი მიიჩნევს, რომ აბიტურიენტის გამოცდაზე დაგვიანების  მთავარი მიზეზი ისაა, რომ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრებში მათი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით არ ანაწილებენ.

“ჩვენ საბურთალოდან მოვედით საკუთარი ავტომობილით. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც იგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე. ერთ-ერთი და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ ხდება აბიტურიენტების გადანაწილება საგამოცდო ცენტრში. როგორც აღვნიშნე, საბურთალოდან მუხიანში ვართ გამოცდისთვის მოსული. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სამუშაო დღეა, მაგრამ მშობლების გარკვეულ ნაწილს ხედავთ აქ. ისინი შიშობენ, შვილმა გამოცდაზე არ დაიგვიანოს და ამიტომ, პრევენციისთვის, თავად მოჰყავთ. ამის გამო თავადაც წყდებიან საქმეებს და სამსახურის გაცდენაც უწევთ”, – აცხადებს ნინო მიქაძე.

კიდევ ერთი აბიტურიენტის დედა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინება უმთავრესია. ის საკუთარ ხედვასაც გვიზიარებს იმ შემთხვევისთვის, თუ NAEC-ი დაგვიანებული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესიის ჩანიშვნის მზაობას გამოთქვამს:

“როცა აბიტურიენტი არ ცხადდება გამოცდაზე, მიზეზი რაც არ უნდა იყოს, შედეგი ასეთია: მას უწევს 1 წელი ლოდინი იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მომდევნო წელს ჩაბარების სურვილი კვლავ ექნება. თუ საგამოცდო ცენტრს შეუძლია, რომ დამატებითი სესია ჩანიშნოს, რატომაც არ უნდა ჩანიშნოს?! მაგრამ ეს მათთვისაც არის დამატებითი ხარჯი და ვერ მოვთხოვთ, უბრალოდ, რომ ვთხოვოთ ეს შეგვიძლია. სამართლიანები რომ ვიყოთ, ასეთი ინიციატივა მაქვს: ხელმეორედ გადაიხადოს დაგვიანებულმა აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლის საფასური და  არავინ დარჩება გაწბილებული. უწყების მიმართაც სამართლიანი იქნება ასეთი შეთავაზება”.

როგორც ხედავთ, აბიტურიენტების გულშემატკივრების პოზიცია ასეთია: მიუხედავად იმისა, რა არის აბიტურიენტის დაგვიანების მიზეზი, თუ მათ გამოცდაზე მოგვიანებით გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, ამ ფაქტს მიესალმებიან.

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტის სავალდებულო ქცევის წესები საგამოცდო ცენტრში და დეტალები პროცესის შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური