GE

დაიცავით 8 საათიანი ძილის რეჟიმი და აკონტროლეთ კვება – გამოცდის წინა დღის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

როცა დილას დაღლილი და საქმისთვის მოუმზადებელი სახით ვიწყებთ, გვესმის ლოგიკური კითხვა – „კარგად გამოიძინე?“. მართლაც, ის, თუ როგორ გეძინა ღამით მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყურები და მუშაობთ მომდევნო დღეს. აბიტურიენტებისთვის ახლა ძილი, დასვენება და სწორი დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ ივლისის თვეში გამოცდები ელით წინ და ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სწორედ იმისთვის, რომ გამოცდებზე თქვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ და ამის მისაღწევად პროფესიონალის რჩევებს იცნობდეთ, EDU.ARIS.GE ქცევის თერაპევტსა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგს, მარიამ ჭამიაშვილს ესაუბრა.

– პირველ რიგში, გვითხარით, როგორი უნდა იყოს გამოცდის წინა დღე აბიტურიენტისთვის, ფიზიკურად დატვირთული თუ პირიქით?

– ზოგადად, გამოცდების წინა პერიოდი ძალიან რთული და სტრესული ეტაპია აბიტურიენტისთვის. უშუალოდ გამოცდის მოახლოებასთან ერთად, იზრდება სტრესის დონე და შფოთვა, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის მათ რაციონალურ აზროვნებაში. სწორად ამიტომ, გამოცდის წინა დღე არა პროგრამის გადამეორებას, არამედ განტვირთვას უნდა მიეძღვნას. მაქსიმალურად მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ყოფნაა სასურველი. ფიზიკურ დატვირთვას რაც შეეხება, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ყოველთვის კარგი არჩევანია. აბიტურიენტებს ვურჩევ, მოერიდონ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. არ წავიდნენ გამოცდის წინა დღეს რეპეტიტორებთან, მძიმე ვარჯიშისგან თავი შეიკავონ და მაქსიმალურად ორიენტირებული იყვნენ დასვენებაზე.

– რომელ საათზე უნდა გაიღვიძონ და დაიძინონ გამოსაცდელებმა, დღის მანძილზე რა შეუძლიათ, რომ აკეთონ?

– ვინაიდან ძილის რეჟიმი თითოეული ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალურია, არ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ 07:00 ან 08:00 საათზე გაღვიძება იქნება უპრიანი, თუმცა კარგად გამოძინება და დასვენებული სხეული, გონებასაც დაეხმარება აზროვნების პროცესში. ღამით, 22:00-დან 12-საათამდე შუალედში დაძინება და 8 საათიანი ძილის ხანგრძლივობა საუკეთესო დროა ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. დღის მანძილზე კი ყველაფრის კეთება შეიძლება, რაც არ არის დაკავშირებული გადატვირთვასთან, სტრესთან. ყველაფერი, რაც არ მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

– კვების ნაწილში როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია, გამოცდის დღეს, გამოცდის დაწყებამდე, აუცილებელია აბიტურიენტმა საკვები მიიღოს და რა მიირთვას?

–  ვინაიდან აბიტურიენტები მთელი წლის განმავლობაში ძალიან დატვირთულები არიან, არა მხოლოდ წინასაგამოცდოდ, არამედ მთელი წელი უნდა აკონტროლონ საკვები რაციონი. გარდა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რომელი პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში და გამოიმუშავებს ე.წ. ბედნიერების ჰორმონებს, ესენია: ავოკადო, შავი შოკოლადი, სატაცური, ზღვის პროდუქტები და ა.შ. უშუალოდ გამოცდის წინა პერიოდში მცენარეული ჩაი, თაფლი და თხილეული, დაეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და კონცენტრაციის გაზრდაში.

გამოცდამდე საკვების მიღება ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ყურადღების კონცენტრაცია რთულდება როდესაც ორგანიზმს არ აქვს მიღებული საკმარისი კალორიული მარაგი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საკვები სასურველია იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და ნოყიერი, რათა შიმშილის გრძნობამ არ შეუშალოს ხელი აზროვნების პროცესს, ან მძიმე საკვებმა არ შექმნას დისკომფორტი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,მსუბუქი საკვები, კალორიებით და ცხიმებით გამდიდრებული პროდუქტი საუკეთესო არჩევანია. ეს შესაძლოა იყოს ფაფა თხილეულით და თაფლით, ავოკადოს ტოსტი, ხემსი (შავი შოკოლადი, ნიგოზი, ნუში) და ა.შ.

– მიმართეთ აბიტურიენტებს

– ეცადეთ, რომ თქვენი გონება მიმართოთ საკუთარი ძალების რწმენისკენ, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი იშრომეთ და არა იმაზე, რა შეიძლება რომ შეგხვდეთ ტესტში. დაუთმეთ წინა საღამო საკუთარ თავს და განიტვირთეთ. სუნთქვითი სავარჯიშოები, სასიამოვნო მუსიკა, ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.

ასევე იხილეთ:

როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური