GE

ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და ილია ჭავჭავაძის „ყვარლის მთები“ – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის მეოთხე სესიაზე

ილია ჭავჭავაძის „ყვარლის მთები“ არასაპროგრამო და პროგრამული ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ – ამ საკითხებს ასახელებენ ქართულის გამოცდის მეორე დღის მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტში მოსულ დავალებებად.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 95% და, საბედნიეროდ, ისევ არავის დაუგვიანია.

საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე სესიის საკითხებს EDU.ARIS.GE-სთან იხსენებენ.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გვიყვება, რომ დავალებები საშუალო სირთულის იყო.

“პროგრამულიდან იყო ჯემალ ქარჩხაძის “იგი”. თემა პიროვნებასა და მის ინდივიდუალიზმს ეხებოდა, რომლის გამოც შესაძლოა, გარიყონ. მე ავირჩიე არაპროგრამულიდან – ილია ჭავჭავაძის ლექსი “ყვარლის მთები”. თეზისი სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობასა და ამ თემის აქტუალობაზე იყო. რაც შეეხება რედაქტირებას, ყველაზე მარტივი ეს ნაწილი იყო. ვიპოვე რამდენიმე გამოტოვებული სასვენი ნიშანი და სიტყვა გავასწორე”, – ამბობს ანა ჩხეტიანი.

ჭავჭავაძის ლექსი აირჩია ლიკა ხადურმაც, რომელზეც საკუთარი მაგალითით იმსჯელა: “ილია ჭავჭავაძის ლექსი ავირჩიე. იწყებოდა ყვარლის მთების აღწერით და იმით სრულდებოდა, როგორ უჭირდა მათთან დამშვიდობება ავტორს. გავავლე პარალელებიც ილია ჭავჭავაძის სხვა ნაწარმოებებთან. ასევე, მოვიყვანე ემიგრაციაში მყოფი ჩემი ოჯახის წევრის მაგალითი, რას გრძნობენ ხოლმე ემიგრანტები”.

მერი გულიაშვილმა ჯემალ ქარჩხაძის “იგი” აირჩია და კარგი შედეგის მოლოდინი აქვს:

“განსხვავებული და შემოქმედებითი, ადამიანი რომ გარიყულია ამაზე ვწერეთ. მოვიყვანე რამდენიმე პარალელი და ციტატა. 2 ციტატა იმავე ნაწარმოებიდან მოვიყვანე, ოღონდ იმ ნაწილიდან, რომელიც აქ არ იყო მოცემული. ასევე მოვიყვანე არგუმენტი რამდენიმე მხატვრის, რომ ისინიც იყვნენ გარიყულები, რადგან ნიჭიერები და განსხვავებულები იყვნენ. პარალელების იმედი მაქვს”.

გულო გელაშვილი კი ამბობს, რომ პროგრამული საკითხის შერჩევას ფიქრობდა, მაგრამ “პარალელებში გაიჭედა”:

“თან არაპროგრამული გაცილებით მარტივი იყო და არ გავირთულე საქმე. “ყვარლის მთების” პარალელებზე უფრო მეტი რაღაც გამახსენდა. გავავლე პარალელი გურამიშვილის “დავითიანთან”, ასევე, თერგდალეულებზეც ვისაუბრე და კიდევ მოვიყვანე ექვთიმე თაყაიშვილის მაგალითი, როგორც ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის”.

EDU.ARIS.GE-სთან მეოთხე სესიის საკითხებზე ისაუბრეს ქუთაისელმა აბიტურიენტებმაც, რომლებიც თვლიან, რომ ტესტი რთული არ ყოფილა.

“რედაქტირებაში დაახლოებით 15 შეცდომა ვიპოვე. პუნქტუაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ასევე, “რადგან”, “რათა” და მსგავსი სიტყვები იყო გასასწორებელი. მე პროგრამული – ჯემალ ქარჩხაძის “იგი” დავწერე. თეზისი იყო – “საკუთარი თავის შეცნობის პროცესი არის რთული და წინააღმდეგობრივი”, – ამბობს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, მარიამ კუპრავა.

თიკო ასათიანმა კი გაიხსენა, რომ:

“წერტილი და მძიმე იყო ძირითადად ჩასასმელი და “ალბათ-ალბად” ტიპის შეცდომები – გასასწორებელი. ბავშვები რედაქტირების დავალებას რომ დაასრულებენ, შეცდომები არ უნდა დათვალონ, შეიძლება ამან დააბნიოთ. წაკითხულის გააზრებას რაც შეეხება, კითხვების პასუხებს მოცემულ ტექსტში იპოვნიდი, იმდენად მარტივი იყო. შესაბამისად, თემაც გამიმარტივდა. ჯერ უნდა დაგეწერა მოცემული მონაკვეთის შინაარსი, დასკვნა, შენი აზრი და ბოლოს პარალელი გაგევლო, არ იყო რთული”.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღევანდელი გამოცდა ზუსტად 18:00 საათზე დასრულდება. ცნობისთვის, ხვალ, 5 ივლისს, ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება, რომელიც ერთ სესიად ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური