GE

„დაუფასებლობა ბევრჯერ გვიგვრძნია თავად კოლეგებისგანაც“ – სპეციალური მასწავლებლების გამოცდა დასრულდა

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე სპეციალურ მასწავლებლებლებს, სტატუსის ამაღლების მიზნით, უფროსი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება უწევთ. წელს ეს გამოცდა პირველად ტარდება და როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, იმედი აქვთ, რომ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება და შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მაღალი კვალიფიკაციაც აქვთ და საუკეთესო შედეგის ჩვენებაც შეუძლიათ.

191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გამოსაცდელებისგან საინტერესო შეფასებები მოვისმინეთ:

„5 წელია, რაც სპეციალური მასწავლებელი ვარ. პირველად პრაქტიკა ბაღში მქონდა და 3 წელი ვმუშაობდი იქ. სკოლის სპეციფიკა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, რადგან უამრავ ბავშვს სჭირდება ჩვენი დახმარება და შესაბამისად ცოდნის გარეშე ჩვენ ვერაფერს გავხდებით, ტრენინგები ბევრი გვაქვს გავლილი, პლუს გადამზადებები, სასწავლო ცენტრებში. პირადად მეც მყავდა ტრენერი, რომ ამ მიმართულებით მოვემზადებინე, არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვით, რომ სპეც მასწავლებლები ყველაზე გადამზადებული კადრები ვართ და გვავალდებულებენ კიდეც, რომ ასე იყოს.

საგამოცდოდ უამრავი მასალები გვქონდა მოცემული, თეორიული ცოდნა თუ არ გაქვს, ვერც ბავშვის საჭიროებებს მიხვდები და ვერც მის მდგომარეობას ამოიცნობ, ამიტომ ამ მასალებს ჩვენ მხოლოდ საგამოცდოდ არ ვეცნობით ხოლმე, ზოგადად, ძალიან ბევრი კითხვა გვიწევს. პირველ რიგში, რასაც მივესალმები და რაც მიხარია ისაა, რომ ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა დაწინაურების, ჩვენი ხელფასებიც გაიზრდება და იმედია უფრო სერიოზულად მოგვეპყრობიან, რადგან დაუფასებლობა ბევრჯერ გვიგვრძნია თავად კოლეგებისგანაც მაშინ, როცა ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებთ და ამ საქმეს ისე ვერ გააკეთებ, თუ კვალიფიციური არ ხარ. ტესტს რაც შეეხება, ძალიან მარტივი იყო, დავალებების უმეტესობა მოითხოვდა მოსწავლის ქცევის ახსნასა და ჩვენი მხრიდან ლოგიკურ რეაგირებას. იყო სიტუაციური ამოცანები, რომლებიც პრაქტიკაში მრავლად გვხვდება, რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ დავალებებს ფსიქოლოგებიც კარგად გაართმევდნენ თავს და უმაღლეს შეფასებებსაც აიღებდნენ. ნამდვილად კმაყოფილი ვარ ტესტის სტრუქტურითაც და ჩემი პასუხებითაც, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ”.

,,ძალიან მარტივი ტესტი იყო და კმაყოფილი ვარ, დავალებების შესრულების დროსაც ვიგრძენი როგორი საინტერესო დარგის სპეციალისტად ვმუშაობ. არ იყო მოსაწყენი ტესტი. ჩვენი მხრიდან რასაც ითხოვდა, ესაა თუ როგორ პროფესიულად მოვახდენდით რეაგირებას სხვადასხვა ქცევებზე და როგორ შევძლებდით ხელი შეგვეწყო ბავშთა ინტეგრაციასა და მშვიდობიანი საკლასო გარემოს შექმნაზე. კითხვებში ასახული იყო კონკრეტული შემთხვევები, მაგალითად თუ ბავშვი ხმაურობს, ვერ ისვენებს, აქვს ქცევითი პრობლემები ჩვენ რა მოქმედებები უნდა განვახორციელოთ, რომ მისი ქცევა შეიცვალოს. როცა შედეგები გამოქვეყნდება და სტატისტიკას დადებენ, დარწმუნები ვარ, რომ სპეციალურ მასწავლებლებში ყველაზე მეტი უფროსი მასწავლებელი გვეყოლება და ამით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი დაფასებაც, ნათელი გახდება, რომ საჭირო და კვალიფიციური სპეციალისტები ვართ და არც არავის ჩამოვრჩებით”.

უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა 54-ია, იმისთვის, რომ ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ 60%-იანი ზღვარის გადალახვა უნდა შეძლონ რაც ჯამში 33 ქულის მოპოვებას გულისხმობს, ტესტზე სამუშაოდ დრო 4 საათია.

შეგახსენებთ, რომ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც გამოცდაზე გასვლა, covid ინფექციის გამო ვერ შეძლეს, დამატებითი სესიები დაინიშნება, ეს გადაწყვეტილება ეხება გამოცდაზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური