GE

დისტანციური სწავლების მსურველი მოსწავლეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება – როგორია მონაცემები და რას ამბობენ მშობლები

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების I-VI კლასელები პირველი ოქტომბრიდან გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ესწრებიან, თუმცა დღითიდღე იზრდება იმ მოსწავლეების რიცხვი, რომელთა მშობლებიც სკოლას დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართავენ.

მშობლების არგუმენტები სხვადასხვაა, ძირითადი მოტივი კი ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მზარდი რაოდენობაა.

„ორი შვილი მყავს საჯარო სკოლაში, ერთი მე-6 კლასშია, მეორე – პირველში. პატარას დავატარებ სკოლაში, უფროსისთვის კი დისტანციური სწავლება მოვითხოვე, ბევრს გაუკვირდა, მაგრამ ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. პირველ კლასში ძირითადად ერთი პედაგოგი ჰყავთ და ბავშვების კონტროლი და დისტანციის დაცვა უფრო მარტივად ხერხდება. დასვენებაზეც ბავშვები მასწავლებლის ნებართვით გადიან დერეფანში და უფრო დაცულობის შეგრძნება მაქვს.

“რაც შეეხება უფროსს, ერთი მიზეზია ის, რომ ამ ზაფხულს ოპერაცია გავუკეთეთ და მაინც ვშიშობ იმუნიტეტი არ ექნება ძლიერი, მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს. ესეც რომ არ ყოფილიყო, მაინც დისტანციურ რეჟიმს ავირჩევდი, რადგან მე-6 კლასელი ბავშვის კონტროლი უფრო რთულია. დასვენებაზე დერეფანში ირბენენ და მეეჭვება დისტანციის დაცვა შეძლონ, ამიტომ მირჩევნია სახლში მყავდეს. ძალიან ბევრი შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად უკვე და საფრთხეები დიდია. ვფქრობ პირველ, მეორე კლასის გარდა ყველა დისტანციურ რეჟიმზე უნდა იყოს. ჩვენ სკოლის მაგალითზე რასაც ვუყურებ ყველა გაკვეთილს ატარებენ მასწავლებლები და თუ ბავშვმა წერა-კითხვა იცის, ყურადღებით იქნება და არ გააცდენს. წესით, არ უნდა ჩამორჩეს, საკლასო ოთახი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯანმრთელობა უპირატესია“, – ამბობს მარიკა ხიმშიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

შვილისთვის დისტანციური განათლების არჩევის საკუთარი არგუმენტი აქვს კიდევ ერთ მშობელს, რომელიც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შვილი სკოლაში გაუშვა, მისი გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების შემდეგ შეიცვალა,

„ჩემი შვილი მე-5 კლასშია, არის ინსულინდამოკიდებული, მასწავლებელმაც და ექიმმაც მითხრეს, რომ მისთვის რეკომენდირებულია თუ სახლიდან დაესწრება ონლაინ გაკვეთილებს. მიუხედავად ამისა, პირველ ეტაპზე განცხადება არ დავწერე და ბავშვი სკოლაში მივიდა, ძალიან განიცდიდა, რომ მისი კლასელები დაბრუნდებოდნენ სკოლაში და თითონ – ვერა. მისი დაავადებისთვის ნერვიულობაც არასასურველია, ამიტომ პირველი ორი დღე გავუშვი.

“ბოლო დღებიში შემთხვევებმა ისე მოიმატა, შევშინდი და უკვე მივმართე განცხადებით სკოლას და ონლაინ რეჟიმზე გადავედით. დისტანციურ გაკვეთილებს ყოველთვის ვესწრები უმცროსი შვილის შემთხვევაში, ონლაინ გაკვეთილების შემდეგ აღმოვაჩინე რა კარგი და ძლიერი პედაგოგები გვყოლია. ჩვენ, ზოგადად, შორიდან ვაფასებთ ხოლმე სკოლას და როცა პირადად ესწრები პროცესს, უფრო სხვაგვარად ხედავ ყველაფერს. მე, საბედნიეროდ, ამის დრო მაქვს და ბავშვს მეცადინეობაშიც ვეხმარები, დავალებებსაც წერს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩამორჩება პროგრამას. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად დისტანციური სწავლების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რეალობა რასაც ითხოვს, ისე უნდა მოვიქცეთ, შვილების სასიკეთოდ“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი მანანა ომანაძე ჩვენთან საუბარში.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის მონაცემებით, ოთხ ქალაქში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში დასწრებულ რეჟიმზე სულ 132 422 მოსწავლე ფიქსირდება. ონლაინ სწავლების მსურველი კი ამ ეტაპზე 5552 მოსწავლეა.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია ისევ გრძელდება და I-VI კლასების მოსწავლეთა მშობლებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ – მათმა შვილებმა იარონ სკოლაში, თუ გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ქუთაისში რამდენიმე სკოლა დაიხურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური