„დღევანდელ მოსწავლეებს აქვთ იმის მოთხოვნილება, გაკვეთილი შემოქმედებითი პროცესი იყოს, მაგრამ არსებობს წინაღობები“
საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის შემოქმედებითი თავისუფლება განათლების სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობილი არ არის. არადა იმ შემთხვევაში, როცა მასწავლებელი შემოქმედებითია, ეს 100%-ით ეტყობა კლასს და მოსწავლეების შედეგებს. ასე ფიქრობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეკატერინე ჩიქოვანი, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის შემოქმედებითი თავისუფლების მნიშვნელობაზე, მის შედეგებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზე ვესაუბრეთ.
კერძო სკოლის პედაგოგი, რომელსაც საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, თუ რას მოიაზრებს თავად მასწავლებლის შემოქმედებით უნარიანობაში და როდის არის მისი შეფასებით მასწავლებელი კრეატიული:
„შემოქმედებითია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ ერთი იგავით, მაგალითად სულხან-საბა ორბელიანის „ენით დაკოდილით“ ააწყოს ორი 45-წუთიანი გაკვეთილი, ჩართოს ბავშვები, სიტყვის ძალაზე შეაქმნევინოს იგავი, დადგას მოსწავლეებთან ერთად მინი სპექტაკლები, გაათამაშონ როლები. ან, მაგალითად „თორნიკე ერისთავის“ სწავლისას შექმნან სასამართლო პროცესი. სწორედ ასეთ დროს უმჯობესდება მოსწავლის მსჯელობის, აზროვნების, გადმოცემის, თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევები“.
ეკატერინე ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ტექსტების სწავლა მოსწავლეს ვერ განავითარებს და შემოქმედებითი გაკვეთილის მოთხოვნა თავად მოსწავლეებისგანაც მოდის.
„თუ მასწავლებელი შემოქმედებითია 100%-ით ეტყობა კლასს და მოსწავლეებს. მარტო დაჯექი გაკვეთილზე, გამოიძახე, არები ჩაწერე, ბავშვები შევაფასე – ხარისხს ვერ მოგცემს. ჩვენ ხომ გვინდა, ბავშვებმა ტექსტი სხვანაირი მსჯელობის ნაწილში გაიგონ? სხვანაირი მსჯელობა კი გულისხმობს ამ ტექსტის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას და განზოგადებას. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე მიიღებენ. დღევანდელ ბავშვებს აქვთ იმის მოთხოვნილება, რომ გაკვეთილი შემოქმედებითი პროცესი იყოს“, – აცხადებს კერძო სკოლის პედაგოგი.
თუკი ვთანხმდებით, რომ შემოქმედებითი თავისუფლებით აღსავსე გაკვეთილები მოსწავლეს მეტ ინტერესს უჩენს სწავლის მიმართ, მაშინ რატომ არ გვაქვს ასეთი გაკვეთილები? – საკითხზე საუბრისას ახალგაზრდა მასწავლებელი გვიხსნის, რომ შემოქმედებითი გაკვეთილის წარმართვისთვის აუცილებელია, თავად მასწავლებელს ჰქონდეს თავისუფალი ნება და მეორეს მხრივ სკოლისგან ხელშეწყობა.
„კარგ მასწავლებელს, რომელიც დროს სწორად ანაწილებს, შეუძლია, იყოს შემოქმედებითი, თუნდაც ეს ტექნიკურ გაკვეთილებს ეხებოდეს. მაგრამ არსებობს წინაღობები: წიგნების პრობლემა, ისე უნდა იყოს შერჩეული თემა, რომ აქტივობის დაგეგმვის საშუალება მოგცეს. გარდა ამისა, სკოლის დირექტორის მხრიდან უნდა გქონდეს ხელშეწყობა, რომ ისე წარმართო საგაკვეთილო პროცესი, როგორც გსურს“, – განმარტავს EDU.ARIS.GE-სთან ეკატერინე ჩიქოვანი.
როგორც თავად ამბობს, არ სურს ყველაფერში ნეგატივის დანახვა, თუმცა თვლის, რომ ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროს არ მიუღია ისეთი რეფორმა, რაც მასწავლებლის თავისუფლებაზე იქნებოდა ორიენტირებული.
„მასწავლებელი უფრო შებოჭილია, მაგალითად იმ კუთხით, რომ უნდა შეავსოს ქაღალდომანია, რადგან თუ ვინმე გადაამოწმებს, ყველაფერი მზად იყოს. ეს ძალიან დამღლელია. რაღაც ნაწილში დირექციამ და სამინისტრომ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მასწავლებელი, მაგრამ ამავდროულად, პედაგოგს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად აირჩიოს თუნდაც ის წიგნი, რომლითაც მოსწავლეებს ასწავლის. ჩემი გადმოსახედიდან, 98-97%-ით სამინისტრო არ ეხმარება სკოლას ჰქონდეს მსგავსი ტიპის საგაკვეთილო პროცესი“, – აღნიშნავს ეკატერინე ჩიქოვანი.
ასევე იხილეთ:
ავტორები: ხატია გლოველი და edu.aris.ge
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება