GE

დემნა გვასალია ინსპირაციის წყაროდ, ტრაგიკული მოვლენით განსაზღვრული მომავალი და ექიმებით შთაგონებული გადაწყვეტილება – „ასე ავირჩიე პროფესია“

მე გამიმართლა, რადგან 2006 წელს, ანუ მაშინ, როცა მე-11 კლასში პროფესიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ზუსტად ვიცოდი რისი კეთება მინდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება. ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გავმხდარიყავი ჟურნალისტი, რათა არასოდეს დამზარებოდა სამსახურში წასვლა და მუშაობა. ეს ზუსტად ვიცოდი არა მხოლოდ 16 წლის ასაკში, არამედ ბევრად ადრეც. გამიმართლა იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზამდი, რას შემომთავაზებდა მაშინდელი საგანმანათლებლო სისტემა იმ შემთხვევაში, უამრავი ახალგაზრდის მსგავსად, მეც რომ არ ვყოფილიყავი ჩამოყალიბებული ჩემს სამომავლო გეგმებში.

ეს კი სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, რადგან წესით, ის უფრო გასაკვირია 16 წლის ახალგაზრდამ უკვე იცოდეს რის კეთება უნდა მთელი ცხოვრება, ვიდრე ის, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდეს, ან ეჭვები აწუხებდეს. იმის გაანალიზება, რომ ეს სრულიად ნორმალურია, სულ ახლა დავიწყეთ. სულ ახლახან დავიწყეთ იმაზე ფიქრიც, რომ სინამდვილეში რთულია თინეიჯერმა ზუსტად განსაზღვროს რომელი სფეროა მისთვის უფრო შესაფერისი, უფრო საინტერესო, უფრო შემოსავლიანი. იმასაც სულ ახლახან მივხვდით, რომ არც ჩამოუყალიბებლობაა ტრაგედია, არც ინტერესების გარკვევის მიზნით სწავლისგან შესვენება, არც სკოლის დასრულების შემდეგ, უმაღლესში ჩაბარებამდე ტაიმ-აუტის აღება და არც პროფესიის შეცვლა ერთხელ, ორჯერ, ან თუნდაც, რამდენჯერმე.

ახლა ახალგაზრდებს პროფესიის სწორად დასაგეგმად არაერთ აქტივობას სთავაზობენ სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვადასხვა ორგანიზაციები. არსებობენ კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებიც, რომლებიც მათ საკუთარ ინტერესებსა და სურვილების გარკვევაში, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გააზრებაში, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლაში ეხმარებიან. ტარდება ტრენინგები, კონსულტაციები, იმართება ბანაკები, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები, რომლებშიც უფროსკლასელები ერთვებიან და საბოლოოდ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებენ. არც ჩემს თაობას და მითუმეტეს, არც უფროს თაობებს ამ „ფუფუნებაზე“ ხელი არ მიუწვდებოდა. პროფესიების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია და ბუნდოვანი წარმოდგენები გვქონდა. ძირითადად, სტერეოტიპებზე დაფუძნებული. არც საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგვეგებოდა რამე. ამიტომ, ახალგაზრდების ნაცვლად, არჩევანს ოჯახის წევრები აკეთებდნენ, ან უკვე გაკვალულ გზას მიყვებოდნენ და მშობლების პროფესიას ეუფლებოდნენ, ან გადაწყვეტილებას იმდენად გაუაზრებლად იღებდნენ, რომ პირველივე კურსზე იმედგაცრუებულები რჩებოდნენ. შედეგად, საკუთარი პროფესიით დასაქმებული და საკუთარი არჩევანით კმაყოფილი ადამიანები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. უმრავლესობაში კი ისეთი ადამიანები მოექცნენ, დიპლომში რომ ერთი სპეციალობა უწერიათ, რეალურად კი სულ სხვა საქმეს ემსახურებიან.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ როგორ ირჩევენ პროფესიებს ახალგაზრდები ახლა, 2022 წელს. იყენებენ თუ არა იმ შესაძლებლობებს, რომელთაც მათ სთავაზობენ და რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ისევ ერევიან თუ არა მშობლები შვილების არჩევანში, უჭირთ თუ არა თამამი გადაწყვეტილებების მიღება და კვლავ ექცევიან თუ არა საზოგადოების, სტერეოტიპებისა და დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების ზეგავლენის ქვეშ. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ დღევანდელი უფროსკლასელები იმდენად თავისუფლები, თამამები, გაცნობიერებულები და დარწმუნებულები არიან თავიანთ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებში, რაზეც 2006 წლის კურსდამთავრებულები ვერც კი ვიოცნებებდით. უსმენენ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებენ თავად. ინსპირაციის წყაროდ კი შესაძლოა ისეთი პიროვნებაც კი აქციონ, როგორიც დემნა გვასალიაა.

დღევანდელ სტატიაში – „ასე ავირჩიე პროფესია“, ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს გაგაცნობთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნანა გელიტაშვილი მომავალი ფსიქოლოგია. მისი არჩევანი საკმაოდ ადრეულ ასაკში, ტრაგიკულმა მოვლენამ განსაზღვრა – 10 წლისას დედა გარდაეცვალა და უზარმაზარ ტკივილთან და ერთ წამში შეცვლილ ცხოვრებასთან გამკლავება სრულიად დამოუკიდებლად მოუწია. ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო ფიქრი ისეთ საკითხებზე, რაზეც მისი ასაკის ბავშვები, როგორც წესი, არ ფიქრობენ. შეუყვარდა მარტო ყოფნა, კითხვა, დღიურების წერა, ხალხზე დაკვირვება და მათი მოსმენაც. დროთა განმავლობაში, დღიურში საკუთარი გრძნობების გარდა, იმის ჩანიშვნაც დაიწყო, თუ რა დროს როგორ ემოციას გამოხატავდნენ ადამიანები. ნელ-ნელა სამეგობროში საუკეთესო მსმენელადაც ჩამოყალიბდა და რჩევებისთვისაც ყველაზე ხშირად მას მიმართავდნენ.

„ხშირად მეუბნებოდნენ კიდეც, რომ ჩემთან საუბარი დიდი შვება იყო. ყოველთვის ყველას ვუგებდი. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ერთადერთი პროფესია, სადაც თავს ბედნიერად და სრულყოფილად ვიგრძნობდი, ფსიქოლოგია იყო. აბიტურიენტობისას ვკითხულობდი ფსიქოლოგიურ წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს, სადაც აღწერილია პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის ურთიერთობა და საუბრები. ვცდილობდი, დამეჭირა ისეთი ნიუანსები, რაც შემდეგ გამომადგებოდა. შეიძლება, ნიჭად ჩაითვალოს ისიც, რომ პრობლემებს ყოველთვის მარტო ვუმკლავდები. ვესაუბრები ჩემს თავს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგი რჩევების მიცემა საკუთარი თავისთვის თავადვე შემიძლია. ამპარტავნულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მგონია, რომ ღმერთმა დამასაჩუქრა ნიჭით, რაც სხვა ადამიანების გაგებასა და დახმარებას გულისხმობს. ეს პროფესია, ჩემთვის, ყველაზე საინტერესოა, არ არის რუტინული და ერთფეროვანი. ის ფაქტი კი, რომ შეგიძლია სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ყველაზე საოცარი რამ მგონია. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმე მეყვარება ყველაფერზე მეტად და ეს საშუალებას მომცემს ამ პროფესიის ერთგული მსახური გავხდე“, – ამბობს ნანა.

მის საბოლოო გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიძაშვილმა, რომელიც აგრეთვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ნანა ამბობს, რომ მასთან საუბარმა, სტუდენტური ცხოვრების გაცნობამ და სწავლასთან დაკავშირებული დეტალების გაგებამ ამ გზისკენ საბოლოოდ უბიძგა.

„დავდიოდი კიდეც სხვადასხვა უნივერსიტეტის ღია კარის დღეებზე, სადაც ამ სპეციალობის შესახებ გვესაუბრებოდნენ და ყველაფერს დეტალურად გვაცნობდნენ, ონლაინ პლატფორმაშიც ხშირად ვუყურებდი შესაბამის ვიდეოებს, სადაც გამოცდილი ფსიქოლოგები, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რჩევებს იძლეოდნენ. ეს ყველაფერი დამეხმარა მეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი საკუთარ არჩევანში“, – დასძენს ნანა.

პროფესიის შერჩევა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულის, ალექსანდრა ლომინაძისთვის ადვილი სულაც არ აღმოჩნდა. უამრავ სპეციალობაზე ფიქრობდა – მედიცინაზე, ეკონომიკაზე, საავიაციო უნივერსიტეტისკენაც კი მიუწევდა გული. ამბობს, რომ დაბნეული იყო და ჩამოყალიბება უჭირდა, რადგან ამდენი შესაძლებლობიდან ერთის ამორჩევა საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა – „თითქოს ყველაფერი მინდოდა, შემდეგ ვღიზიანდებოდი და სწავლის გაგრძელების ხალისი და მოტივაცია საერთოდ მეკარგებოდა“, – გვიყვება იგი.

საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გასარკვევად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო. სცადა ახალგაზრდული პროექტი „სტარტაპ-ქემფი“, გაეროს მოდელირების კონფერენცია, გაწევრიანდა სკოლის დებატების კლუბში, ინგლისური ენიდან პოეზიასაც კი თარგმნიდა, ესაუბრა 10-მდე სტუდენტს და ფიქრობს, რომ მთელ ამ პროცესში სტუდენტების გამოცდილების მოსმენა ყველაზე მეტად დაეხმარა, რადგან ისინი გულწრფელები არიან და პროფესიის, სწავლის, გარემოს დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველაზე კარგად ესმით. საბოლოოდ, ალექსანდრამ საერთაშორისო სამართალზე ჩაბარება გადაწყვიტა.

„გამიმართლა, რომ სკოლაში გვქონდა ე.წ „ქოლეჯ ქაუნსელინგი“, სადაც სპეციალისტები დაგვეხმარნენ როგორც პროფესიის, ისე უნივერსიტეტის შერჩევაში და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ოჯახმაც, ბუნებრივია, გავლენა იქონია. ეს არ ყოფილა პირდაპირი, უხეში ჩარევა, პირიქით – ყველამ მხარი დაუჭირა ჩემს არჩევანს, თუმცა ღიად და დაუფარავად მიმხელდნენ თავიანთ შეხედულებებს, იძლეოდნენ რჩევებს. მაშინ როდესაც სრულ გაურკვევლობასა და ქაოსში ვიყავი, როდესაც მეგონა რომ შერჩეული პროფესია არ იყო ის, რაც მინდოდა, ან მომეწონებოდა, მამაჩემი მეუბნებოდა რომ არასოდეს იქნება ტრაგედია კარიერის უეცარი ცვლა, მითუმეტეს სწავლის დაწყებიდან პირველი წლების განმავლობაში, რაც სავსებით მართალია, რადგან შეუძლებელია 17 წლის ადამიანმა ბოლომდე იცოდეს თუ რის კეთება სურს დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ ძირითადად ყველაფერი ოჯახისგან და სკოლისგან დამოუკიდებლად გავაკეთე, რითიც კმაყოფილი ვარ“, – გვეუბნება ალექსანდრა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალზე აბარებს, გვიმხელს, რომ ეკოლოგია და გარემოს დაცვაც არანაკლებ აინტერესებს. ამიტომ ამ ორი პროფესიის შერწყმაც განიზრახა და საკმაოდ წარმატებულადაც. ალექსანდრამ საკითხი იმდენად დეტალურად შეისწავლა და ინტერვიუში ამაზე იმდენად დიდი ენთუზიაზმით გვესაუბრა, რომ თამამად შეიძლება ითქვას – პროფესიის არჩევასა და დაგეგმვაში იგი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა.

„მამაჩემმა მომაწოდა ინფორმაცია გარემოსდაცვითი სამართალის შესახებ. არც ვიცოდი, რომ ესეთი პროფესია საერთოდ არსებობდა. დავიწყე ინფორმაციის ინტენსიური მოკვლევა. გავიგე რას ნიშნავდა ეს პროფესია, რამდენ ხანს და როგორ გრძელდებოდა სწავლა, რამდენად პერსპექტიული იყო. რა შემოსავალი აქვთ სპეციალისტებს და ა.შ. დღეს საქართველოშიცა და მსოფლიოშიც გარემოსდაცვით სამართლის სპეციალისტი ძალიან ცოტაა, თუმცა კლიმატის ცვლილება სახელმწიფოებს ვალდებულს ხდის მუდმივად შეიმუშაონ ახალი კანონები და შესაბამისად, კომერციულ სექტორსაც მუდმივად უწევს მათზე მორგება. ანუ, ამ სპეციალობის კადრები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადები ხდებიან. ვინაიდან აქ თავიდანვე არაა შესაძლებელი ვისწავლოთ ისეთი ვიწრო სპეციალიზაციით, როგორიცაა კონკრეტულად „გარემოსდაცვითი სამართალი“, გადავწყვიტე უცხოეთში, კონკრეტულად ჰააგაში (The Hague University of Applied Sciences) მეცადა ძალები საერთაშორისო და ევროპულ სამართალზე, შემდეგ კი მაგისტრატურაზე ინგლისში ან ამერიკაში სასურველი ვიწრო სპეციალიზაციით გამეგრძელებინა სწავლა. ჩემი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და სასურველ უნივერსიტეტშიც მიმიღეს, თუმცა არ მინდოდა თავი შემეზღუდა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ჩავაბარე. დოკუმენტები, სტუდენტური ვიზა, ბილეთები და სხვა ყველაფერი უკვე მზად მაქვს და მივემგზავრები ჰოლანდიაში. თუმცა, თუ მომინდება, ან გარკვეული მიზეზებით უკან საქართველოში დაბრუნება მომიწევს, ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ჩვეულებრივ შევძლებ, რადგან სტუდენტური სტატუსი აქაც მექნება“, – ამბობს ალექსანდრა.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტის ბედი კი არც მეტი, არც ნაკლები, დემნა გვასალიამ განსაზღვრა. სწორედ დემნა გახდა თბილისელი მარი ნიკოლავას ინსპირაციის წყარო და საბოლოო განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც უბიძგა მოდის დიზაინერის საკმაოდ რთულ, კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გზას დასდგომოდა. დემნა, მისთვის, მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთმა უბრალო ბიჭმა, უბრალო ქართული ოჯახიდან, წამყვანი მოდის სახლები უკან მოიტოვოს და საკუთარი ნიჭით მსოფლიო აალაპარაკოს. რომ წარმატებას გავლენიანი ოჯახის შვილობა და სიმდიდრე არ სჭირდება და კარიერის ზენიტში ასვლა მხოლოდ ცოდნით, შრომითა და ენთუზიაზმითაც შესაძლებელია.

„მომწონს ყველაფერი, რაც მოდას შეეხება. სამოსთან დაკავშირებით ჩემი წარმოსახვები მაქვს. ესკიზების შექმნა ყოველთვის მეხერხებოდა. საკმაოდ ლამაზ და მკაფიო მონახაზებს ვაკეთებდი და ყველას მოსწონდა. მეხერხება ზომების აღება და დიზაინის შექმნა. საკერავ მანქანას ვერ ვუგებ, ჯერჯერობით, თუმცა კერვასაც აუცილებლად დავხვეწავ. ბავშვობაში ამ პროფესიაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. შემდეგ დემნა გვასალია გავიცანით ყველამ და ის გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო, რადგან მან შეძლო რომ საკუთარი შემოქმედება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო. მან მომცა მოტივაცია, ამ სფეროთი სერიოზულად დავინტერესებულიყავი. მისი მიზანდასახულობა და გამბედაობა, ჩემთვის, შთაგონების წყაროა. სიმართლე რომ გითხრათ, ამან უფრო მომხიბლა, ვიდრე მისმა ნამუშევრებმა. თუმცა, სწორედ მისმა ნამუშევრებმა აალაპარაკა ყველა“, – ამბობს მარი.

თორნიკე მეთორმეტე კლასის მოსწავლეა და სექტემბრიდან აბიტურიენტი ხდება. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით თითქმის უკვე ჩამოყალიბდა. თითქმის იმიტომ, რომ მიუხედავად აშკარად გამოხატული ინტერესებისა, აპირებს დარჩენილი ერთი წელი სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას დაუთმოს. გეგმავს, რომ ჩაერთოს საზაფხულო ბანაკში, სადაც ახალგაზრდებს სწორედ იმ უნარებს უვითარებენ, რომელთა დახმარებითაც არჩევანის გაკეთება გაუადვილდებათ. კარიერის დაგეგმვის კონსულტანტთანაც გეგმავს გასაუბრებას, უნივერსიტეტების მიერ მოწყობილ ღია კარის დღეებსაც ესტუმრება. ამიტომ, არ გამორიცხავს, რომ არჩევანი, რომელიც ამ ეტაპისთვის გაკეთებული აქვს, შეცვალოს კიდეც.

„ბოლო წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ინგლისურ ფილოლოგიას, ან ეკონომიურ ფაკულტეტს ავირჩევდი. სხვა სფეროზე არც მიფიქრია, მითუმეტეს, მედიცინაზე. ისე მოხდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გასულ წელს, საავადმყოფოში მომიწია გარკვეული პერიოდის გატარება. ამას პანდემიაც დაემთხვა, როცა საავადმყოფოები გადატვირთული იყო, მედპერსონალი კი, ფაქტობრივად, 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდა. ამ ყველაფრის ყურებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმის ყურებამ, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ექიმები, როგორ ზრუნავდნენ პაციენტებზე, რამხელა როლს ასრულებდნენ თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ძალიან მომხიბლა. მომინდა მეც მეკეთებინა ასეთი მნიშვნელოვანი საქმე, მეც შემეტანა წვლილი ადამიანების გადარჩენაში. საავადმყოფოდან გამოსულს, უკვე ექიმობა მინდოდა და ამ დროისთვის ისევ იგივე აზრზე ვარ. ოჯახში ჩემი გადაწყვეტილება მოეწონათ. თუმცა, დღემდე მეხუმრებიან- ხომ იცი, სიბერემდე სწავლა მოგიწევსო. ჯერ ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად რა მიმართულებით მინდა წასვლა და ამიტომაც ვგეგმავ შემდეგი ერთი წელი ამის გასაგებად გამოვიყენო. იმასაც ვფიქრობ, რომ თუკი ექიმის პროფესიის ახლო გაცნობამ იმხელა შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მედიკოსობა მომანდომა, იქნებ სხვა პროფესიაც რომ გავეცნო, კიდევ უფრო „საჩემო“ საქმე ვიპოვო. ამიტომ, ვაპირებ ბევრი მიმართულებით მოვიძიო ინფორმაცია, ვიარო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, სხვადასხვა პროფესიას გავეცნო და არც ისაა გამორიცხული, რომ საბოლოოდ სხვა გადაწყვეტილება მივიღო”, – გვიამბობს მომავალი აბიტურიენტი.

თორნიკე ფიქრობს, რომ მისი დედის თაობის ბევრი წარმომადგენელი გახდა ინფორმაციის სიმწირისა და საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი, რამაც ამ ადამიანების სხვა პროფესიაში შესვლა გამოიწვია:

„დედაჩემისგან ვიცი, ისე ჩააბარა ერთ-ერთი უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფაკულტეტზე, რომ არც იმ უნივერსიტეტში იყო ნამყოფი და არც ის პროფესია აინტერესებდა. უბრალოდ მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მისთვის, როგორც გოგოსთვის, ეს პროფესია უფრო კომფორტული იქნებოდა და ისევე როგორც უამრავი გოგო იმ წლებში, დედაჩემიც მშვიდად შეუთავსებდა ერთმანეთს სწავლასა და ოჯახს. რეალურად კი დედაჩემი, თურმე, მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ოცნებობდა და ჩემი აზრით, მისგან მშვენიერი მსახიობი გამოვიდოდა. ის არც შეწინააღმდეგებია მშობლებს, რადგან არც მსახიობის პროფესიაზე იცოდა არაფერი. ამიტომ ახლა ისიც ხელს მიწყობს, რომ მაქსიმალურად ბევრი რამ გავიგო და არჩევანი ამის შემდეგ გავაკეთო. პატარა და მყავს და მასაც იგივენაირად დავეხმარებით ოცნებების ასრულებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენს თაობას, ამ მხრივ, ბევრად გაუმართლა. მეტი შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გამოვიყენებთ“, – გვეუბნება თორნიკე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2022 წლის აბიტურიენტებისთვის, უკვე დასრულდა. ახლა, ისინი, საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან. EDU.ARIS.GE სტატიის თითოეულ რესპონდენტს წარმატებებს უსურვებს.

ასევე იხილეთ:

სად აბარებენ მსოფლიო ვარსკვლავების შვილები, რომლებიც წელს აბიტურიენტები არიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური