„დაპირებებიდან არაფერი შესრულდა – არც ვაკანსიებია და არც დანამატები“ – „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ იმედგაცრუებული კურსდამთავრებულები
პროექტი პროექტისთვის – ასე შეიძლება შეფასდეს პროგრამა, რომელიც ერთი წლის წინ გამოცხადდა, უამრავი ფული დაიხარჯა, გარს უამრავი დაინტერესებული ადამიანი შემოიკრიბა, განხორციელდა კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. საუბარია „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაზე“, რომელიც გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. ჩანაფიქრი საინტერესო იყო, ბენეფიციარებს არც განხორციელების ნაწილში აქვთ შენიშვნები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მიზანი, რომელსაც პროგრამა ისახავდა, არ შესრულდა. შედეგი, რომლის დადებასაც ემსახურებოდა, უბრალოდ არ დადგა.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის გათვლილი მიზნობრივი პროგრამა იყო, რომლის მიზანსაც, ორგანიზატორებისვე თქმით, სოფლის სკოლების საჭიროებებზე ზრუნვა წარმოადგენდა. „სიტუაციამ გვიჩვენა, რომ თუ ქალაქის სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსი იყო მაღალი, სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებს მასწავლებლის ვაკანსიებზე ახალი კადრის მიზიდვა გაუჭირდათ. სწორედ ამ სკოლების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, – აღნიშნავდა EDU.ARIS.GE-სთან მაშინდელ ინტერვიუში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი და დასძენდა, რომ ბევრ მცირეკონტინგენტიან სკოლას ვაკანსია შეუვსებელი დარჩა.
”ეროვნულ სკოლაში“ 2000 ბენეფიციარის მომზადება იყო გათვალისწინებული. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებდა, რომ პროგრამა მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობდა.
„ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი პედაგოგების მომზადებით. გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მაშინდელ ინფორმაციაში.
„პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. “მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ”, – ეს კი თავად მასწავლებლის სახლის ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტია, რომელსაც სარეგისტრაციო ფორმა მოსდევდა.
აღნიშნული ტექსტები მკითხველს აფიქრებინებდა, რომ პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმება, ფაქტობრივად, გარანტირებული იქნებოდა. სასწავლო კურსი ძირითადად მოიცავდა თეორიულ ნაწილს საბაზისო ცოდნაში და მისი ხანგრძლივობა სხვადასხვა საგნისთვის განსხვავებული იყო. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ იგი ერთჯერადი არ იქნებოდა და მიღებას მომავალშიც გამოაცხადებდნენ. პროგრამა არც დაინტერესებულ პირთა ნაკლებობას უჩიოდა.
მოკლედ, პროგრამა გამოცხადდა, ბენეფიციარები შეირჩნენ, სხვადასხვა საგანში გადამზადდნენ კიდეც და სერტიფიკატებიც აიღეს. მათ თავად შეძლოთ აერჩიათ დასაქმების სასურველი არეალიც და თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგრამა სოფლებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების განვითარებას ემსახურებოდა, გასაკვირი არცაა, რომ დასაქმების სასურველ ადგილად სწორედ რეგიონები და განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლები ჰქონდათ მითითებული.
თუმცა როგორ მათთან საუბრით ირკვევა, პროგრამამ ვერ შეასრულა მთავარი მიზანი – მასწავლებლობის მსურველებს საჯარო სკოლებში დასაქმებაში, მცირეკონტინგენტიან სკოლებს კი საჭირო კადრებით შევსებაში დახმარებოდა.
EDU.ARIS.GE პროგრამის არაერთ მონაწილეს ესაუბრა და გაარკვია, რომ კურსის წარმატებით გავლისა და ხშირ შემთხვევაში, კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, დასაქმება შეუძლებელი აღმოჩნდა. მცირეკონტინგენტიანი სკოლები სულაც არ გამოთქვამდნენ სურვილს ახალი კადრების მიღებასთან დაკავშირებით და ისეთებშიც კი, სადაც ვაკანსიები გამოცხადდა, პროგრამითა და მის კურსდამთავრებულებით არც კი დაინტერესდნენ. ანუ, რეალურად საქმე ისე კი არ დგას, რომ სოფლის სკოლებს კადრების პრობლემა აქვთ და იქ სამუშაოდ კვალიფიციური კადრები არ მიდიან, არამედ კადრი არის, მაგრამ ადგილი – არა.
რესპონდენტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, დაწყებითი განათლების კომბინირებული ტრენინგები (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) ბათუმში გაიარა და სასურველ სამუშაო ადგილადაც აჭარის რეგიონი მიუთითა. კურსი წარჩინებით დაასრულა, სერტიფიკატიც მიიღო, მოტივაციაც მაღალი ჰქონდა და აქვს, სურვილიც და მზაობაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აჭარის რეგიონი მცირეკონტინგენტიანი სკოლების ნაკლებობას არ განიცდის, იგი სამუშაო ადგილს დღემდე ვერ პოულობს.
ამბობს, რომ თავად პროგრამას, შინაარსობრივი კუთხით თუ ორგანიზების თვალსაზრისით, წუნს ვერავინ მოუძებნიდა. ამიტომაც, მისით ბევრი იყო დაინტერესებული და ბევრმაც გაიარა. თუმცა ორგანიზატორებმა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში, პროგრამის სამიზნე ობიექტების – მცირეკონტინგენტიანი სკოლების ინფორმირებულობაში მოიკოჭლეს.
“ყველაფერი იყოს ისე, როგორც მასწავლებლის სახლს შეეფერებოდა. ძალიან საინტერესო ტრენერები იყვნენ, მთელი მონდომებით ცდილობდნენ მასალის ახსნას. ზოგიერთ პრაქტიკულ აქტივობას იქვე, ადგილზეც ვაკეთებდით ხოლმე, რაც თვალსაჩინოება იყო ჩვენთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართულის ტრენინგები, რადგან ამ საგანში, ესგ-ს მიხედვით, სხვადასხვა თემაზე სხვადასხვა მეთოდის, აქტივობისა და სტრატეგიის შემუშავების მეტი შესაძლებლობაა. ტრენინგების მსვლელობა იმდენად საინტერესო იყო, რომ მონაწილეებს დაუკმაყოფილებლობის განცდაც კი გვქონდა. უფრო მეტის მოსმენაც გვინდოდა და იყო თემები, როცა დროს ვაჭარბებდით, ვრჩებოდით დამატებით და განვიხილავდით, ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და გამოცდილებას ვუზიარებდით. საერთო ჯამში, პროგრამას ათიდან ათზე შევაფასებდი.
„ერთადერთი, რაც გამართული არ იყო, ეს დაბალკონტიგენტიანი სკოლების ინფორმირებულობაა. რეალურად, ეს პროექტი იმისთვის გაკეთდა, რომ ასეთ სკოლებს კვალიფიციური კადრებით დახმარებოდნენ, მაგრამ როდესაც ტრენინგები დასრულდა და ვაკანსიები დაიდო, არც ერთი სკოლიდან არ გამოგვხმაურებიან. მე პირადად საბაზო-საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, უფროსი მასწავლებლის სტატუსით. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც გავლილი მაქვს. მიუხედავად სტატუსისა, ჩვენს მიმართ სკოლების მხრიდან გამოხმაურება მაინც ნოლი იყო. პირადად ჩემს ჯგუფში მაღალმთიანი სოფლებიდან დადიოდნენ ტრენინგებზე, მაგრამ ვერცერთი ვერ დასაქმდა. ქალაქის სკოლებში კი კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ამ პროექტში მონაწილეობას ყურადღებას არც აქცევენ.
„ასევე, ნათქვამი იყო, რომ პროექტში მონაწილეობის გამო სახელფასო დანამატი იქნებოდა. თუ არ ვცდები 300 ლარის ოდენობით. მაგრამ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა, რადგან ვინც დასაქმდა (თორმეტკაციან ჯგუფში ვიყავი და მხოლოდ ერთი დასაქმდა) მას პასუხიც ვერ უთხრეს, ჯერჯერობით გაურკვეველიაო.
„საბოლოო ჯამში, ამ პროექტმა მომცა ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება, თუმცა პრაქტიკაში გამოყენების საშუალება – არა. სერტიფიკატების გადაცემისთვის შეხვედრა მოეწყო და გადამზადებული მასწავლებლების 95% მაგ უკმაყოფილებას გამოვთქვამდით“, – ამბობს იგი.
ანა ჯანგიშერაშვილიც ერთ ერთი ბენეფიციარია. „ეროვნული სკოლის“ ფარგლებში მანაც დაწყებითი კლასების კომბინირებული ტრენინგი გაიარა. დასაქმების სასურველ ადგილად კასპის რაიონი მიუთითა. ანას დღემდე მაძიებლის სტატუსი აქვს, თუმცა კასპის რაიონის სოფელ ახალციხის სკოლაში მუშაობა დაწყება შეძლო.
„პროგრამა კარგი იყო, მაგრამ არასაკმარისი. სასარგებლოა – იხსენებ საგანს და თითქოს სისტემის ნაწილი ხდები, მაგრამ დასაქმებაში ხელს ნამდვილად არ გიწყობს. თანაც დაპირებული იყო რომ დანამატი უნდა აგვეღო, ეგეც ტყუილი აღმოჩნდა. მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებაში კი დამეხმარა. ზოგადად კი, პროგრამის გამეორებას არ ვურჩევდი. რეალურად, სარგებელი, რაც ამ პროგრამიდან მივიღე, ის იყო, რომ კარგი მეგობრები შევიძინე“, – გვეუბნება ანა.
მისი თქმით, პროგრამის დასრულების შემდეგ ელოდნენ, რომ სკოლებში ადგილები გამოთავისუფლდებოდა და სისტემა ახალი კადრებით შეივსებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, სკოლები თითქმის არავის დაუტოვებია. ანა ამბობს, რომ მისი 20-კაციანი ჯგუფიდან სამსახურის შოვნა მხოლოდ სამმა შეძლო. მასაც უბრალოდ გაუმართლა, რადგან დღეს სკოლაში მუშაობს და ამ გამართლებას შემთხვევითობას უმადლის და არა „ეროვნულ სკოლას“.
„ძალიან ბევრისგან იყო ფინანსური დაინტერესება. ელოდნენ, რომ მაღალმთიან, მცირეკონტინგენტიან სკოლაში დაიწყებდნენ მუშაობას და დანამატი მიეცემოდათ, ეს ძალიანაც მოსწონდათ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა და ალბათ, არც იქნება. გამოცდაჩაბარებული ხალხი სახლში ზის“, – დასძენს ანა.
ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა ჩვენმა მომდევნო რესპონდენტმაც, რომელმაც გორისა და ქარელის რაიონის ნებისმიერ სკოლაში მოსახვედრად მუსიკასა და ხელოვნებაში გადამზადება „ეროვნულ სკოლაში“გაიარა. სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, მას ჯერ სერტიფიკატიც კი არ აუღია. ამბობს, რომ „ეროვნული სკოლის“ დასრულების გამო ის სასურველ კადრად არავის მიუჩნევია და სკოლების ადმინისტრაციები ამ ფაქტს ყურადღებას არც კი აქცევენ.
„ყველა სკოლიდან, სადაც ჩემი რეზიუმე გავგზავნე, უარი მომივიდა. საგნის გამოცდაზე გაზაფხულზე გავდივარ, მაგრამ ყველას, ვინც ეროვნული სკოლა დავამთავრეთ, უფლება მოგვეცა 2 წელი ვიმუშაოთ და ასევე, თუკი მცირეკონტინგენტიან სკოლაში წავიდოდით, დანამატიც უნდა დაგვნიშვნოდა. თუმცა სულ ტყუილი აღმოჩნდა. დანამატს არავინ იღებს. ვაკანსიებიც ფორმალურად იდება. გაზაფხულზე გამოცდას ჩავაბარებ და როცა სერტიფიცირებული ვიქნები, იმედია სკოლები ასეთ მტკიცე უარს მერე მაინც ვეღარ მეტყვიან.
„ეროვნულმა სკოლამ ბევრი რამ მოგვცა, პირადად ჩემთვის ეს პროგრამა ძალიან საინტერესო იყო. კარგი ტრენერები გვყავდა და მათგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ დაპირებებიდან არაფერი შესრულდა – არც დანამატებია და არც ვაკანსიები“, – ამბობს ქალბატონი.
„პროგრამის გამოცხადებისთანავე ძალიან დავინტერესდი და ქუთაისში გავიარე“- გვიყვება ჩვენ შემდეგი რესპონდენტი, რომელმაც კვალიფიკაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში აიმაღლა. დასაქმების სასურველ არეალად მას იმერეთის რეგიონი ჰქონდა არჩეული. აღნიშნული კურსთან ერთად მასაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა და გავლილი აქვს მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც. ერთი შეხედვით, ჩვენს რესპონდენტს, თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სამუშაოს შოვნა რეგიონში, რომელშიც უამრავი მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
„სიმართლე რომ გითხრათ, მაგით (გულისხმობს სკოლას – ავტ.) დიდად არავინ დაინტერესებულა. თავად პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, შესანიშნავი ტრენერი გვყავდა. ველოდი, რომ ამას თუ გავივლიდი, დასაქმებას შევძლებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მითხრეს მცირეკონტინგენტიან სკოლაში გამოგადგებაო, მაგრამ სკოლებში მაგით სულ არ ინტერესდებიან“, – ამბობს იგი.
ვინაიდან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად სამსახურში არავინ აიყვანა, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ საკუთარი ძალებით მხოლოდ ისღა შეძლო, რომ ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის სკოლაში მუშაობა საქმეთა მმართველად დაეწყო. ახლა უკვე სასწავლო ნაწილია, თუმცა მისი სურვილი ქართული ენის მასწავლებლობაა.
განათლების სფეროს სპეციალისტის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელის შალვა ტაბატაძის თქმით, პროგრამას ჩანაფიქრშივე ჰქონდა პრობლემები, როდესაც ორგანიზატორები მიიჩნევდნენ, რომ კადრების სხვა პროფესიებიდან მოზიდვა, მათი რამდენიმე კვირიანი გადამზადება და მასწავლებლად აღიარება სწორი გადაწყვეტილება იყო. ამბობს, რომ ეს მასწავლებლის პროფესიასაც ამცირებდა და გამოცდებმაც, ზოგ შემთხვევაში, არცთუ კარგი შედეგები აჩვენა.
„როგორც ჩანს, ეს არ იყო მიზნობრივი პროგრამა, რომელსაც TPDC (მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ახორციელებს ხოლმე, მაგალითად მაღალმთიანი რეგიონებისთვის, ან უმცირესობათა სკოლებისთვის, როდესაც ის თავად არჩევს კადრებს და მათ კონკრეტული ვაკანსიებისთვის ამზადებს. უბრალოდ, მათ დაინახეს, რომ საპენსიო ჯილდოს გაცემის შემდეგ მცირეკონტინგენტიან სკოლებში გარკვეული დეფიციტი შეიქმნა და გადაწყვიტეს ეს მასწავლებლები გადაემზადებინათ. ჩემთვის უცნობია რატომ არ მოჰყვა ამას მიზნობრივი პროგრამა. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ პროფესიული განვითარების პროგრამასთან, რომელშიც გარკვეულმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო და შემდგომ დასაქმებაზე მათ თავად უნდა ეზრუნათ.
„რამდენად იყო საჭირო მისი განხორციელება და ფინანსური რესურსის დახარჯვა ახალი საკადრო რესურსის მოსამზადებლად, რომელსაც სისტემაში შესვლა უნდა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან სისტემაში შესვლის მსურველები ისედაც ბევრი გვყავდა. ჩვენ სისტემაში ვაკანტური ადგილების გაჩენის პრობლემა გვქონდა. ეს პრობლემა საპენსიო ჯილდომ ერთგვარად გადაჭრა, თუმცა ბოლომდე ვერა. აქ გათვლილი უნდა ყოფილიყო ისიც, რომ ჩვენ ისედაც გვყავდნენ მასწავლებლები, რომლებსაც სერტიფიცირებაც გავლილი ჰქონდათ და კვალიფიკაციაც დადასტურებული. რამდენად იყო საჭირო დამატებით იურისტების, ჟურნალისტებისა და ბუღალტრების გადამზადება?
“ჩემი აზრით, ეს პროგრამა ამ მიმართულებითაა სწორედ ხარვეზიანი, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებლის პროფესია მაღალკვალიფიციური პროფესიაა და მას სერიოზულად მომზადება სჭირდება. მსგავსი ტიპის კურსებით კი შეუძლებელია სერიოზულად მოამზადო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იგი არსებითად არ იყო საჭირო, რადგან ბევრად უკეთესად მომზადებული საკადრო რესურსი არსებობდა, რომელსაც სისტემაში შესვლა უნდოდა. შესაბამისად, რატომ დაიხარჯა თანხა, თუკი ეს მიზნობრივი პროგრამა არ იქნებოდა და ამ მასწავლებლების გაგზავნა კონკრეტულ ვაკანსიებზე არ მოხდებოდა, ჩემთვის ეს უცნაურია“, – აცხადებს ექსპერტი.
იგი გამართლბულად არ მიიჩნევს პროგრამის კურსდამთარებულებისათვის შესარჩევი კონკურსის დროს უპირობო პრივილეგიის მინიჭებასაც, რადგან ეს სხვა კონკურსანტების მიმართ უსამართლო იქნებოდა.
„თუ ვსაუბრობთ, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებულები ვერ მოხვდნენ სკოლებში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაშიც კი და ისინი სკოლამ არ შეარჩია, ეს უკავშირდება ზოგადად სკოლების მიერ კადრების შერჩევის ხარვეზს, რომელიც ნაკლებად გამჭვირვალეა და ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. რეალურად, ვაკანტურ ადგილებზე კონკრეტული ადამიანი სკოლებს წინასწარ შერჩეული ჰყავთ ხოლმე და ვაკანსია ფორმალურადაა გამოცხადებული. რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური კადრი მივიდეს, სკოლა მას არ აიყვანს. ეს პრაქტიკა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაშიც ფართოდაა გავრცელებული.
“რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები – თბილისში მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს გაცემის შემდეგ ჩატარდა კონკურსები, რომლითაც რეალურად შეარჩიეს ახალი კადრები, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევაში სკოლები ამ პროცედურას ფორმალურად ატარებენ. ეს პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელმაც სისტემა შეისწავლა და ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა, როდესაც სხვადასხვა სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე მაღალკვალიფიციური კადრების მონაცემები დააგზავნა და არც ერთი მათგანი გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს. თუმცა ამას დიდი რეაგირება პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, არ მოჰყოლია. „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებიც აღმოჩნდნენ ამ გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცედურების მსხვერპლი, როცა ეგონათ, რომ სისტემაში ადვილად შევიდოდნენ და რეალურად, ვაკანტურ ადგილებზე ვერ დასაქმდნენ, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა“, – დასძენს შალვა ტაბატაძე.
სპეციალისტი პროექტის განმეორების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან რეალობა უკვე აჩვენებს, რომ კადრების სიჭარბეა. შესაბამისად, დაუსაქმებელი ადამიანების არმიისათვის კიდევ ერთი არმიის დამატება და ამისათვის ისევ დიდი ოდენობით თანხის გახარჯვა, მისი აზრით, აზრსმოკლებული იქნება.
თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან გვქონდა – რა შედეგებით დასრულდა პროგრამა, გადამზადებული ბენეფიციარების რა ნაწილმა შეძლო დასაქმება, რა კონკრეტული ხელშეწყობა ჰქონდათ მათ, რატომ ვერ იღებენ დასაქმებული პირები დაპირებულ სახელფასო დანამატებს, რა ოდენობის თანხა დაიხარჯა პროგრამის განხორციელებაზე, იგეგმება თუ არა მისი ხელახლა ამოქმედება და ა.შ. თუმცა მრავალმხრივი მცდელობისა და თითქმის ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება