GE

დედები ეროვნულ გამოცდებზე…

ავტორი: თაკო მათეშვილი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი.

მოდიან შვილებთან ერთად… უფრო სწორად, უკან მოსდევენ უკვე წამოზრდილ შვილებს, რომლებსაც მათთან ერთად გამოცდაზე წასვლა უკვე ესირცხვილებათნ კიდეც. მათ დარიგებაზეც უხერხულად იცინიან, დამშვიდებაზეც და გამხნევებაზეც… დედები არ იმჩნევენ… მთავარია, შვილების გვერდით არიან…

იმაზე ადრე მოდიან, ვიდრე საჭიროა. შესვლამდე საბოლოო რჩევებს მისცემენ, წარმატებებს უსურვებენ და უშვებენ… ჩახუტებითაც სიამოვნებით ჩაეხუტებოდნენ, ნებას რომ მისცემდნენ „დიდი“ შვილები… შეუშვებენ და შორიდან პირჯვარს სწერენ, ნერვიულად იცინიან, შიგადაშიგ ცრემლებს იწმენდენ…

მერე მოძებნიან ყველაზე ახლო ადგილს ღობესთან, დადგებიან და მიაშტერდებიან კარს, სადაც მათი შვილები გაუჩინარდნენ… რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად დგანან და ელიან…

იციან, რომ ჯერ ადრეა, იციან, რომ ჯერ არ გამოვლენ, იციან, რომ იქ იდგებიან, თუ სახლში დაელოდებიან, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნება…. იციან, რომ მათი უკვე დიდი და დამოუკიდებელი შვილები მათ გარეშეც ყველაფერს გაართმევენ თავს… იციან, რომ რამდენიმე საათი აქვთ, შეუძლიათ გაიარონ, ყავა დალიონ, დაისვენონ, ნაცნობს გამოელაპარაკონ, სიცხესა და სიცივეს თავი შეაფარონ, სადმე მაინც ჩამოსხდნენ…

მაგრამ არა…

მაინც გაუნძრევლად დგანან ამორჩეულ ადგილას, ყველაზე ახლოს კართან და რამდენიმე საათის განმავლობაში ელიან ისე, რომ თვალსაც კი არ აშორებენ იმ კარს…

მამებიც არიან, კანტი-კუნტად… შვილებს დანიშნულების ადგილამდე მიაცილებენ, მხარზე ხელს დაუტყაპუნებენ, შეისტუმრებენ და ყავაზე გაივლიან, შორიახლოს კაფეში შეივლიან, მანქანებში მოკალათდებიან… რამდენიმე საათიანი ლოდინის დროს ყველა ისე გაიყვანს, როგორც ეკომფორტულება… განა ისინი არ ნერვიულობენ? ნერვიულობენ, რა თქმა უნდა. არანაკლებ და ვინ იცის, იქნებ უფრო მეტადაც კი… უბრალოდ სხვანაირად გამოხატავენ, როგორც სჩვევიათ – თავშეკავებულად… ქალებს ხომ ემოციების გამოხატვის ფუფუნება გვაქვს, ჩვენგან ეს არავის ეუცხოვება, არავინ გაგვაკრიტიკებს, არავის მოხვდება თვალში…

ჰოდა, დედებიც დგანან, დგანან ჯიუტად, ნერვიული სახეებით, ჩაწითლებული თვალებით, აკანკალებული ხელებით, ქოლგებით, თავსხმასა და პაპანაქებაში და თვალმოუშორებლად გაჰყურებენ კარს… სხცელათ, წვიმაში სველდებიან, იყინებიან, ფეხქვეშ გუბე უდგებათ, იციან, რომ ვერაფერს შეცვლიან, მაგრამ მაინც დგანან და ელიან…

გაუნძრევლად…

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური