GE

„დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი მოვიდა“ – პირველი სესიიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო დღეს 2021 წლის აბიტურიენტები პირველი სესიის გამოცდას უკვე ტოვებენ და გამოცდაზე მოსულ საკითხებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ.

აბიტურიენტი 173-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: “სამანიშვილის დედინაცვალი” მოვიდა და მეორე რა ნაწარმოები იყო, აღარც მინახავს. ამის დაწერა მერჩივნა. რაც შეეხება ესეს – წარმატების მისაღწევად საჭიროა თუ არა ამბიცია და ამპარტავნება. რედაქტირება ძალიან მარტივი იყო, კმაყოფილი ვარ გამოცდით”

ლუკა, 133 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გვეუბნება, რომ მისთვის ადვილი საკითხები იყო: ,,ადვილი რაღაცეები მოვიდა. კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი” მახსოვს. სხვას ახლა ვერ გეტყვით ვერაფერს. გარემოც ნორმალური იყო. რაც შემეძლო დავწერე და იმიტომ გამოვედი ადრე”.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი კი, ესეს თემასაც იხსენებს:

“ესეს თემა იყო წარმატება. ამბიციები ადამიანს ეხმარება თუ არა წარმატების მიღწევაში, ტექსტი კი შემოვიდა დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალიდან. 1 საათი და 15 წუთი საკმარისი იყო ორი დავალების შესასრულებლად. რედაქტირება არ დავწერე, რადგან ზღვარს ამ ნაწილებითაც გადავლახავ”.

133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტურიენტი კი ამბობს, რომ გამოცდა რთული არ იყო და ფიქრობს, რომ გაუმარტივდა: ,,ესე მოვიდა ამბიციაზე, ეხმარება თუ არა ამბიცია წარმატების მიღწევაში ადამიანს და პროგრამული ნაწარმოები მოვიდა ,,სამანიშვილის დედინაცვალი”. ესენი მახსოვს, რადგან ორივე ადვილი დასაწერი იყო. მიმაჩნია, რომ მარტივი გამოცდაა”.

დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ.

დარეგისტრირებულებიდან 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით პირველ სესიაზე დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა აბიტურიენტებისთვის დღეს დასრულდება.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური