GE

თბილისის მერია განათლების მიმართულებით 325 მილიონამდე ლარს დახარჯავს – პრიორიტეტული პროგრამები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს განათლების მიმართულებისთვის თითქმის 325 მილიონი ლარია (324 887,8 ათასი ლარი) გათვალისწინებული, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 21 მილიონით არის გაზრდილი.

EDU.ARIS.GE გაეცნო ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტს, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში თბილისის მერია განათლებას ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ასახელებს და უთითებს, რომ ამ მიმართულებაში დასახარჯი თანხიდან მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას, რაზეც 273 256,1 ათასი ლარია გამოყოფილი (273 მილიონ 256 ათასი).

„ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელშიც იგულისხმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა). ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში აღნიშნულ ქვეპროგრამასთან [სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა] დაკავშირებით.

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დაწყებული პროექტების დაფინანსება, მათ შორის: გრძელდება 3 ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია, 3 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა (მათ შორის 2 არსებული ბაღის ნაცვლად ახლის მშენებლობა და ერთი ახალი ბაღის მშენებლობა).

გარდა ამისა, მომდევნო წლის დედაქალაქის მთავრობის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაგრძელდება განათლებასთან დაკავშირებული ისეთი პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება, როგორიცაა: სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა და განვითარება, ზოგადი განათლების სისტემისა და საზოგადოების ინფორმირების ხელშეწყობა, ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა, საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და იურიდიული კლინიკა.

ცნობისთვის, მთლიანობაში, თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 მილიარდ 239 მილიონ 769 000 ლარს შეადგენს.

ასევე იხილეთ:

„ბაღის აღმზრდელის ხელფასი 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს უნდა გაუთანაბრდეს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური