GE

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებში გადაამზადებენ

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებში გადაამზადებენ. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა 25 მაისს, მასწავლებლის სახლის დირექტორთან ბერიკა შუკაკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მასწავლებლებისთვის შეიქმნება ტრენინგ-მოდულები, რომ სკოლის დაწყებით საფეხურზე  სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გამოიყენონ.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მასწავლებლის სახლთან ერთად, იწყებს მასწავლებლების გადამზადებას გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სკოლაში დანერგვის მიზნით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე დაწყებითი კლასის ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიაროს ტრენინგი და გადამზადდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

სპეციალური სახელმძღვანელო დაწყებით საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და  I-VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები ისწავლიან, რა არის მდგრადი განვითარება, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხეების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით.

მოსწავლეები  გაიაზრებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა. აღნიშნული სახელმძღვანელოთი სარგებლობას სკოლებში პედაგოგები შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ.

ქართულ სკოლებში პარლამენტარიზმის სწავლებას იწყებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური