GE

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა გაჯეტის ეკრანებთან ძალიან ბევრ დროს ატარებენ. ექსპერტები ბავშვების გართობას ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული თამაშებით გვირჩევენ.

ორგანიზაციის განცხადებით ყოველწლიურად ფიზიკური აქტივობის დანაკლისი ხუთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. მისი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ უმოძრაობისა და გაჯეტებით გართობის ჩვევა ადრეულ ასაკში ჩნდება. ამ ჩვევებთან ბრძოლის დაწყება სწორედ ამ ასაკში ღირს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ბავშვებს თამაშის ხალისი. მე ცხოვრების პასიური წესიდან აქტიურზე გადასვლასა და სრულფასოვანი ძილის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ“, – აღნიშნავს ხუანა ვილუისმენი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბავშვების სიმსუქნისა და ფიზიკური აქტივობის საკითხებს კურირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, ექიმ ფიონა ბულის თქმით, ბავშვის აქტიური ცხოვრების წესი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამასთანავე ზრდასრულ ასაკში სიმსუქნისა და მისი თანმდევი დაავადებების ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ისინი სამ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი: თორმეტ თვემდე ჩვილებისთვის, ასევე წლიდან ორამდე და სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის.

ერთ წლამდე ბავშვები:

  • დღეში არა ნაკლებ 30 წუთისა უნდა იხოხონ;
  • მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
  • ნებისმიერი გაჯეტის ეკრანის ყურება დაუშვებელია;
  • ასაკის მიხედვით დღეში 12-16-დან 14-17 საათამდე უნდა ეძინოთ.

ერთიდან ორ წლამდე ბავშვები:

  • დღეში ფიზიკურად აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ, რაც მეტი, მით უკეთესი.
  • მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
  • ერთი წლის ასაკის ბავშვებისთვის ნებისმიერ გაჯეტთან ჯდომა სულაც არ არის რეკომენდირებული, ხოლო მათ, ვისაც ორი წელი უკვე შეუსრულდა, დღეში ეკრანთან არაუმეტეს ერთი საათის გატარება შეუძლიათ;
  • დღეში ჯამში 11-14 საათი უნდა ეძინოთ.

სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვები:

  • დღეში აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ. ამასთანავე სულ მცირე ერთი საათი განსაკუთრებულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა დაეთმოს;
  • სხვადასხვა გაჯეტის ეკრანთან დღეში არაუმეტეს ერთი საათის გატარება არის დასაშვები;
  • დღეში საერთო ჯამში 10-13 საათი უნდა ეძინოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას, ეკრანებთან ჯდომაზე უარის თქმის ხარჯზე, ბავშვების ფიზიკური აქტივობის გაზრდა წარმოადგენს. ორგანიზაციის ექსპერტები წიგნის კითხვის ან სამაგიდო  თამაშებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებას არ გვირჩევენ. მათი აზრით მსგავსი აქტივობები ბავშვის სწორი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური