დატოვებს თუ არა თანამდებობას 51-ე სკოლის დირექტორი – სკოლა ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ
სკოლის შესასვლელთან – დაცვა, ეზოში – უმცროს კლასელთა მშობლები, ზარის დარეკვის შემდეგ ჟრიამული და მხიარულება, დღეც თითქოს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ერთი წლის წინ, ოღონდ, ამჯერად – დათოს და ლევანის გარეშე… ერთი წლის წინ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე შეეწირა. 16 წლის მოზარდები ხორავას ქუჩაზე, თავისივე თანატოლებმა, სასიკვდილოდ დაჭრეს.
ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ, რომელიც 1-ელ დეკემბერს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, სკოლა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მორალური პასუხისმგებლობის გამო, დატოვა თანამდებობა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემაც, რომელ სკოლაშიც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასა და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბავშვები სწავლობდნენ. თანამდებობის დატოვების შესახებ, განცხადება 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემაც წარუდგინა სამეურვეო საბჭოს, თუმცა საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დატოვებს თუ არა თანამდებობას დირექტორი, მოითხოვეს თუ არა სკოლიდან გადასვლა მოსწავლეებმა ტრაგედიის შემდეგ, სჭირდებათ თუ არა დღესდღეობით მათ ფსიქოლოგის დახმარება, როგორ დაეხმარა სამინისტრო და მანდატურის სამსახური და რა შეიცვალა სკოლაში ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, EDU.ARIS.GE-სთან 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე საუბრობს.
– ქალბატონო მანანა, წელიწადი გავიდა იმ უმძიმესი დღის შემდეგ, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა. შეიცვალა რამე სკოლაში, ამ ხნის განმავლობაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით?
– მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მხრივ, პრინციპში, არაფერია, რადგან ჩვეულებრივ, როგორც მუშაობდა მანდატურის სამსახური, ისე მუშაობს დღესაც. თუმცა ისინი აღარ ემორჩილებიან დირექტორს, რადგან აღარ გვაქვს სამმხრივი ხელშეკრულება სკოლის დირექტორს, მანდატურსა და მანდატურის სამსახურს შორის. მანდატური მხოლოდ მანდატურის სამსახურს ექვემდებარება, მაგრამ ეს ცვლილება ჩვენ არ გვიგრძნია, მაინც ერთად ვართ, ერთად ვმუშაობთ, ყველა შემთხვევას ერთად განვიხილავთ… სკოლაში, უსაფრთხოების ნორმების მხრივ, ვერ გეტყვით, რომ რაიმე შეიცვალა, ვერ გეტყვით, რომ მაშინ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. თქვენც დაინახეთ, რომ დარაჯი კი არა, ჩვენ კართან დაცვის სამსახური დგას, მორიგეები დგანან, ასევე, ყოველ სართულზე. ბავშვები თავს სრულიად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ასეა დღეს და ასე იყო ერთი წლის წინაც.
– თუმცა ეს ამბავი სკოლაში დაიწყო და შემდეგ გარეთ, ტრაგიკული შედეგით დასრულდა. გარე პერიმეტრის კონტროლი მანდატურის მოვალეობა არ არის?
– ჩვენ როგორ შევძლებთ, რომ ხორავას ქუჩა გავაკონტროლოთ? სკოლის ეზოში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მუდმივად გადიან მანდატურები, ეს მათი მოვალეობაა. იმ დღეს არ ვიყავი სკოლაში და არ შემიძლია, პასუხი გაგცეთ. ასევე, ყველა დამრიგებელი, საჭიროებისამებრ, აკონტროლებს სიტუაციას.
– ქალბატონო მანანა, ამ ტრაგედიის შემდეგ, თქვენ სკოლაში დარჩით, როგორც ხელმძღვანელი. მოგვიანებით კი, განცხადება გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს წარუდგინეთ, რომელმაც ის არ დააკმაყოფილა. რატომ არ დატოვეთ სკოლა თავიდანვე, ან მოგვიანებით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– წასვლა იმავე დღეს მინდოდა, მაგრამ ძალიან მძიმე პროცესები იყო სამართავი, უმძიმესი წელი გვქონდა, განსაკუთრებით – ის სემესტრი და ვერ ვიტყვი, რომ შვებას ვიგრძნობდი, მაგრამ იმ დროს ჩემთვის, წასვლა გაცილებით მარტივი იქნებოდა, ვიდრე დარჩენა. მასწავლებლებს, მშობლებს, ადმინისტრაციას, ბავშვებს, ფსიქოლოგი კი არა, ფსიქოლოგთა გუნდის ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობა დაგვჭირდა. მუდმივად დავდიოდით ფსიქოლოგებთან და ისინიც დადიოდნენ სკოლაში. რომ გითხრათ, რომ არ იყო დაძაბულობა, მოგატყუებთ! დაძაბულობა იყო ბავშვებს შორის, ზოგადად სკოლაში, გართულდა სასწავლო პროცესის მართვა, იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება 2500 ბავშვისა და მათი მშობლების მხრიდან. ეს ტრაგედია პარასკევს მოხდა და ერთი კვირის შემდეგ, როცა ბავშვები დავასაფლავეთ, ორშაბათს, უკვე სასწავლო პროცესი ყველა მეთერთმეტე კლასში აღდგა – დაღუპული ბავშვების ორივე პარალელურ კლასში და თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ურთულესი სიტუაცია იქნებოდა? ამ შემთხვევაში, მე არ მივეცი საკუთარ თავს წასვლის უფლება, რადგან დარჩენა ჩემი მორალური გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი ვის – როგორ, მაგრამ მე ასე მესმის პასუხისმგებლობა, სკოლის წინაშე, სადაც სამი ათეული წელი გავატარე.
შემდეგი სემესტრის დასწყისში უკვე, როდესაც ნელ-ნელა სიტუაცია შეიცვალა და რისკი და საშიშროებაც ნაკლები იყო, დავწერე განცხადება გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ სამეურვეო საბჭომ ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დამარწმუნა, რომ არ უნდა წავსულიყავი. თუმცა დღის წესრიგში ისევ დგას ეს საკითხი, მე თვითონ ვაყენებ დღის წესრიგში.
– სამინისტროს მხრიდან სკოლას, ალბათ, გარკვეული თანადგომა ჰქონდა…
– რა თქმა უნდა! განათლების სამინისტრო თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პროცესში, რადგან ჩვენ მარტო ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდით. შეიქმნა გუნდი განათლების მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის, მანდატურის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ფსიქოლოგების შემადგენლობით, შუალედურ კომისიაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ანა არგანაშვილი და მაია ცირამუა. ყოველკვირეულად ვიკრიბებოდით სამინისტროში, ვაწვდიდით მათ სიახლეებს და შემდგომ ნაბიჯებს ვგეგმავდით.
პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და ადმინისტრაციას სწორედ მანდატურის სამსახურის და მაია ცირამუას ორგანიზაციის ფსიქოლოგები გვემსახურებოდნენ. დავდიოდით როგორც მაიასთან, ასევე მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან. ისინიც შემოდიოდნენ კლასებში და მუშაობდნენ გუნდურად თუ ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად.
– ამჟამად ფსიქოლოგის ვიზიტი მოსწავლეებს, ალბათ, აღარ ესაჭიროებათ?
– ფსიქოლოგი, ჩვეულებრივ, გვყავს სკოლაში და თუ ვინმეს რამე დასჭირდა, ეხმარება, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირებით მისთვის აღარავის მიუმართავს. მძიმედ, მაგრამ ის ერთი წელიწადი მაინც გადავიტანეთ, დაძაბული ფონიც საგრძნობლად შემცირდა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ეს ბავშვები რაღაცნაირად გამოგვეყვანა მდგომარეობიდან.
– მოსწავლეთა მშობლების მხრიდან თუ იყო რაიმე პრეტენზია, ან ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანის მოთხოვნები?
– არავითარი, მსგავსი არაფერი ყოფილა! პირიქით, მშობლების მხარდაჭერას და თანადგომას ვგრძნობდი, რადგან მათ იციან და, ალბათ, თქვენც წარმოგიდგენიათ, ეს იყო ისეთი შემთხვევა, რაც ჯვარი სწერია ყველას და, შეიძლება ყველგან მოხდეს. ჩვენ ერთად გავიარეთ უმძიმესი ერთი წელი, რა დროსაც ამ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის დემონიზაცია მოხდა, ფაქტობრივად. ვინ რას ამბობდა, ვინ როგორ წერდა, რა ინიციალებით, აშკარად თუ ფარულად, ვინ ვის სწამებდა ცილს… ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. ეს ბავშვები იყვნენ მოწმეები, მიმდინარეობდა მუდმივად მათი დაკითხვა, პროცესები რაღაცნაირად იყო სამართავი და მგონია, რომ ადმინისტრაციამ, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, თავისი მისია შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, ჩვენი სკოლის სახელი შეებღალათ, სკოლისა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ისეთივე წარმატებები აქვთ, როგორიც აქამდე ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით.
არასდროს მქონია სურვილი, პასუხი გამეცა ამ ადამიანებისთვის, მაგრამ გული კი მწყდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა. არავინ იცის, ამ ერთი წლის განმავლობაში რა გადავიტანე, მაგრამ ბოლო გადაცემამ რაც ვნახე, ძალიან გამაოცა და გული მატკინა, რომ თითქოს დათოს ბებიამ რაღაც მოითხოვა ჩვენგან და არ მივეცით. ამ ქალბატონს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, დათო კი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოსწავლე იყო ჩემი და მგონია, რომ ჩვენ ოჯახურ გარემოს ვქმნიდით დათოსთვის. ამიტომ, არ მესმის, არასწორი ინფორმაცია რატომ მიაწოდა საზოგადოებას ბებიამ, რა იყო ამის მიზეზი?
– დაღუპული ბავშვების მშობლებს არ გამოუთქვამთ საყვედური თქვენს მიმართ?
– არასდროს, რას ბრძანებთ? ძალიან ხშირად დავდივართ ბავშვების საფლავზე, ლევანის დედას სახლშიც ვაკითხავთ. დათოსთან რა სიტუაციაც არის, კი ხედავთ… ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქრებს და იტყვის, მაგრამ… სკოლა ამასაც გაუძლებს და უდიდესი ტკივილის მიუხედავად, კიდევ უფრო გაძლიერდება.
– ხომ არ ფიქრობთ, იმ დღეს რომ სკოლაში ყოფილიყავით, იქნებ ეს ტრაგედიაც არ მომხდარიყო?
–არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, იმიტომ, რომ მე არ მახსენდება მანდატურის მიერ შემჩნეული რაიმე დაძაბულობა, რომელიც ჩვენ ერთად არ განგვიხილავს, არც ახლა და არც მანამდე. ვერ გეტყვით, რა იქნებოდა. ეს იყო შემთხვევა, რომელსაც ვერავინ გაექცევა, მერე კი უკვე ამას ვინ როგორ გამოიყენებს და რა სარჩულს დაუდებს, ეს სხვა საქმეა.
ნონა ქარქაშაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება