GE

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – ღონისძიებები და მილოცვები

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს, აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე.

დავიცვათ ბავშვთა უფლებები, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის!

ბავშვთა უფლებების დაცვის დღე თითოეულ ჩვენგანს აძლევს ბავშვთა უფლებების ადვოკატირების, პოპულარიზაციის და აღნიშვნის შთამბეჭდავ შესაძლებლობას, რომელთა გარდაქმნა დიალოგებსა და ქმედებებში ბავშვებისათვის უკეთესი სამყაროს შექმნის საწინდარია.

თბილისის მერიის ცნობით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება. საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება:

„ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელ ბაღში). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“ – დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

1 ივნისი ბავშვებს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში.”- აღნიშნულია საქართველოს  მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

ბავშვთა დაცვის დღეს, საზეიმო მილოცვით გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარიც.

„პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm